Facebook Twitter

№317აგ-13 11 ნოემბერი, 2013 წელი

გ-ი გ, 317აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით – ჯარიმა 2000 ლარი, 177–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. რ-ს ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი, სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. ჩ-ს ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი, სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა –2000 ლარი, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი, სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები და სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 24 თებერვლიდან.

2013 წლის 5 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. გ-ა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, რის საფუძვლადაც მიუთითა საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 2013 წლის 17 აპრილის ცვლილება და ითხოვა მის მიმართ დადგენილი განაჩენის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. გ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მას შეფარდებული აქვს უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელები, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი