Facebook Twitter

საქმე #ბ-838-3(ა-22) 13 ივლისი, 2022 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარს სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2022წ. №ბს-104 (2კ-22) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი/მ რ. ლ-ემ 10.08.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს 13.07.2018წ. გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 02.04.2018წ. N7400 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 27.02.2018წ. N177013 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2019წ. გადაწყვეტილებით ი/მ რ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს 13.07.2018წ. გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 02.04.2018წ. N7400 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 27.02.2018წ. N177013 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2020წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2019წ. გადაწყვეტილება ი/მ რ. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

უზენაესი სასამართლოს 04.02.2022წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო უზენაესი სასამართლოს 04.02.2022წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, იმ საფუძვლით, რომ ვერ ირკვეოდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სსკ-ის 397.1 მუხლით დადგენილი, საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დაცვის საკითხი.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2022წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2020წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ უზენაესი სასამართლოს 04.02.2022წ. განჩინებით დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 24.05.2022წ. განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2022წ. გაჩინების გაუქმება.

განცხადების ავტორმა აღნიშნა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.02.2022წ. განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურის კანცელარიას 21.02.2022წ. ჩაბარდა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო საჩივრის საფოსტო დაწესებულებისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება 22.02.2022წ. N21-04/15991 წერილით გაუგზავნა უზენაეს სასამართლოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კომუნიკატორის სერვისის მეშვეობით, ზემოაღნიშნული წერილი რეგისტრაციისთანავე, 22.02.2022წ. 11:31 საათზე გაეგზავნა უზენაეს სასამართლოს, გზავნილს მინიჭებული აქვს სტატუსი „მიწოდებული“.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური 2021 წლიდან დღემდე იყენებს DES-ის ელექტრონულ პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციებს შორის დოკუმენტებისა და კორესპონდენციის ელექტრონული გზით მიმოცვლას და რომლის ადმინისტრირება-მართვასაც ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანცელარია დოკუმენტების მისაღებად იყენებდა ამავე პროგრამას 2021 წლის განმავლობაში. განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბიზნეს ანალიტიკოსის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოს შეუწყდა ხელშეკრულება და ასევე წვდომა დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაზე, თუმცა დაადასტურა, რომ ორგანიზაციების ჩამონათვალში იძებნებოდა უზენაესი სასამართლო ხელშეკრულების შემწყვეტის შემდეგაც. განცხადების ავტორი მიუთითებს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ვერ იქნებოდა ცნობილი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რადგან აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მისთვის არცერთ კომპეტენტურ ორგანიზაციას არ მიუწოდებია. ამდენად, ორგანიზაციების ჩამონათვალში საქართველოს უზენაესი სასამართლოს აქტიური სტატუსი მიიჩნეოდა სარწმუნოდ, ხდებოდა სერვისით სარგებლობა და მასთან კორესპონდენციის ელექტრონული გზით გაგზავნა.

განმცხადებელი სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, ასევე 423.3 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ იყო და ვერ იქნებოდა ცნობილი იმ გარემოების შესახებ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო აღარ იყენებდა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კომუნიკატორის სერვისს და რომ მას ამ გზით გაგზავნილი დოკუმენტი რეალურად არ მისვლია. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მითითებულ პერიოდში ორგანიზაციათა ჩამონათვალში უფიქსირდებოდა „აქტიური“ სტატუსი, ხოლო გაგზავნილი კორესპონდენცია ირიცხებოდა, როგორც „მიწოდებული“. აღნიშნულიდან გამომდინარე განცხადების ავტორი ითხოვს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.04.2022წ. განჩინების გაუქმებას, საქმის წარმოების განახლებას და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებულად ჩათვლას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადების სამართლებრივ საფუძვლებს, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

უზენაესი სასამართლოს 04.02.2022წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, იმ საფუძვლით, რომ ვერ ირკვეოდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სსკ-ის 397.1 მუხლით დადგენილი, საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დაცვის საკითხი. აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმეში მითითებულ მისამართზე და 21.02.2022წ. ჩაბარდა ადრესატს. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2022წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2020წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ უზენაესი სასამართლოს 04.02.2022წ. განჩინებით დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებას თან ერთვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის ამონაბეჭდი, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის უფროსის 27.04.2022წ. N39718-21-02 სამსახურებრივი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველო უზენაესი სასამართლოს 04.02.2022წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის საფოსტო დაწესებულებაში ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს უზენეს სასამართლოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კომუნიკატორის სერვისის მეშვეობით 22.02.2022წ. 11:31 სთ-ზე გაეგზავნა და გზავნილს მინიჭებული აქვს სტატუსი „მიწოდებული“.

სსიპ შემოსავლების სამსახური აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, რომელიც 2021 წლიდან დოკუმენტების მისაღებად იყენებდა ზემოაღნიშნულ DES-ის ელექტრონულ პროგრამას, მითითებულ პერიოდში ორგანიზაციათა ჩამონათვალში ჰქონდა „აქტიური“ სტატუსი და მისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია ირიცხებოდა როგორც „მიწოდებული“, შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შეუწყდა ხელშეკრულება და წვდომა დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაზე. ზემოაღნიშნული გარემოების დასაზუსტებლად უზენაესი სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომელმაც 20.06.2022წ. წერილით დაადასტურა ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო ავტორიზაციის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, კვლავ რჩებოდა აქტიურ მომხმარებლად და ტექნიკურად შესაძლებელი იყო მისთვის კორესპონდენციის გაგზავნა. აღნიშნული ტექნიკური შეფერხება 16.05.2022წ. აღმოიფხვრა. ამავე წერილში სსიპ სააჯრო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის სხვა მომხმარებლებისთვის(სხვა გამომგზავნისთვის) არ იყო ცნობილი/განჭვრეტადი საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის სტატუსის შეწყვეტისა და მისთვის ელექტრონულად გაგზავნილი კორესპონდენციის გადანაწილების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია. მართალია, უზენაეს სასამართლოს რეალურად არ მიუღია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ელექტრონულად გამოგზავნილი დოკუმენტაცია, რაც გახდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, თუმცა დასტურდება რომ აღნიშნული განპირობებული იყო დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამის ტექნიკური ხარვეზით, შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოგზავნილი კორესპონდენცია უნდა ჩაითვალოს 04.02.2022წ. განჩინებით განსაზღვრულ ხარვეზის შევსების 05 დღიან ვადაში წარმოდგენილად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას (განჩინებას) სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის გაცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.04.2022წ. განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქარელოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2022წ. №ბს-104(2კ-22) განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს წარმოება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი