Facebook Twitter

№ბს-423(2კ-22) 26 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 7 აგვისტოს მ. ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

დაზუსტებული სარჩელით, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის - №...(15.04.2020 წ.), №... (29.04.2020 წ.), №... (01.05.2020 წ.) და №... (15.05.2020 წ.) გადაწყვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 8 ივლისის №... გადაწყვეტილების (მ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ... (14.07.2020 წ.), ... (18.07.2020 წ.), ... (18.08.2020 წ.) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი №... განცხადების დაკმაყოფილებისა და უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ს-ის წარმომადგენლის კ. ჩ-ის შუამდგომლობა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აეკრძალა უძრავ ქონების (ს/კ ... და ს/კ ...) გასხვისება, უფლებრივი დატვირთვა და უძრავი ქონების რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებში ცვლილებების შეტანა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა ოფისმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არსებული 2003 წლის 25 მარტის ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ მ. ა.-ს ძე ს-ი საკუთრების უფლებით ფლობდა შემდეგი დასახელების ნივთებს: 1) სადარაჯო ჯიხური; 2) სასენაჟე ორმო; 3) ბოსელი 104 სულზე; 4) თივის საწყობი; 5) სასწორი; 6) საბრიგადო სახლი; 7) საბავშვო ბაღი; 8) კომუნიკაციები...

სასამართლოს შეფასებით, 1993 წლის 20 მაისის პრივატიზაციის წესით ქონება-ფასეულობების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების პირველი მუხლით დადგენილი იყო, რომ კომერციულმა ფირმა ,,ა...მ“ იყიდა ...ის მეურნეობის ქვიშიანის ტერიტორიაზე მდებარე ამორტიზებული შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი საშუალებები, სულ - 10 052 784 მანეთად, მათ შორის - 1) სადარაჯო ჯიხური 1 ცალი - 23650 მანეთი; 2) სასენაჟე ორმო - 287 070 მანეთი; 3) ბოსელი 104 სულზე - 4 252 675 მანეთი; 4) თივის საწყობი - 1 068 750 მანეთი; 5) მწყემსის ბინა - 213 000 მანეთი; 6) სასწორი -12 500 მანეთი; 7) საბრიგადო სახლი -1 137 650 მანეთი; 8) საბავშვო ბაღი - 91 100 მანეთი; 9) კომუნიკაციები - 6 769 მანეთი; ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული იყო, რომ მეურნეობა უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში, პრივატიზაციის საშუალებით გადასცემდა ფირმას დასახელებულ ქონებას, ფერმის მიმდებარე ტერიტორიას, სათიბ-საძოვარს, მეცხოველეობის ფერმის შემდგომი განვითარებისათვის, პრივატიზაციის შემდეგ კი თავისი შეხედულებისამებრ გამოყენებისათვის, სულ 20 ჰექტარის რაოდენობით.

1993 წლის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, ლანჩხუთის სოფლის მეურნეობის სამმართველოს 1993 წლის 20 მაისის №87 წერილის შესაბამისად მოხდა ...ის ციტრუსების მეურნეობიდან მიწისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების და სხვა ძირითადი საშუალებების გადაცემა ...ის მრავალდარგოვან სავაჭრო კომერციულ ფირმა ,,ა...ზე“, საერთო ღირებულებით - 10 062 784 მანეთი. ამასთან, ფერმის შენობა-ნაგებობა აღრიცხული იყო ტოპოგრაფიულ რუკაზე და მიწათსარგებლობის გეგმაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, მ. ს-ი წარმოადგენდა ლანჩხუთის სოფელ ...ში მდებარე ფერმის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მართლზომიერ მფლობელს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიციაზე, იმის შესახებ, რომ რაიონულმა სასამართლომ ისე ცნო ბათილად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაცია და საჯარო რეესტრს დაავალა მ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, რომელზეც ფიქსირდებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებთან ზედდება, რომ საერთოდ არ იმსჯელა სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის და რეგისტრაციის საფუძვლების შესახებ. პალატამ ამ ნაწილში აღნიშნა, რომ მართალია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოეკვლია უძრავი ქონების სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა ოფისმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სადავო უძრავ ქონებაზე მ. ს-ის მართლზომიერ მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად არასწორად მიუთითა 1993 წლის 20 მაისის პრივატიზაციის წესით ქონება-ფასეულობების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...ის მრავალდარგოვან სავაჭრო, კომერციულ ფირმა „ა...ს“ (პრეზიდენტი მ. ს-ი) ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...ის მეურნეობიდან, უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში, პრივატიზაციის საშუალებით გადაეცა ფერმის მიმდებარე ტერიტორიის სათიბ-საძოვარი, მეცხოველეობის ფერმის შემდგომი განვითარებისათვის, პრივატიზაციის შემდეგ კი თავისი შეხედულებისამებრ გამოყენებისათვის, სულ 20 ჰა რაოდენობით. სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ ხსენებული ხელშეკრულებით 20 ჰა ფართობი გადაეცა არა ფიზიკურ პირს - მ. ს-ის, არამედ კომერციულ ფირმა „ა...ს“.

კასატორის მითითებით, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.6. მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის აღრიცხვა-ტექინვენტარიზაციას ახორციელებდნენ ადგილობრივი ტექბიუროები, რომლებიც ადგენდნენ ტექპასპორტს. სწორედ აღნიშნული დოკუმენტი წარედგინებოდა საჯარო რეესტრს, რაც შესაბამისი ჩანაწერის განხორციელების საფუძველი ხდებოდა. წინამდებარე შემთხვევაში, საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო უძრავ ქონების ტექბიუროში აღრიცხვის ფაქტს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო უძრავ ქონებაზე მ. ს-ის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნეული 1993 წლის 20 მაისის პრივატიზაციის წესით ქონება-ფასეულობების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ იყო ტექბიუროში აღრიცხული, სადავო ქონებაზე არ გაცემულა ტექპასპორტი, რაც ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურს არ მოუხდენია ხსენებული ქონების, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვა-ტექინვენტარიზაცია. არც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და არც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია არ ადასტურებენ 133 913 კვ. მ ფართობის უძრავ ნივთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე მოსარჩელის საკუთრებაში, სარგებლობაში გადაცემის ფაქტს.

2003 წლის 25 მარტის ლანჩხუთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც არ არის მითითებული მიწის ფართობის ოდენობა. კასატორის შეფასებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მხრიდან სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულის პირის მიერ წარდგენილი 2003 წლის 25 მარტის ლანჩხუთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნევა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა მ. ს-ის საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტი შემდეგ ქონებაზე: ,,სადარაჯო ჯიხური, სასენაჟე ორმო, ბოსელი 104 სულზე, თივის საწყობი, სასწორი, საბრიგადო სახლი, საბავშვო ბაღი, კომუნიკაციები, ბელორუსის მარკის ტრაქტორი, მისაბმელი ორღერძიანი, მისაბმელი ერთღერძიანი, შესაწამლი აპარატი, კომბაინი, ტრაქტორი, ავტომანქანა უაზი“. ამდენად, ამ გადაწყვეტილებით დადგინდა კონკრეტული უძრავ-მოძრავი ქონების და არა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 133 913 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ფლობის ან/და საკუთრებაში ყოფნის ფაქტი.

კასატორი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაურეგისტრირებელი უძრავი ქონება, რომელზეც კერძო პირის საკუთრების უფლება არ ფიქსირდება და არ არსებობს რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 მარტის სიტუაციური ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება ორ - №... და №... საკადასტრო კოდით, სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან. აღნიშნული უძრავი ნივთებზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და რეგისტრაციის საფუძველი ძალაშია და მხარის მიერ გასაჩივრებული არ არის. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც რეგისტრაცია და რეგისტრაციის საფუძველი მომზადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა და ძალაშია, არ არსებობს მ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სასამართლომ ისე სცნო ბათილად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაცია და დაავალა მას მ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, რომელზეც ფიქსირდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებთან ზედდება, რომ საერთოდ არ იმსჯელა სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ფაქტსა და რეგისტრაციის საფუძვლების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილისა და 13 მაისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა შედგა 2023 წლის 20 სექტემბერს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის - №...(15.04.2020 წ.), №... (29.04.2020 წ.), №... (01.05.2020 წ.) და №... (15.05.2020 წ.) (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ) გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 8 ივლისის №... გადაწყვეტილება (მ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ... (14.07.2020 წ.); ... (18.07.2020 წ.); ... (18.08.2020 წ.) (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 მარტის №... გადაწყვეტილება (მ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ). მოსარჩელე ასევე ითხოვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის, წარდგენილი №... განცხადების დაკმაყოფილებისა და უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქმეზე წარმოდგენილია 1993 წლის 20 მაისის ხელშეკრულება პრივატიზაციის წესით ქონება-ფასეულობების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლით დადგენილია, რომ კომერციულმა ფირმა ,,ა...მ“ იყიდა ...ის მეურნეობის ქვიშიანის ტერიტორიაზე მდებარე ამორტიზებული შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი საშუალებები, სულ ღირებული - 10 052 784 მანეთად, მათ შორის 1) სადარაჯო ჯიხური 1 ცალი - 23650 მანეთი; 2) სასენაჟე ორმო - 287 070 მანეთი; 3) ბოსელი 104 სულზე - 4 252 675 მანეთი; 4) თივის საწყობი - 1 068 750 მანეთი; 5) მწყემსის ბინა - 213 000 მანეთი; 6) სასწორი -12 500 მანეთი; 7) საბრიგადო სახლი -1 137 650 მანეთი; 8) საბავშვო ბაღი - 91 100 მანეთი; 9) კომუნიკაციები - 6 769 მანეთი; ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული იყო, რომ მეურნეობა უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში, პრივატიზაციის საშუალებით გადასცემდა ფირმას ზემოთდასახელებულ ქონებას, ფერმის მიმდებარე ტერიტორიას, სათიბ-საძოვარს, მეცხოველეობის ფერმის შემდგომი განვითარებისათვის, პრივატიზაციის შემდეგ კი თავისი შეხედულებისამებრ გამოყენებისათვის, სულ 20 ჰექტარის რაოდენობით. 1993 წლის მიღება-ჩაბარების აქტით კი ირკვევა, რომ ლანჩხუთის სოფლის მეურნეობის სამმართველოს 1993 წლის 20 მაისის №87 წერილის შესაბამისად მოახდინეს ...ის ციტრუსების მეურნეობიდან მიწისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების და სხვა ძირითადი საშუალებების გადაცემა ...ის მრავალდარგოვან სავაჭრო კომერციულ ფირმა ,,ა...ზე“, საერთო ღირებულებით - 10 062 784 მანეთი.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ს-ის განცხადება და დადგენილ იქნა, რომ მ. ს-ი იყო ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ...ის ... მეურნეობისაგან შეძენილი ქონების მესაკუთრე. საკითხი ეხებოდა მეურნეობის ფერმის შენობა-ნაგებობას, ტექნიკასა და პირუტყვს, კერძოდ - სადარაჯო ჯიხური, სასენაჟე ორმო, ბოსელი 104 სულზე, თივის საწყობი, სასწორი, საბრიგადო სახლი, საბავშვო ბაღი.

მ. ს-იმა 2020 წლის 19 მარტს №... განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავი ქონების სპორადული რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 აპრილის ... გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის 2020 წლის 13 აპრილის №... წერილით ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 მარტის წერილში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, აღნიშნული იყო, რომ ვინაიდან ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაში არ ფიქსირდებოდა უძრავი ნივთის ფართი, გამოთხოვილ იქნა უწყებაში დაცული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ასლები, რომლის თანახმად დადასტურდებოდა თუ რა ფართი იქნა შესყიდული მ. ს-ის (პ/ნ ...) მიერ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის და სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 11 ივნისის და 2020 წლის 07 აპრილის წერილებით ირკვევა, რომ მათთან დაცული არ იყო რაიმე სახის ინფორმაცია მ. ს-ის ქონებასთან დაკავშირებით.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ...(15.04.2020 წ.); ... (29.04.2020 წ.); ... (01.05.2020 წ.) და ... (15.05.2020 წ.) გადაწყვეტილებებში მითითებულია, რომ მ. ს-ის მიერ უფლების დამდგენი დოკუმენტი ან/და მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა საჯარო რეესტრში.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 8 ივლისის №... გადაწყვეტილებით, მ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა №...-17 (16.06.2020 წ.) და №... (21.06.2020 წ.) გადაწყვეტილებები და გურიის რეგიონალურ ოფისს დაევალა გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების 4.2.9. პუნქტის გათვალისწინებით №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (14.07.2020 წ.); ... (18.07.2020 წ.); ... (18.08.2020 წ.) გადაწყვეტილებების თანახმად 2020 წლის 19 მარტის №... განაცხადზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება. შემდგომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და შეწყდა.

2020 წლის 28 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დგინდება, რომ უძრავი ქონების ს/კ: ... მესაკუთრეა სახელმწიფო. საჯარო რეესტრიდან 2021 წლის 11 თებერვლის ამონაწერით კი დადგენილია, რომ უძრავი ქონების ს/კ: ... მესაკუთრეა სახელმწიფო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 8 ივლისის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი; გურიის რეგიონულ ოფისს დაევალა მითითებული გადაწყვეტილების 4.2.9 პუნქტის გათვალისწინებით, სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების 4.2.9 პუნქტში მიეთითა, რომ გურიის რეგიონული ოფისი ვალდებული იყო მიეღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს შესთავაზებდა სხვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული შენობა-ნაგებობების განაშენიანების ფართობის მიხედვით კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენას, ხოლო მომატებულ ნაწილზე შესთავაზებდა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნას. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი წარმოადგენდა კორექტირებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული შენობა-ნაგებობების განაშენიანების ფართობის მიხედვით, გურიის რეგიონულ ოფისს უნდა მიეღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. საქმეზე დგინდება, რომ მ. ს-ის ასეთი განცხადებით, კორექტირებული აზომვითი ნახაზით არ მიუმართავს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო საკითხს არ წარმოადგენს და უდავოდ დადგენილია მ. ს-ის მართლზომიერი მფლობელობა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაში მითითებულ ქონებაზე და მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების განაშენიანების ფართობის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოახდინოს მხოლოდ შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად. ამდენად, მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) პოზიცია, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების, 1993 წლის 20 მაისის პრივატიზაციის წესით ქონება-ფასეულობების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე (133 913 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე) საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლიანობის თაობაზე, დასაბუთებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული დოკუმენტაცია შექმნიდა საკმარის საფუძვლებს საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი 1993 წლის 20 მაისის პრივატიზაციის წესით ქონება-ფასეულობების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების პირველი მუხლით დადგენილია, რომ კომერციულმა ფირმა ,,ა...მ“ იყიდა ...ის მეურნეობის ქვიშიანის ტერიტორიაზე მდებარე ამორტიზებული შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი საშუალებები, სულ ღირებული - 10 052 784 მანეთად, მათ შორის 1) სადარაჯო ჯიხური 1 ცალი - 23650 მანეთი; 2) სასენაჟე ორმო - 287 070 მანეთი; 3) ბოსელი 104 სულზე - 4 252 675 მანეთი; 4) თივის საწყობი - 1 068 750 მანეთი; 5) მწყემსის ბინა - 213 000 მანეთი; 6) სასწორი -12 500 მანეთი; 7) საბრიგადო სახლი -1 137 650 მანეთი; 8) საბავშვო ბაღი - 91 100 მანეთი; 9) კომუნიკაციები - 6 769 მანეთი; ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული იყო, რომ მეურნეობა უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში, პრივატიზაციის საშუალებით გადასცემდა ფირმას ზემოთდასახელებულ ქონებას, ფერმის მიმდებარე ტერიტორიას, სათიბ-საძოვარს, მეცხოველეობის ფერმის შემდგომი განვითარებისათვის, პრივატიზაციის შემდეგ კი თავისი შეხედულებისამებრ გამოყენებისათვის, სულ 20 ჰექტარის რაოდენობით. 1993 წლის მიღება-ჩაბარების აქტით კი ირკვეოდა, რომ ლანჩხუთის სოფლის მეურნეობის სამმართველოს 1993 წლის 20 მაისის №87 წერილის შესაბამისად მოახდინეს ...ის ციტრუსების მეურნეობიდან მიწისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების და სხვა ძირითადი საშუალებების გადაცემა ...ის მრავალდარგოვან სავაჭრო კომერციულ ფირმა ,,ა...ზე“, საერთო ღირებულებით - 10 062 784 მანეთი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც დღეს, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის მიმართ შესაბამისი უფლებების წარმოსაშობად აუცილებელი იყო საჯარო რეესტრში მიწის სახელმწიფო რეგისტრაცია, ხოლო, საჯარო რეესტრის ამოქმედებამდე ასეთი უფლებამოსილება, ადგილობრივ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროებს გააჩნდათ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის №ბს-238-226(კ-07) განჩინება; 2021 წლის 27 ოქტომბრის №ბს-381(4კ-20) განჩინება). ამასთან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესს აწესრიგებდა „საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია 1993 წლის 20 მაისის ხელშეკრულების პრეამბულაში მითითებულია, რომ იგი დადებულია საქართველოს რესპუბლიკის კანონის „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ (09.08.1991 წ.) შესაბამისად, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ დაცულია მითითებული კანონით დადგენილი პრივატიზების ფორმა და წესები (მუხლები 8-9) და დასრულებულია პრივატიზაციის პროცესი, რაც თავის მხრივ, 2012 წლამდე, 20ჰა მიწის ნაკვეთის კომერციულ ფირმა „ა...ზე“ გადაცემის მართლზომიერი საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის და სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 11 ივნისის და 2020 წლის 07 აპრილის წერილებით ირკვევა, რომ მათთან დაცული არ იყო რაიმე სახის ინფორმაცია მ. ს-ის ქონებასთან დაკავშირებით. ამასთან, 1993 წლის 20 მაისის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ ლანჩხუთის რაიონის სოფ. ...ის ... მეურნეობა და ამავე სოფლის სავაჭრო-კომერციული ფირმა „ა...“. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 13 აპრილს №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ - ეროვნული არქივიდან. საქართველოს ეროვნული არქივის 15.04.2020 წლის №48/32589 წერილით ლანჩხუთის გამგეობის 1993 წლის სხდომის ოქმებში ინფორმაცია ფირმა „ა...ს“ შესახებ არ მოიძებნა. საკონსულტაციოდ საჯარო რეესტრს მიეცა მ. ს-ის სახელზე რიცხული მიწის მიღება-ჩაბარების №621 აქტის ასლი. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი და მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, მხარეებს შორის დადებული იყო ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, თუმცა 1993 წლის შემდეგ შეძენილ ქონებაზე პრივატიზაცია არ მომხდარა და არც შეძენილი ქონების დაკანონება უცდია მ. ს-ის. მ. ს-ი შენაძენს ფლობდა ფაქტობრივად და არც ხელშეკრულების მეორე მხარეს ჰქონია რაიმე პრეტენზია მ. ს-ის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ს-ის განცხადება და დადგენილ იქნა, რომ მ. ს-ი იყო ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ...ის ... მეურნეობისაგან შეძენილი, ჩამოთვლილი ქონების (კერძოდ, სადარაჯო ჯიხური, სასენაჟე ორმო, ბოსელი 104 სულზე, თივის საწყობი, სასწორი, საბრიგადო სახლი, საბავშვო ბაღი) მესაკუთრე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და 1993 წლის 20 მაისის ხელშეკრულება დამოუკიდებლად ვერ გახდება მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე (მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე) საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი, ვინაიდან, მ. ს-ის სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ ჰქონდა მოპოვებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერი მფლობელის ცნებას შემდეგნაირად – დაინტერესებული პირი, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე, ან ყადაღის, განკარგვის აკრძალვის მიუხედავად სარეგისტრაციო დოკუმენტის გამოცემა, მიღება ან შედგენა უშუალოდ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე პირი, რომელიც არის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე (მუხლი 2.ო).

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის - პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს (მუხლი 3.1.მ; 3.1.ნ). მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი კი განიმარტება როგორც – 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი (მუხლი 3.1.რ).

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მართალია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი ასევე არის სასამართლოს აქტი, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. ს-ის საკუთრების უფლება დადასტურებულ იქნა მხოლოდ გადაწყვეტილებაში მითითებულ ქონებაზე და არა 133 913 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებას ითხოვდა მოსარჩელე მხარე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მ. ს-ის შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტებით, მართლზომიერად ფლობა - საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლების არსებობა უდასტურდება - ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით მიკუთვნებულ უძრავი ქონების ობიექტებსა და მათი განაშენიანების ფართობის მიწის ნაკვეთზე, თუმცა არა სრულ - 133 913 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მ. ს-ი, უფლებამოსილია, კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვოს იმ უძრავ ქონებებთან და მათი განაშენიანების ფართობის მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, რომელზეც საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები აქვს მოპოვებული ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ გამორიცხავს მ. ს-ის უფლებას სხვა სამართლებრივი საფუძვლებითა და პროცედურებით, შესაბამისი კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის გზით, სადავო მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე მოიპოვოს საკუთრების უფლება (პრივატიზაციის წესით / თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გზით). შესაბამისად, მიუხედავად სარჩელის დაკმაყოფილებაზე და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმისა, მ. ს-ი არ კარგავს მის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე / მიწის ნაკვეთის ნაწილზე საკუთრების უფლების შემდგომი მოპოვების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად ბათილად ცნობისა და ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სახეზე არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, საკასაციო საჩივრების სრულად დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელე - მ. ს-ის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის (150+300) ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის პირობებში უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული 2021 წლის 31 მარტის დროებითი განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის 32-ე-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მოსარჩელე - მ. ს-ის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის სასარგებლოდ დაეკისროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის (150+300) ანაზღაურება;

5. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

6. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის დროებითი განჩინება;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი