Facebook Twitter

საქმე №362აგ-13 19 ნოემბერი, 2013 წელი

ი-ი ნ., 362აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენით ნ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 3 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2005 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ნ. ი-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 15 მაისს მსჯავრდებულმა ნ. ი-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 მაისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან – 1 წელი და ნ. ი-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 3 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2005 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენი და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ნ. ი-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენის გაუქმებას და ახალი განაჩენით სასჯელის დადგენას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, ნ. ი-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ი-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენი ნ. ი-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე