საქმე №322აგ-13 22 ნოემბერი, 2013 წელი
გ-ე გ., 322აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. გ-ეს საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 მაისის განაჩენით გ. გ-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განესაზღვრა 9 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით გ. გ-ეს მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 3 სექტემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: გ. გ-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განესაზღვრა 8 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, ხოლო 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით გ. გ-ეს მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 3 სექტემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.
2013 წლის 27 მაისს მსჯავრდებულმა გ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 1 წელი და 6 თვე, ხოლო 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 1 წელი, 1 თვე, 15 დღე და გ. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 3 სექტემბრიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენის გაუქმებას და შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.
მოცემულ შემთხვევაში, გ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. გ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენი გ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე