Facebook Twitter

საქმე №372აგ-13 22 ნოემბერი, 2013 წელი

გ-ე თ., 372აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენით თ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 9 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი; სსკ–ის 177–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ თ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 16 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 8000 ლარი.

თ. გ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2008 წლის 2 აგვისტოდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენი თ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. გ-ის დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ. გ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ–ის 177–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 9 ივლისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - და მოსახდელად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და თ. გ-ეს საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალა 2008 წლის 2 აგვისტოდან.

2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა თ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კერძოდ:

თ. გ-ის მიმართ სსკ–ის 177–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 6 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილს - 4 წელსა და 6 თვეს დაემატა სსკ–ის 177–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 6 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი – 4 წელი და 6 თვე და საბოლოოდ თ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადა აეთვალა 2008 წლის 2 აგვისტოდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული თ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

მოცემულ შემთხვევაში, თ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. გ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენი თ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე