საქმე №365აგ-13 29 ნოემბერი, 2013 წელი
ზ-ი ტ., 365აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ტ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით – 16 წლით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, მას საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 6 აგვისტოდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 იანვრის განაჩენით შეიცვალა: ტ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის „ვ“, „ი“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 6 აგვისტოდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 3 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ტ. ზ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 16 მაისს მსჯავრდებულმა ტ. ზ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ტ. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „ი“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა ნაკლებად მკაცრი – სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ასევე ამნისტიით შემცირებული სასჯელი – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 იანვრის განაჩენი და თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ტ. ზ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენის გაუქმებას და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის საბოლოო ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. სააპელაციო პალატის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „ი“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა ნაკლებად მკაცრი – სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ასევე ამნისტიით შემცირებული სასჯელი – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან კანონიერი და დასაბუთებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ტ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენი ტ. ზ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე