საქმე №346აგ-13 22 ნოემბერი, 2013 წელი
შ-ე ზ., 346აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ზ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი – 4 წელი და სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ზ. შ-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 2 თვით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.
ზ. შ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 22 მაისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2008 წლის 21 ივლისიდან 2008 წლის 23 ივლისამდე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით ზ. შ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 3 წლით, 1 თვითა და 15 დღით; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. საბოლოოდ ზ. შ-ეს განესაზღვრა 6 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ზ. შ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 22 მაისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2008 წლის 21 ივლისიდან 2008 წლის 23 ივლისამდე.
უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით (რომელშიც აღმოიფხვრა უზუსტობა ამავე სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ: ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. შ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელს; მსჯავრდებულ ზ. შ-ეს ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელს, 1 თვესა და 15 დღეს. საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 3 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 9 თვე და 13 დღე და მსჯავრდებულ ზ. შ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით, 10 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 6 აგვისტოდან.
2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა ზ. შ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კერძოდ:
ზ. შ-ის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 3 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული მოუხდელი სასჯელიდან – 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – 1 წელი და 6 თვე და საბოლოოდ ზ. შ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 4 წლით, 7 თვითა და 15 დღით. მას სასჯელის ვადა აეთვალა 2010 წლის 22 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2008 წლის 21 ივლისიდან 2008 წლის 23 ივლისამდე. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს განაჩენი და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ზ. შ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქებას, კერძოდ: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის მთლიანად შთანთქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ზ. შ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. შ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი ზ. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე