Facebook Twitter

საქმე №331აგ-13 19 ნოემბერი, 2013 წელი ც-ე შ., 331აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ც-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენით შ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით, 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ პუნქტებით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შეკრებით მას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 21 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა – 2007 წლის 6 აგვისტოდან 2007 წლის 21 დეკემბრამდე.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განაჩენით შეიცვალა: შ. ც-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ზ“ პუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე; მას სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ პუნქტითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან გათავისუფლდა სსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-6 ნაწილის საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ შ. ც-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ პუნქტითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 15 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 21 დეკემბრიდან.

აღნიშული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის განჩინებით შეიცვალა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ შ. ც-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 6 აგვისტოდან 2007 წლის 21 დეკემბრამდე; განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 20 ივნისს მსჯავრდებულმა შ. ც-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ც-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული შ. ც-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმებას, მის მიმართ დადგენილი განაჩენის ამჟამად მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული შ. ც-ე სასჯელს იხდის სსკ-ის მხოლოდ ერთი - 109-ე მუხლით, რის გამოც დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ შ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განჩინება შ. ც-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე