Facebook Twitter

საქმე №351აგ-13 27 ნოემბერი, 2013 წელი

პ-ა გ., 351აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. პ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 მაისის განაჩენით გ. პ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 4 ოქტომბრიდან.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. პ-ას გაუნახევრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, ხოლო წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 22 მაისს მსჯავრდებულმა გ. პ-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. პ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წელიდა გ. პ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 4 ოქტომბრიდან; წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 მაისის განაჩენი და 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. პ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენის გაუქმებას და დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, გ. პ-ას მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. პ-ას პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი გ. პ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე