Facebook Twitter

საქმე №335აგ-13 22 ნოემბერი, 2013 წელი გ-ი შ., 335აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით შ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი – 2000 ლარი ჯარიმა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. შ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების 3 დღე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 2 წლითა და 3 თვით პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. შ. გ-ს რეალურად მოსახდელი სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 25 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების 3 დღე.

2013 წლის 21 ივნისს მსჯავრდებულმა შ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ შ. გ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი და 2013 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული შ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ. გ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ შ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენი შ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე