საქმე №330აგ-13 19 ნოემბერი, 2013 წელი
ა-ე დ., 330აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განაჩენით დ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (15 ეპიზოდი) – 6-6 თვით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 3 თვით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 3 თვით, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით დ. ა-ეს განესაზღვრა 10 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 14 წლით, 11 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 სექტემბრიდან.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 14 წელი, 4 თვე, 21 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 19 წლით, 4 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 აპრილიდან.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. ა-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრისა და ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 აპრილიდან.
2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა დ. ა-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ა-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენი და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული დ. ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრას სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი დ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე