გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1206-01 8 მაისი, 2002წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: საიჯარო თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 31 ივლისს შპს “.. ..-მ” სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს “ძ-ს” წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეზე 6.934,69 ლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000 წლის 15 იანვარს მოპასუხესთან დადო ხელშეკრულება არასაცხოვრებელი ფართის იჯარაზე, რომლის თანახმადაც “.. ..-მ” შპს “ძ-ს” ოფისისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საქმიანობისათვის გადასცა ქ. ბათუმში ... მდებარე მის კუთვნილ შენობაში 311 კვ.მ. ფართი, ხოლო მოცემული ფართის ქირა განისაზღვრა წელიწადში 5.287 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარებში და, ამასთან ერთად, დამატებითი ღირებულების გადასახადი 20%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1.057, 40 აშშ დოლარს.
მოსარჩელის განცხადებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მიუხედავად მოსარჩელის მრავალგზის წერილობითი გაფრთხილებისა არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა, რის შედეგადაც მოითხოვა საიჯარო თანხისა და მასზე დამატებული საურავის სულ 6.934,69 ლარის დაკისრება შპს “ძ-სთვის”. მოგვიანებით მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა 14.653,42 ლარის ანაზღაურება.
“.. ..-ს” წინააღმდეგ შეგებებული სარჩელი აღძრა შპს “ძ-მ” ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა თავდაპირველ მოსარჩელეზე 408.626 ლარის დაკისრება.
შეგებებულ სარჩელში შპს “ძ-ს” დირექტორმა ტ. ც-ძემ მიუთითა, რომ 2000 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებით შპს “ი-მა” შპს “ძ-ს” დაუთმო მისი კუთვნილი მოთხოვნის უფლება “.. ..-ს მიმართ” 221.000 ლარზე, საიდანაც 21.000 ლარის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 1997 წლის 1 იანვარს, ხოლო 200.000 ლარის მოთხოვნის უფლება კი 1998 წლის 1 იანვარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს “ძ-ს” დირექტორმა ტ. ც-ძემ მოითხოვა “.. ..-ზე” ძირითადი თანხის 221.000 ლარის და მასზე დარიცხული პრცენტის 187.626 ლარის, სულ 408.626 ლარის დაკისრება შპს “ძ-ს” სასარგებლოდ. მოგვიანებით შპს “ძ-ს” წარმომადგენელმა ო. ბ-ძემ დააზუსტა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა “.. ..-ზე” 453.236 ლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა “.. ..-ს” მოთხოვნა და მის სასარგებლოდ შპს “ძ-ს” დაეკისრა 14.653 ლარის გადახდა. Aამავე გადაწყვეტილებით ასევე დაკმაყოფილდა შპს “ძ-ს” შეგებებული სარჩელი და “.. ..-ს” მის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 453.236,31 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა “.. ..-ს” წარმომადგენელმა მ. ა-ძემ და მოითხოვა შპს “ძ-ს” შეგებებული სარჩელის მიმართ საქმის წარმოების შეჩერება ან შეწყვეტა, რის საფუძვლადაც მან მიუთითა, რომ შპს “.. ..-ში” გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით კვლავაც მიმდინარეობს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის თანახმად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ადმინისტრაციული წესით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “.. ..-ს” წარმომადგენლის მ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი და საქმის წარმოება მოცემულ საქმეზე შეჩერებული იქნა გენერალურ პროკურატურაში შპს “.. ..-ში” გამოვლენილ ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე, იმ საფუძვლით, რომ შპს “.. ..-ში” აღმოჩენილ სამართალდარღვევებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სასამართლომ მიუთითა საქართველოს გენერალური პროკურატურის და აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ გაცემულ ცნობებზე, რომლებითაც ირკვევა, რომ საზღვაო სანაოსნოში ადგილი აქვს დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვისა და მითვისების ფაქტებს, სადაც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად ფიგურირებენ შპს “ი.” და შპს “ძ.”, რომელთა ურთიერთობა “.. ..-სთან” წარმოადგენს გამოძიების საგანს.
პალატამ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ძ-ს” დირექტორმა ტ. ც-ძემ და მოითხოვა 2001 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად იმსჯელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტზე, ვინაიდან .. ..-ს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არავითარ კავშირში არა იყო შპს “ძ-სა” და შპს .. ..-ს” შორის არსებულ დავასთან, თუ არ ჩაითვლებოდა გენერალური პროკურატურიდან გამოგზავნილი წერილი, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის აზრით გაურკვეველი იყო, თუ რა სახის დოკუმენტაციას წარმოადგენდა და რის გათვალისწინებას ითხოვდა პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოსგან.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 24 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ტ. ც-ძის კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, რომლითაც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლომ საქმის წარმოების შეჩერებისას უნდა დაასაბუთოს, რომ შეუძლებელია ამ საქმის განხილვა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში განჩინება დაუსაბუთებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. მოცემულ შემითხვევაში სასამართლომ ისე შეაჩერა სამოქალაქო საქმის განხილვა, რომ არ დაასაბუთა, თუ რატომ არის შეუძლებელი აღნიშნული საქმის განხილვა სხვა (სისხლის სამართლის) საქმის გადაწყვეტამდე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ცნობები, რომლებითაც ირკვევა, რომ შპს “.. ..-ში” არსებულ სამართალდარღვევებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს. მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობა. სისხლის სამართლის საქმე კი აღძრულია საზღვაო სანაოსნოში თანხების არამიზნობრივი ხარჯვისა და მითვისების ფაქტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სამოქალაქო დავის განხილვა შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან სასამართლომ უნდა გაარკვიოს და გადაწყვიტოს სასარცელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებლობა, რასთანაც კავშირში არ არის შპს-ში არსებული სამართალდარღვევების არსებობა, ან არარსებობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ აპელანტს უნდა დააზუსტებინოს სააპელაციო საჩივრის განაცხადი და შეამოწმოს საჩივრის საფუძვლიანობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ძ-ს” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.