Facebook Twitter

საქმე №355აგ-13 29 ნოემბერი, 2013 წელი

ხ-ი ი., 355აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის განაჩენით ი. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 16 წელი, 23 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით, 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 7 მაისიდან.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ი. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის განაჩენებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა ი. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა იმავე განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ამ განაჩენით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 4 წელი, 7 დღე და ი. ხ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 7 მაისიდან. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის განაჩენი და 2013 წლის 17 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ი. ხ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენის გაუქმებას და საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. სააპელაციო პალატის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა იმავე განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელისთვის სრულად დაემატებინა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი მისი კიდევ უფრო შემსუბუქება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი ი. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე