საქმე №349აგ-13 19 ნოემბერი, 2013 წელი
ვ-ე ., 349აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის განაჩენით გ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 12 წლითა და 6 თვით, ხოლო 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. ვ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 13 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განაჩენით შეიცვალა: გ. ვ-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით, ხოლო 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით გ. ვ-ეს განესაზღვრა 13 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ვ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა გ. ვ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ვ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 7 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წელი და გ. ვ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 13 მაისიდან; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. ვ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის საბოლოო ზომის სწორად განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.
მოცემულ შემთხვევაში, გ. ვ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი მსჯავრდებულ გ. ვ-ისთვის მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენი გ. ვ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე