საქმე №339აგ-13 19 ნოემბერი, 2013 წელი
ხ-ი გ., 339აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის განაჩენით გ. ხ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 13 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 თებერვლის განაჩენით გ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წელი, 3 თვე, 20 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 3 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 23 თებერვლიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის განაჩენით გ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 5 თვე, 20 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 11 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განაჩენით შეიცვალა: გ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 5 თვე, 20 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 5 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 4 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 დეკემბრიდან.
2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა გ. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ხ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განაჩენი და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. ხ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრას სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენი გ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე