№315აგ-13 4 ნოემბერი, 2013 წელი
მ-ი ა 315აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განაჩენით ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 67–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მარტის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით პირობითი მსჯავრი და ა. მ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 14 დეკემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მარტის განჩინებით ა. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ¼–ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით პირობითი მსჯავრის სახით დანიშნული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების მიხედვით, ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. მ-ა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ითხოვა მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. მ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ა. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. მ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი