საქმე №329აგ-13 28 ნოემბერი, 2013 წელი
პ-ი გ.-329აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. პ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
1. გ. პ-ს – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ლ“ პუნქტებით – 15 წლით, ხოლო 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით გ. პ-ს განესაზღვრა 25 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 28 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 1 მარტიდან;
2. ზ. მ-ს – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით, 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ლ“ პუნქტებით – 10 წლით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით, ხოლო 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ზ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 6 ივლისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით შეიცვალა: გ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია) მიესაჯა 10 წლით, 109-ე მუხლის „ვ“ პუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით – 15 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, ხოლო 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით გ. პ-ს განესაზღვრა 25 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 27 წლით, 1 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 1 მარტიდან; ზ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია) მიესაჯა 8 წლით, 109-ე მუხლის „ვ“ პუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით, ხოლო 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე ზ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 6 ივლისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენი შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. პ-სა და ზ. მ-ს გაუნახევრდათ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები; გ. პ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 24 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 26 წლით, 1 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, ზ. მ-ს კი – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ზ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 12 წელი, 6 თვე, 10 დღე და სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 26 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2005 წლის 15 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 აპრილის განაჩენით შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ზ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 6 ივლისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის განჩინებით ზ. მ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). მასვე სასჯელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული სასჯელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები, ხოლო სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ პუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 6 ივლისიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2005 წლის 15 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. პ-ს გაუნახევრდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ბოლო განაჩენის მიღების დღისათვის მას დარჩენილი ექნებოდა 7 თვე და 24 დღე; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 18 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 18 წლით, 7 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება ზ. მ-ის მიმართ.
მსჯავრდებულებმა – გ. პ-მა და ზ. მ-მა, ასევე – ზ. მ-ის ადვოკატმა ჯ. შ-ამ შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. პ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ ზ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ პუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა ნაკლებად მკაცრი: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 6 ივლისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრისა და 2013 წლის 20 მარტის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. პ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განაჩენის გაუქმებას და ახალი განაჩენით სასჯელის დადგენას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. პ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედებები ჩაიდინა 2006 წლის 18-19 აპრილს, ანუ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 მაისის განაჩენის გამოტანამდე. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ გ. პ-ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 მაისის განაჩენებით ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენისას იყო ნასამართლობის არმქონე.
ამდენად, გ. პ-ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ პუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 მაისის განაჩენებით დანარჩენი მუხლებით განსაზღვრული სასჯელები და საბოლოოდ გ. პ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს 2007 წლის 1 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2006 წლის 22 აპრილიდან 2007 წლის 1 მარტამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
გ. პ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ პუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 მაისის განაჩენებით დანარჩენი მუხლებით განსაზღვრული სასჯელები და საბოლოოდ გ. პ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2007 წლის 1 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2006 წლის 22 აპრილიდან - 2007 წლის 1 მარტამდე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე