საქმე №374აგ-13 18 ნოემბერი, 2013 წელი მ-ი ჯ., 374აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივნისის განაჩენით ჯ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ. ს-ის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა – 8 წლითა და 3 თვით; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. შ-ის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა – 8 წლითა და 3 თვით; სსკ–ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ჯ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 18 წლით, რომლის მოხდაც აეთვალა 2009 წლის 24 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ. მ-ის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ჯ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ. ს-ის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა – 8 წლითა და 3 თვით; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეიუნქტით (დაზარალებულ ა. შ-ის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 3 თვით; სსკ–ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ჯ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 18 წლით, რომლის მოხდაც აეთვალა 2009 წლის 24 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ჯ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუცმირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 13 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდაც აეთვალა 2009 წლის 24 მარტიდან.
2013 წლის 14 მაისს მსჯავრდებულმა ჯ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ. ს-ის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან – 6 წლით, 2 თვით, 7 დღითა და 12 საათით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას, დაემატა საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. შ-ის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან – 6 წლით, 2 თვით, 7 დღითა და 12 საათით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან – 1 წლის, 1 თვისა 15 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ჯ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალა 2009 წლის 24 მარტიდან.
მსჯავრდებული ჯ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განაჩენის გაუქმებას და ახალი განაჩენით სასჯელის დადგენას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.
მოცემულ შემთხვევაში, ჯ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჯ. მ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენი ჯ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე