საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-38(კს-24) 10 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - რ. დ-ე, მ. დ-ე
განმცხადებელი (მესამე პირი) - რ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი/მოსარჩელე) - ნ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მესამე პირები/აპელანტები) - მ. დ-ე, ლ. დ-ე, ი. დ-ე, თ. დ-ე, ვ. დ-ე
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირები - მ. დ-ე, ლ. დ-ე, ი. დ-ე, თ. დ-ე, ვ. დ-ე
მესამე პირები (ასკ-ის 16.2) - რ. დ-ე, დ. დ-ე, ნ. მ-ე კანონიერი წარმომადგენლები - რ. დ-ე, ნ. მ-ე
მესამე პირი (ასკ-ის16.1) - მ. დ-ე
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 27 დეკემბერს ნ. დ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 ივნისის №... და 2018 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №11-03/351 განკარგულების, ამავე კომისიის №11-04/251 საკუთრების უფლების მოწმობის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის 11.05.2018 წლის №101 ბრძანების და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების (№... და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებზე ზედდების ნაწილში) ბათილად ცნობა, კერძოდ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დადგენილი ზედდების - 1123 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში, ხოლო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დადგენილი ზედდების - 1378 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. დ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. დ-ეის, მ. დ-ეის, ლ. დ-ეის, ი. დ-ეის, თ. დ-ეის და ვ. დ-ეის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აპელანტების - ნ. დ-ეის, მ. დ-ეის, ლ. დ-ეის, ი. დ-ეის, თ. დ-ეისა და ვ. დ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. დ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 ივნისის №... გადაწყვეტილება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რ. დ-ეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ, კერძოდ ნ. დ-ეის მიერ 2018 წლის 12 ნოემბრის თარიღით წარდგენილ №... განცხადებაზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დადგენილი ზედდების - 1378 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რ. დ-ეზე, დ. დ-ესა და ნ. მ-ეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ, კერძოდ ნ. დ-ეის მიერ 2018 წლის 12 ნოემბრის თარიღით წარდგენილ №... განცხადებაზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დადგენილი ზედდების - 1378 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 ივლისის №... გადაწყვეტილება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რ. დ-ეზე, დ. დ-ესა და ნ. მ-ეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ, კერძოდ, ნ. დ-ეის მიერ 2018 წლის 12 ნოემბრის თარიღით წარდგენილ №... განცხადებაზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დადგენილი ზედდების - 1123 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 11 ივნისის №11-03/351 განკარგულება და ამავე კომისიის მიერ გაცემული №11-04/251 საკუთრების უფლების მოწმობა რ. დ-ეის, ნ. მ-ეისა და დ. დ-ეის საკუთრების აღიარებისა და მიწის ნაკვეთის რ. დ-ეის, ნ. მ-ეისა და დ. დ-ეის თანასაკუთრებაში გადაცემის შესახებ, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2494.0 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან ნ. დ-ეის მიერ 2018 წლის 12 ნოემბრის თარიღით წარდგენილ №... განცხადებაზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დადგენილი ზედდების - 1123 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 მაისის №101 ბრძანება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგვმით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ, კერძოდ ნ. დ-ეის მიერ 2018 წლის 12 ნოემბრის თარიღით წარდგენილ №... განცხადებაზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დადგენილი ზედდების - 1378 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში (№... და № ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებზე მ. დ-ეის მიერ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა) ნ. დ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
2023 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა რ. დ-ეის და მ. დ-ეის წარმომადგენელმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო N3ბ/366-2020 ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მ. დ-ეის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე) თაობაზე, დაუშვებლობის მოტივით დარჩა განუხილველი. ამავე სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით რ. დ-ეის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის წარმოების განახლების საკითხის განხილვა დადგინდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით რ. დ-ეის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე) თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 422-ე, 423-ე, 425-ე მუხლები და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლის არსებობის პირობებშიც კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით გადაწყვეტილების საფუძველი გახდა არა მხოლოდ აპელანტ ნ. დ-ეის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (საარქივო ცნობები), არამედ თვით რ. დ-ეის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (საარქივო ცნობები) და განმარტებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ საქმეში წარდგენილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არაერთი მტკიცებულება, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ ნ. დ-ეის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ მიიჩნია საფუძვლიანად, რაც ასევე კანონიერად იქნა მიჩნეული საკასაციო სასამართლოს მიერ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი ითხოვს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე არ დაფიქსირებულა, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ქობულეთის არქივიდან ყველა იმ წიგნის თუ ჩანაწერის გამოთხოვას, რომლებიც შეეხება მე. (შემდგომში ნ.) დ-ეის და ა. (შემდგომში რ.) დ-ეის კომლს და მათზე რიცხულ ქონებებს, ასევე საკომლო წიგნების ალფაბეტურ საძიებელს. მითითება მასზე, რომ საარქივო ცნობა გაცემულია 2023 წელს, სასამართლოს მსჯელობით არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ განმცხადებელს, როგორც მოპასუხის უფლებით აღჭურვილ პირს ადრეც შეეძლო მიემართა უფლებამოსილი ორგანოსათვის და მოეთხოვა აღნიშნული მტკიცებულების გაცემა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, საქმის მასალებით დასტურდება განმცხადებლის ბრალეულობა სასამართლოში საქმის განხილვისას მის მიერ ამჟამად წარმოდგენილი მტკიცებულების წარუდგენლობაში, რასაც არ გამორიცხავს და არ აქარწყლებს განმცხადებლის წარმომადგენლის მიერ, განცხადებაში დაფიქსირებული ის პოზიცია, რომ რ. დ-ე სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოკლებული იყო კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას.
რაც შეეხება მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად განმცხადებლის მიერ წარდგენილ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიულ ორგანოს ქობულეთის არქივის მიერ, 2023 წლის 06 ოქტომბრით დათარიღებულ №AA2023015772-05 საარქივო ცნობას, რომელიც განმცხადებელ რ. დ-ეის მიერ საძიებელ პერიოდად 1961-1970 წლების საკარმიდამო წიგნების ჩანაწერებზე უთითებს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, მასში გადმოცემული ინფორმაცია არსებითი დავის საგნის გათვალისწინებით არ წარმოადგენს განმცხადებლის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველს, ვინაიდან ის აქცენტები, რაც აღნიშნული მტკიცებულების შეფასებისას განმცხადებლის მიერ კეთდება საცხოვრებელ სახლთან მიმართებაში, სასამართლოს მსჯელობით, წარმოადგენს მხარეთა შორის სამოქალაქო სარჩელის განხილვის ფარგლებში არსებითად განსახილველ საკითხთა კატეგორიას.
სასამართლომ ყურადსაღებად მიიჩნია ის გარემოება, რომ განსახილველი განცხადება თავისი შინაარსით მნიშვნელოვანწილად წარმოადგენს არა ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე მითითებას, არამედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ თვალსაზრისსა და ასეთზე უარყოფით შეფასებას, ხოლო მასში გადმოცემული ნაწილი ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს მხარეთა შორის სამოქალაქო სარჩელის განხილვის ფარგლებში არსებითად განსახილველ საკითხთა კატეგორიას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა რ. დ-ეის და მ. დ-ეის წარმომადგენლის მიერ.
წარმომადგენელი ქრონოლოგიურად მიუთითებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე საპროცესო დოკუმენტებზე და მიიჩნევს, რომ დავის განხილვის პროცესში თავად ადმინისტრაციული ორგანოები იყვნენ უფლებამოსილი და ვალდებულიც გამოეკვლიათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სასამართლოსათვის მიეწოდებინათ საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მოპოვებული მტკიცებულებები. მისივე მსჯელობით, ადმინისტრაციული ორგანო, განსაკუთრებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ვალდებული იყო მიემართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ქობულეთის არქივისათვის გამოეთხოვა და მიეღოთ სრულყოფილი ინფორმაცია არა მარტო მე. დ-ეის (შემდგომში - ნ. დ-ეის) კომლის შემადგენლობისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ, არამედ ა. დ-ეის (შემდგომში რ. დ-ეის) კომლის შემადგენლობისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ.
წარმომადგენლის მსჯელობით, რ. და მ. დ-ეები საქმეში არიან არა მოპასუხეები, არამედ მესამე პირები, რომლებსაც სრული ნდობა ჰქონდათ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამომცემი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, რომ სასამართლოში სათანადოდ დაიცავდნენ ადმინისტრაციული აქტების მართლზომიერებას. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში როგორც სააპელაციო სასამართლომ, ისე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიყენა მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების მტკიცებითი სტანდარტი - შეჯიბრებითობის პრინციპი და არ გამოიყენა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მტკიცებითი სტანდარტი - ინკვიზიციურობის პრინციპი, რაც ადმინისტრაციული დავის განმხილველ სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი ინფორმაცია და მტკიცებულებები.
წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მის მიერ ყურადღებაგამახვილებული დოკუმენტების სასამართლოში დროულად წარდგენის პირობებში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს, რომ ძალაში დარჩებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. მისივე მსჯელობით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი და ასევე არასწორი შეფასება მისცა საქმის იმ გარემოებებს, რომლებიც ამავე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით გამორიცხავდა განმცხადებლის - რ. დ-ეის ბრალეულობას საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მტკიცებულებების წარუდგენლობაში, კერძოდ იმ მტკიცებულებების, რომლებიც საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადებას დაერთო. ასევე მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსი გამომდინარე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსიდან, რომელიც მტკიცების ტვირთს სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციულ სარჩელებზე სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს და არა მესამე პირის სტატუსით ჩაბმულ პირს. მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსთან დაკავშირებით არასწორია. მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძველი არსებობს არა მარტო მაშინ, როცა გარემოებაა ახლად აღმოჩენილი, არამედ მაშინაც, როდესაც მტკიცებულება არის ახლად აღმოჩენილი და იგი მხარისათვის ცნობილი არ იყო გადაწყვეტილების გამოტანამდე და თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა და მიეთითებინა აღნიშნულ მტკიცებულებაზე. წარმომადგენლის განმარტებით, ორივე ნორმის შინაარსიდან ცალსახად ირკვევა, რომ საქმის განახლების საფუძველი შეიძლება იყოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც მხარისათვის არც ხელმისაწვდომი იყო და არც ცნობილი საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე და საქმეში არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობით, შეუძლებელია მხარეს (მესამე პირს) იმ მტკიცებულების დროულ წარუდგენლობაში დაედოს ბრალი, რომელიც მანამდე არ არსებობდა ბუნებაში საარქივო ცნობების სახით, რომლებიც 2023 წლის სექტემბერ - ოქტომბრის თვეში გაიცა და შესაბამისად ვერც მხარეს (მესამე პირს) ექნებოდა. მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, რ. და მ. დ-ეებს, როგორც მესამე პირებს ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელზე არ შეიძლება მოეთხოვოთ სარჩელის გამაქარწყლებელი მტკიცებულებების წარდგენა, ხოლო მათი წარუდგენლობის შემთხვევაში, არ შეიძლება მათ ბრალი დაედოთ თუნდაც საპროცესო სამართლებრივ გაუფრთხილებლობაში. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ცალსახად არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც თავის დროზე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმეზე გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. დ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ. დ-ეის კერძო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სადაც კანონმდებელმა განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავი LII კანონით დადგენილი განსაკუთრებული პირობების არსებობის შემთხვევაში ადგენს არსებითად განხილული და გადაწყვეტილი დავების კანონიერების გადამოწმების შესაძლებლობებს. ასეთი საპროცესო უფლების რეალიზაციისთვის დადგენილია განცხადების განხილვის სპეციალური წესები. აღნიშნული წესების დაჯგუფება ხდება განცხადებაზე სამართალწარმოების განხორციელების ორეტაპიანი სტადიით, კერძოდ, ასეთ სტადიებს წარმოადგენს - განცხადების წარმოებაში მიღების საპროცესო მოვლენა, იგივე განცხადების დასაშვებობა და განცხადების მოთხოვნის საფუძვლიანობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მითითებული საკანონმდებლო ჩანაწერის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძველი კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას, კერძოდ, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და ასევე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამდენად, მართებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.
საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ საქმეში წარდგენილ არსებითი მნიშვნელობის მქონე არაერთ მტკიცებულებაზე და განმარტა, რომ მხარეთა პოზიციების მოსმენისა და თითოეული მტკიცებულების შეფასების შემდგომ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტ (მოსარჩელე) ნ. დ-ეის მოთხოვნა საფუძვლიანად იქნა მიჩნეული, რაც ასევე კანონიერად იქნა მიჩნეული საკასაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ განცხადებაზე (ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო) მსჯელობის ფარგლებში მართებულად განმარტა შემდეგი: მითითება მასზე, რომ საარქივო ცნობა გაცემულია 2023 წელს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, განმცხადებელს, როგორც მოპასუხის უფლებით აღჭურვილ პირს ადრეც შეეძლო მიემართა უფლებამოსილი ორგანოსათვის და მოეთხოვა აღნიშნული მტკიცებულების გაცემა. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ განცხადების ავტორს შეეძლო შესაბამისი ორგანოდან საქმის არსებითად განხილვის დროს მიეღო მტკიცებულება. საქმის განხილვის ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტის მიღების შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი კი არ გამორიცხავს სასამართლო წარმოების დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობის საწყისებს, შესაბამისად, მხარე არ იყო გათავისუფლებული იმ გარემოებების დამტკიცებისაგან, რომელზედაც ამყარებდა თავის შესაგებელს.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ ყურადღებაგამახვილებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიულ ორგანოს ქობულეთის არქივის მიერ, 2023 წლის 06 ოქტომბრით დათარიღებულ №AA2023015772-05 საარქივო ცნობას, რომელიც განმცხადებელ რ. დ-ეის მიერ საძიებელ პერიოდად 1961 - 1970 წლების საკარმიდამო წიგნების ჩანაწერებზე უთითებს, აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მასში გადმოცემული ინფორმაცია არსებითი დავის საგნის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველს.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ გადაწყვეტილება წარმოადგენს მართლმსაჯულების აქტს, რომელიც ორიენტირებულია მოდავე მხარის უფლების რეალიზებაზე და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიმართულია აღსრულებისკენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოცემული თავი, რომელიც განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) საქმის წარმოების განახლებას, წარმოადგენს არა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ საქმის განხილვის მორიგ ეტაპს, არამედ დასრულებული საქმის წარმოების საგამონაკლისო სახეს, რომელიც დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში, გასაზიარებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ის განმარტება, რომ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სამართალწარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები. განცხადება თავისი შინაარსით ფაქტობრივად წარმოადგენს არა ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე მითითებას, არამედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ მოსაზრებებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. დ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინება. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველ ნაწილზე და შედეგის გათვალისწინებით მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე საქმე Nბს-546(კს-ს-21).
რაც შეეხება კერძო საჩივრის შინაარსს მ. დ-ეის ნაწილში, აღნიშნულზე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით №3-636/2018 ადმინისტრაციულ საქმეში, ნ. დ-ეის სარჩელისა გამო მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის, მესამე პირების - რ. დ-ეის, ნ. მ-ეისა და დ. დ-ეის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაება - მ. დ-ე, ლ. დ-ე, ი. დ-ე, თ. დ-ე და ვ. დ-ე, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება - მ. დ-ე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივარი რ. დ-ესთან ერთად წარმოდგენილია მ. დ-ეის მიერ, რომელიც როგორც საქმის საპროცესო დოკუმენტებით დგინდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით საქმეში ჩაბმულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, რაც ცალსახად გულისხმობს სასამართლო აქტის გასაჩივრების უფლების არმქონე პირს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, გასაჩივრების უფლება გააჩნიათ მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ჩაბმულ მესამე პირებს. კერძო საჩივრის ავტორი - მესამე პირი (16.1) მ. დ-ე არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან, განმცხადებელი მ. დ-ე საქმეში ჩაბმული იყო ჩვეულებრივი მოწვევის მესამე პირის სტატუსით (16.1), იგი უფლებამოსილი არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის თაობაზე გაასაჩივროს კერძო საჩივრით. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მ. დ-ეის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე) თაობაზე, სწორეთ აღნიშნული საფუძვლით - დაუშვებლობის მოტივით დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა მ. დ-ეის მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. დ-ეის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო რ. დ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. დ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინება;
3. მ. დ-ეის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე