საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-104(2კ-22) 07 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2020წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2020წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2019წ. გადაწყვეტილება ი/მ რ. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
უზენაესი სასამართლოს 04.02.2022წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, იმ საფუძვლით, რომ ვერ ირკვეოდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სსკ-ის 397.1 მუხლით დადგენილი, საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დაცვის საკითხი. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2020წ. განჩინება კასატორს 23.12.2021წ. ჩაბარდა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში 14.01.2022წ. წარადგინა, რასაც ადასტურებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანცელარიის მიერ საკასაციო საჩივარზე დასმული შტამპი. ამავე დროს, საკასაციო საჩივარს თან ერთვის კონვერტი, რომელზეც არ ფიქსირდება ფოსტის სამსახურისთვის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე რეკვიზიტი. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის ფოსტის სამსახურისთვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2022წ. განჩინების ასლი გაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმეში მითითებულ მისამართზე და 21.02.2022წ. ჩაბარდა ადრესატს. ამდენად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 05 დღიანი ვადა 28.02.2022წ. (შაბათ-კვირის გათვალისწინებით) 24 საათზე (ორშაბათი) ამოიწურა. დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსკ-ის 61.2 მუხლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2020წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი