Facebook Twitter

¹ 3კ/1167-01 12 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ს.-ის” დირექტორმა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა შპს “ა.-ის” ფულადი სახსრებისა და შემდეგი ქონების დაყადაღება.

1. უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის შენობა-ნაგებობები, მიწა, ტექნოლოგიური ხაზები და სატრანსპორტო საშუალებები მდებარე ... ქ.თბილისი.

2. ნედლეული და ღვინო მასალა, მდებარე ... ქ. თბილისი.

3. ღვინო მასალა, მდებარე ქ. ამბროლაური, ქარხანა “...-ა”.

4. საბანკო ანგარიშები: ბანკი “ქ.” კოდი 220 101 081, ანგარიში ¹000 161 139 11, სავალუტო ანგარიში ¹000 731 81.

5. შპს “ა.-ის” 1% წილი შპს “...”-ში მდებარე ... ქ.თბილისი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიამ განცხადება მიიჩნია დაუსაბუთებლად და 2001 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა შპს “ს.-ის” განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

2001 წლის 1 ნოემბერს შპს “ს.-ის” დირექტორმა განმეორებით მიმართა სასამართლოს იმავე მოთხოვნით. თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა, რომ მხარეებს შორის 2001 წლის 26 იანვარს დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს “ა.-ი” კისრულობდა ვალდებულებას შპს “ს.-ისათვის” წარმოებული ერთობლივი საქმიანობის შედეგად გადაეხადა დივიდენდები 3.923.791 აშშ დოლარის ოდენობით. ანგარიშსწორება უნდა მოეხდინა ა/წ 1 სექტემბრამდე. დადგენილ ვადაში ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც სასამართლოში შეტანილი აქვს განცხადება გამარტივებული წესით მოვალისათვის 3.923.791 აშშ დოლარის გადახდევინების შესახებ. განმცხადებელი მიუთითებდა ასევე, რომ შპს “ა.-ის” უძრავი ქონება, რომელიც საწესდებო კაპიტალშია შეტანილი და შეფასებულია 126 000 ლარად, საკმაოდ მცირეა თავისი ღირებულებით მოთხოვნილ თანხასთან შედარებით. მოვალის მიერ ყოველდღიურად ხორციელდება კუთვნილი ნედლეულისა და ღვინო მასალის რეალიზაცია და შესაბამისად შეუძლებელია რეალიზებული ქონების შედეგად მიღებული თუ მისაღები თანხების კონტროლი. შეუძლებელია ასევე მოპასუხის ანგარიშებზე თანხების მოძრაობის გაკონტროლება. მოპასუხის მიერ შესაძლებელია შპს “...”-ში მისი 1% წილის გასხვისება.

აღნიშნული გარემოებების გამო განმცხადებელი თვლის, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები მიიჩნია ისეთ გარემოებებად, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და 2001 წლის 2 ნოემბერს განჩინებით შპს “ს.-ის” განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დააკმაყოფილა ნაწილობრივ; ყადაღა დაედო: 1. შპს “ა.-ის” უძრავ-მოძრავ ქონებას, მათ შორის შენობა-ნაგებობებს, მიწას, ტექნოლოგიურ ხაზებს და სატრანსპორტო საშუალებებს, მდებარე ... ქ.თბილისში.

2. შპს “ა.-ის” კუთვნილ ნედლეულსა და ღვინო-მასალას, მდებარე ... ქ.თბილისში.

3. შპს “ა.-ის” კუთვნილ ღვინო-მასალას, მდებარე ქ.ამბროლაური, ქარხანა ...-ა.

4. უარი ეთქვა შპს “ს.-ის” მოთხოვნას საბანკო ანგარიშებისა და შპს “ე.-ი”-ში შპს “ა.-ის” 1% წილის დაყადაღებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ იმავე დღეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის შესაბამისად გამარტოვებული წესით განიხილა შპს “ს.-ის” განცხადება მოვალე შპს “ა.-ის” მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ და გადახდის ბრძანებით მოვალეს დაეკისრა განმცხადებლის სასარგებლოდ 3.923.791 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ამავე კოლეგიის 2 ნოემბრის გადახდის ბრძანებასა და 2 ნოემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად გასწორდა დაშვებული უსწორობანი. კერძოდ, გადახდის ბრძანების და განჩინების ტექსტებში შპს “ა.-ი” შეიცვალა შპს “ღ.-ით”. აღნიშნული შესწორების გათვალისწინებით გაიცა სააღსრულებო ფურცლები.

შპს “ღ.-მ” კერძო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გამოტანილი 2001 წლის 2 ნოემბრის და 8 ნოემბრის განჩინებების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოს განჩინებები დაუსაბუთებელია, რადგან მათ საწარმოს აქვს დიდი ოდენობით შემოსავალი და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება არ გაძნელდება. ღვინომასალებსა და სხვა ქონებაზე ყადაღის დადებით მათ საწარმოს ადგება დიდი ზიანი. კერძოდ, სასამართლოს მიერ შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიწვევს საწარმოს გაჩერებას და მის გაკოტრებას. მოპასუხე ვერ გადაიხდის მუშა-მოსამსახურეთა ხელფასის დავალიანებებს, შეჩერდება პროდუქციის გაგზავნა და შემოსავლის მიღება. საზოგადოება თავისი საექსპორტო კონტრაგენტების წინაშე დაარღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და დაერიცხება საჯარიმო სანქციები. ილახება ასევე მისი, როგორც საიმედო პარტნიორის რეპუტაცია და ისინი დაკარგავენ გასაღების ბაზარს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიებით ზიანი ადგება ასევე სახელმწიფოს, რადგან კონტრაქტების შეუფერხებელი შესრულების შემთხვევაში მათი საზოგადოება სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველთვიურად ჩაურიცხავდა 140 000 აშშ დოლარს.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის შერჩეული ღონისძიებით მათ ადგებათ დიდი ზიანი, სასამართლოს მოსარჩელისაგან უნდა მოეთხოვა მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის გარანტია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შპს “ღ.-ის” კერძო საჩივარი დაუშვებლობის და დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებს ერთად გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ შპს “ღ.-ის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს პირს, რომელიც მიმართავს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის შემთხვევაში კანონი იცავს მოპასუხის ინტერესებსაც. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხეს არ უნდა მიადგეს ზიანი და თუ მიადგება, სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში იგი უნდა აუნაზღაურდეს.

საოლქო სასამართლომ განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოუყენებლობამ შესაძლოა გააძნელოს ან გაართულოს გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში შპს “ღ.-ისათვის” მოსალოდნელი ზიანი.

პალატას მიაჩნია, რომ საფუძველს მოკლებული არ არის კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებულმა უზრუნველყოფის ღონისძიებამ (ნედლეულისა და ღვინო მასალებზე ყადაღის დადებით) შესაძლოა შპს “ღ.-ს” მიაყენოს აუნაზღაურებელი ზიანი. დადგენილია, რომ შპს “ღ.-მ” გაასაჩივრა გადახდის ბრძანება და მოცემული საქმე განხილულ უნდა იქნეს სასარჩელო წესით. საქმის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მოპასუხე საწარმოს ნედლეულის და ღვინო მასალების დაყადაღებით, საწარმო ვერ მოახდენს მათ რეალიზაციას, რის გამოც არ ექნება შემოსავალი. შესაბამისად საწარმო ვერ გადაიხდის სახელფასო დავალიანებას და სხვა გადასახადებს. აღნიშნულმა გარემოებებმა კი შესაძლოა გამოიწვიოს წარმოების გაჩერება. გასათვალისწინებელია, ასევე, რომ შპს “ღ.-ს” დადებული აქვს ხელშეკრულებები სხვა საწარმოებთან და ვალდებულებების შეუსრულებლობით გაიზრდება მისი დავალიანებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიება უნდა შეარჩიოს, რომლითაც ზიანი არ მიადგება მოპასუხეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001 წლის 2 ნოემბრის განჩინება ქ.თბილისში და ქ.ამბროლაურში ქარხანა ...-ში მდებარე შპს “ღ.-ის” კუთვნილ ნედლეულზე და ღვინომასალაზე ყადაღის დადების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში შპს “ს.-ს” უარი უნდა ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, მათ შორის შენობა-ნაგებობებზე, მიწაზე, ტექნოლოგიურ ხაზებზე და სატრანსპორტო საშუალებებზე ყადაღის დადება შეწყვეტს საწარმოს ფუნქციონირებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადების მიზანია, რომ სარჩელის განხილვის პერიოდში არ გასხვისდეს და არ დაზიანდეს დავის საგანი, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მოპასუხეს ეკრძალება ამ ქონებით სარგებლობა. ამდენად, მოცემულ საქმეზე უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოპასუხის საწარმოს ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის და ამ ნაწილში კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ღ.-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

შპს “ღ.-ის” უძრავ-მოძრავ ქონებაზე, მათ შორის შენობა-ნაგებობებზე, მიწაზე, ტექნოლოგიურ ხაზებზე და სატრანსპორტო საშუალებებზე ყადაღის დადების ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 2 ნოემბრის განჩინება.

გაუქმდეს მითითებული განჩინება ქ. თბილისში ... და ქ. ამბროლაურში მდებარე ქარხანა “...-ში” შპს “ღ.-ის” კუთვნილ ნედლეულზე და ღვინომასალაზე ყადაღის დადების ნაწილში და ამ ნაწილში შპს “ს.-ს” უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე; შესაბამისად ამ ნაწილში 2001 წლის 8 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიება გაუქმდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.