Facebook Twitter

საქმე №359აგ-13 19 ნოემბერი, 2013 წელი

ს-ა გ., 359აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის განაჩენით გ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 24-ე,341-ე მუხლით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 14 მარტიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ს-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 213 წლის 12 მარტის განჩინებით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინება შეიცვალა: გ. ს-ა გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 24-ე,341-ე მუხლითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 14 მარტიდან.

2013 წლის 16 მაისს მსჯავრდებულმა გ. ს-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ს-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 ივლისის განაჩენით სსკ-ის 24-ე,341-ე მუხლით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 6 თვე და გ. ს-ას საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 14 მარტიდან; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. ს-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენის გაუქმებას, საბოლოო სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, გ. ს-ას მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ს-ას პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენი გ. ს-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე