საქმე №358აგ-13 29 ნოემბერი, 2013 წელი
ზ-ა გ., 358აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ზ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის განაჩენით გ. ზ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განაჩენით შეიცვალა: გ. ზ-ას საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 10 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 7 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული გ. ზ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 3 წლითა და 9 თვით პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
2013 წლის 27 მაისს მსჯავრდებულმა გ. ზ-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ზ-ას შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული გ. ზ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმებას და პირობითი სასჯელისა და გამოსაცდელი ვადის სწორად განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული გ. ზ-ა სასჯელს იხდის სსკ-ის მხოლოდ ერთი - 19,109-ე მუხლით, რის გამოც დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ზ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივნისის განჩინება გ. ზ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე