საქმე №369აგ-13 22 ნოემბერი, 2013 წელი
გ-ი ა., 369აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 88-ე მუხლისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განაჩენით ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 4 თვე – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 4 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი და 4 თვე – ჩაეთვალა პირობით, 5 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 4 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 8 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 4 თვე – ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით. ა. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 აპრილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ა. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 6 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინებით შეიცვალა: მსჯავრდებული ა. გ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი ჩაეთვალა მოხდილად; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ა. გ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლისა და 9 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 3 თვე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის, 5 თვისა და 7 დღის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა ა. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. გ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ა. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი ა. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე