საქმე №326აგ-13 19 ნოემბერი, 2013 წელი
ყ-ა გ., 326აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ყ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის განაჩენით გ. ყ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 10 წლით, ხოლო 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. ყ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ოქტომბრიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ყ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 27 მაისს მსჯავრდებულმა გ. ყ-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ყ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. ყ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენის გაუქმებას, შუამდგომლობის დაკმაყოფილებას და სასჯელის შემსუბუქებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ყ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენი გ. ყ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე