საქმე №345აგ-13 29 ნოემბერი, 2013 წელი
ლ-ა ბ.- 345აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ლ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით ბ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 186–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორ ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ–ის 186–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სსკ–ის 63–ე მუხლის მიხედვით, 2 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; სსკ–ის 186–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სსკ–ის 63–ე მუხლის მიხედვით, 2 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ბ. ლ-ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სსკ–ის 63–ე მუხლის მიხედვით, 4 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
ბ. ლ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 24 აპრილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით, ბ. ლ-ას „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 186–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები (2 ეპიზოდი) და განესაზღვრა პირობითი მსჯავრი - 3 წელი, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
2013 წლის 22 მაისს მსჯავრდებულმა ბ. ლ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ბ. ლ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.
სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია კანონით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბ. ლ-ას ხონის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით მისჯილი ჰქონდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 11 მარტის განჩინებით ბ. ლ-ას დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და საპატიმრო ადგილიდან გათავისუფლდა - 2003 წლის 13 მარტს. აქედან გამომდინარე, მას საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნასამართლობის გაქარწლების ვადა - 6 წელი - აეთვალა სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან - 2003 წლის 13 მარტიდან და, შესაბამისად, ნასამართლობა გაუქარწყლდა 2009 წლის 13 მარტს, რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენისას - სსკ–ის 186–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ორ ეპიზოდი) - იყო ნასამართლობის არმქონე, რის გამოც მისი დანაშაულებრივი ქმედება არ წარმოადგენს რეციდივს.
ამდენად, ბ. ლ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ, რაც ჩათვლილი აქვს პირობით - უნდა შთანთქას სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე ჩათვლილი აქვს პირობით და საბოლოოდ ბ. ლ-ას უნდა განესაზღვროს პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 6 თვე, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
ბ. ლ-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ, რაც ჩათვლილი აქვს პირობით - შთანთქას სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე ჩათვლილი აქვს პირობით და საბოლოოდ ბ. ლ-ას განესაზღვროს პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 6 თვე, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე