Facebook Twitter

საქმე №320აგ-13 22 ნოემბერი, 2013 წელი

ჯ-ა კ., 320აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხობის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ნოემბრის განაჩენით კ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის განაჩენით კ. ჯ-ას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის განაჩენით კ. ჯ-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 3 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 273-ე მუხლით კი – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 3 თებერვლიდან.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე კ. ჯ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა კ. ჯ-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ჯ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის ნაწილი – 5 თვე და კ. ჯ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 3 თებერვლიდან. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის განაჩენი და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული კ. ჯ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

მოცემულ შემთხვევაში, კ. ჯ-ას მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. ჯ-ას პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენი კ. ჯ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე