Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-1410(4კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ჯ-ე (ზ. ჯ-ის უფლებამონაცვლე); მოპასუხეები - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი; მესამე პირები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ა(ა)იპ „...ი“).

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის (ზ. ჯ-ის უფლებამონაცვლე) სარჩელი მოპასუხეების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის (მესამე პირი - ა(ა)იპ „...ი“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ა) ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 28 მაისის №01-22/1995 მიმართვა - ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 552 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი ..., სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელზედაც განთავსებულია აწ გარდაცვლილ ზ. ჯ-ის მიერ აშენებული შენობა - ...ი; ბ) ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 3 ივნისის №... გადაწყვეტილება სოფელ ...ში მდებარე 553 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი ..., რეგისტრაციის შესახებ, 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელზედაც განთავსებულია აწ გარდაცვლილ ზ. ჯ-ის მიერ აშენებული შენობა - ...ი; გ) ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს 2012 წლის 4 სექტემბრის №02/452 ბრძანების „გ“ პუნქტი ბათუმში, ...ა ...ზე მდებარე 553 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი ..., თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საკუთრებად აღრიცხვის შესახებ, 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელზედაც განთავსებულია აწ გარდაცვლილ ზ. ჯ-ის მიერ აშენებული შენობა - ...ი; დ) ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ბათუმში, ...ა ...ზე მდებარე 553 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი ..., თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელზედაც განთავსებულია აწ გარდაცვლილ ზ. ჯ-ის მიერ აშენებული შენობა - ...ი;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრისა და 2023 წლის 18 იანვრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით კასატორს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელსაც გზავნილი ჩაბარდა 2022 წლის 30 დეკემბერს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინების ასლი კასატორს ჩაბარდა 2022 წლის 30 დეკემბერს, სასამართლოს მიერ დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა 2022 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო და 2023 წლის 9 იანვარს 24:00 საათზე ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე