Facebook Twitter

საქმე №366აგ-13 29 ნოემბერი, 2013 წელი

კ-ა ბ., 366აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის განაჩენით ბ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 108-ე მუხლით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 14 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბ. კ-ას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 28 მაისს მსჯავრდებულმა ბ. კ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. კ-ას შუამდგომლობა არ იქნა დაშვებული განსახილველად.

მსჯავრდებული ბ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ბ. კ-ა საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 108-ე მუხლით იხდის ერთ სასჯელს, რის გამოც დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განჩინება ბ. კ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე