Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1053(2კ-19) 21 ოქტომბერი, 2019 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. ბ-ი, მ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - თ. ბ-ი, დ. ბ-ი, ქ. ლ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-მა და მ. ბ-მა 2017 წლის 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის № ... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებაში ტექნიკური ხარვეზის შესწორების თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 იანვრის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელეებმა, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზნით მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისების ან უფლებრივად დატვირთის აკრძალვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის განჩინებით ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების, იჯარის, ქვეიჯარის, თხოვების, ლიზინგის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღა, აკრძალვა, იპოთეკა), უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის და სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვის უზუფრუქტი, სერვიტუტი) რეგისტრაციის განხორციელება მოცემულ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე=16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ჩაბმულ იქნენ თ. ბ-ი, დ. ბ-ი, ქ. ლ-ე.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. და მ. ბ-ების სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 19 ნოემბრის №... (მ. ბ-ის სახელზე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ) და 2016 წლის 10 მარტის №... (მ. ბ-ის სახელზე სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების ნაწილში; ნ. და მ. ბ-ების სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის - 2015 წლის 30 სექტემბრის №... (ნ. ბ-ის სახელზე უძრავი ქონების №... საკადასტრო კოდით აღრიცხვის შესახებ) და 2015 წლის 13 ნოემბრის №... (ნ. ბ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რიცხული უძრავი ქონების ორ ნაკვეთად №... და №... საკადასტრო კოდებით

რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ნ. და მ. ბ-ების სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის № ... გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი; ნ. და მ. ბ-ების სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ნ. და მ. ბ-ების საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს - დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. ხარვეზის შესახებ განჩინება 2019 წლის 26 სექტემბერს ჩაიბარა კასატორების ოჯახის წევრმა კასატორებისათვის გადასაცემად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2019 წლის 27 სექტემბრიდან დაიწყო და 2019 წლის 3 ოქტომბერს (ხუთშაბათს) ამოიწურა. კასატორებმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნ. და მ. ბ-ების საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 70-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. და მ. ბ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი