Facebook Twitter

საქმე №356აგ-13 29 ნოემბერი, 2013 წელი

კ-ი რ., 356აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის განაჩენით რ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 12 წლით, ხოლო 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით მას საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 29 აპრილიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: რ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. კ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები – შეუმცირდა ერთი მესამედით და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა რ. კ-მა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ რ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა ნაკლებად მკაცრი – სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელები და რ. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 29 აპრილიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენი და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული რ. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენის გაუქმებას და ახალი განაჩენით სასჯელის საბოლოო ზომად 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, იმ მოტივით რომ მას განაჩენით დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ ჰქონდა შეკრებილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ. კ-ის მიმართ სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენით რუსუდან კეღოშვილს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახით განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. პალატა ასევე მიუთითებს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. კ-ს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით. შესაბამისად, რ. კ-ს საბოლოო სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან 12 წლით თავისუფლების აღკვეთის ერთი მესამედით შემცირების შედეგად სწორედ აღნიშნული სასჯელის ზომა რჩება მოსახდელი.

რაც შეეხება რ. კ-ის მითითებას, რომ მის მიმართ სასჯელთა შთანთქმისას ნაწილობრივი შეკრების წესიც უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ეს მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საკასაციო პალატა მას ვერ გაიზიარებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ რ. კ-ს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე