Facebook Twitter

საქმე №338აგ-13 22 ნოემბერი, 2013 წელი

ა-ი ი., 338აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 4 წლითა და 6 თვით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, ხოლო 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის გამოყენებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით ი. ა-ვს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 26 აგვისტოდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ი. ა-ი გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა ი. ა-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. ა-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ი. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის საბოლოო ზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.

სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. ა-მა წინა განაჩენით შერაცხული დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში, რის გამოც მისი დანაშაულებრივი ქმედება არ წარმოადგენს რეციდივს.

ამდენად, ი. ა-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განაჩენით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: სსკ-ის 178-ე მუხლით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას სხვა მუხლებით განსაზღვრული სასჯელები და ი. ა-ს საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს 2009 წლის 26 აგვისტოდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

ი. ა-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ი. ა-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ი. ა-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2009 წლის 26 აგვისტოდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე