Facebook Twitter

საქმე №332აგ-13 27 ნოემბერი, 2013 წელი ო-ე ბ., 332აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ო-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით ბ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 5 წლით, ხოლო 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ო-ეს განესაზღვრა - 12 წლით, განაჩენთა ერთობლიობით კი – 11 წლით, 5 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა (სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვლილი პატიმრობაში ყოფნის დროის - 6 თვისა და 26 დღის გათვალისწინებით - 2010 წლის 22 სექტემბრიდან 2011 წლის 18 აპრილამდე), ხოლო 1 წელი, 1 თვე და 15 დღე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის, 1 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით. ბ. ო-ეს 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მას სასჯელის ათვლა დაეწყო - 2011 წლის 18 აპრილიდან.

ამავე განაჩენით რ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო - 2010 წლის 12 აგვისტოდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე რ. დ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ბ. ო-ე გათავისუფლდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 8 წლით, 6 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე რ. დ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ბ. ო-ისათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან ნაწილი – 1 წელი და 9 თვე, ხოლო 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან – 3 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო - 2010 წლის 12 აგვისტოდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენი, ასევე 2013 წლის 29 იანვრისა და 14 თებერვლის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ბ. ო-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განაჩენის გაუქმებას და საბოლოო სასჯელის განსაზღვრას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე, 186-ე და 143-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბ. ო-ე პირველად გაასამართლა თბილისის საქალაქო სასამართლომ 06.06.08 წელს, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილი აქვს 2007 წლის ივნისის თვეში. ამდენად, დანაშაულის ჩადენის დროს იგი არ იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის. შესაბამისად, ბოლო დანაშაულებთან მიმართებით (2011 წლის 18 აპრილის განაჩენი) სახეზე არ გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს“. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად: ,,ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ“.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ო-ეს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აპრილის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით საბოლოოდ დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ბ. ო-ეს უნდა განესაზღვროს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა ბ. ო-ის მიმართ დანიშნული სასჯელის ვადის ათვლის თარიღად 2010 წლის 12 აგვისტო. მას სასჯელის ვადა, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, უნდა აეთვალოს ბოლო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2011 წლის 18 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს ამ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო - 6 თვე და 26 დღე - 2010 წლის 22 სექტემბრიდან 2011 წლის 18 აპრილამდე. ამასთან, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ), ბ. ო-ეს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პირველი - 2010 წლის 24 მაისის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

ბ. ო-ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საბოლოოდ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას საქართველოს სსკ–ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სსკ–ის 186–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ბ. ო-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ო-ეს სასჯელის ვადა აეთვალოს ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2011 წლის 18 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს: პატიმრობაში ყოფნის დრო - 6 თვე და 26 დღე - 2010 წლის 22 სექტემბრიდან 2011 წლის 18 აპრილამდე და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 2010 წლის 24 მაისის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე