Facebook Twitter

საქმე №333აგ-13 22 ნოემბერი, 2013 წელი

ა-ა რ., 333აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით რ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 11 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 მარტის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა-ას საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 მარტის განაჩენით რ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რასაც მთლიანად დაემატა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 წელი, 4 დღე და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე რ. ა-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა მობილური ტელეფონი, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი.

რ. ა-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 7 მარტიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ა-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 9 წლითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 9 თვისა და 3 დღის ვადით; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ა-ას სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 3 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 7 მარტიდან. განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის - ქონების ჩამორთმევის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ა-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 13 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 9 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ა-ას სასჯელად განესაზღვრა 6 წლით, 9 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა. რომლის მოხდაც აეთვალა 2011 წლის 7 მარტიდან.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა რ. ა-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული რ. ა-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს მისთვის სასჯელის განსაზღვრას სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. ა-ას პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი რ. ა-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე