საქმე №342აგ-13 22 ნოემბერი, 2013 წელი
ბ-ი ზ., 342აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ზ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ზ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) მიესაჯა 5-5 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ბ-ს განესაზღვრა 19 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 25 წლით, 3 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 ოქტომბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 15 მაისს მსჯავრდებულმა ზ. ბ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან – 2 წელი, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 3 თვე, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 1 წელი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 2 წელი და ზ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან – 2 წელი და 9 თვე და საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 17 ოქტომბრიდან; გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი და 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ზ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენის გაუქმებას და ახალი განაჩენით სასჯელის დადგენას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ. ბ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ბრალად შერაცხული ერთ-ერთი ქმედება - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (2007 წლის მაისის ეპიზოდი) ჩაიდინა 2007 წლის 26 მაისს, ანუ კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის განაჩენის გამოტანამდე. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ ზ. ბ-ი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა (2007 წლის მაისის ეპიზოდი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენი) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის განაჩენი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას იყო ნასამართლობის არმქონე. ამდენად, ამ ნაწილში ზ. ბ-ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის მაისის ეპიზოდი) განსაზღვრული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ზ. ბ-ს ამ ნაწილში სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს 2008 წლის 15 თებერვლიდან.
რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის თებერვლის ეპიზოდი), 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულ სასჯელებს, პალატა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, უფლებამოსილი იყო, ზ. ბ-ისთვის დანიშნული სასჯელები შეეკრიბა ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პალატა ასევე უფლებამოსილი იყო, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელისთვის ნაწილობრივ დაემატებინა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ ზ. ბ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის თებერვლის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 3 თვე, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 1 წელი, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 2 წელი და დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წელი და 9 თვე და საბოლოოდ ზ. ბ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა აეთვალოს 2008 წლის 17 ოქტომბრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის მაისის ეპიზოდი) განსაზღვრული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ზ. ბ-ს ამ ნაწილში სასჯელის სახით განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ბ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის თებერვლის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 3 თვე, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 1 წელი, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 2 წელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წელი და 9 თვე და საბოლოოდ ზ. ბ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2008 წლის 17 ოქტომბრიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე