Facebook Twitter

საქმე №354აგ-13 29 ნოემბერი, 2013 წელი

ც-ე რ., 354აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ც-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 სექტემბრის განაჩენით რ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, ხოლო 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 7 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 24 ივლისიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. ც-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლისა და 3 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 3 თვე – ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა რ. ც-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ რ. ც-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: რ. ც-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 9 თვე და რ. ც-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლისა და 9 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 სექტემბრის განაჩენი და 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული რ. ც-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

მოცემულ შემთხვევაში, რ. ც-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. ც-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი რ. ც-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე