Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-890(გ-24) 2 აგვისტო, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე),

(მოსამართლეები) ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „ჯ...ს“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განსჯადობის თაობაზე ბოლნისის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის 9 ივლისს მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში წარადგინა შპს „ჯ...ს“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ შეისწავლა რა წარდგენილი სამართალდარღვევის მასალები, 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „ჯ...ს“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №... ოქმი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგი მოტივაციით: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილია განსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობის პრინციპი. რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლზე მითითებით, მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განხილულ უნდა იქნეს მისი ჩადენის ადგილას. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე- 3 პუნქტის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას, რაც ხდება ლიცენზიის გამცემისთვის ანგარიშგების წერილობით წარდგენით. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 04 იანვრის №1-1/2 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა სააგენტოს იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №150. იმავე დებულების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს (მისი სამსახურის) ფუნქციას წარმოადგენს კომპეტენციის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშების განხილვა. შედეგად, რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამართალდარღვევების შესაძლო ჩადენის ადგილზე და მიუთითა, რომ 2024 წლის 24 ივნისს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტის მიერ შპს „ჯ...ს“ (ს/ნ ...) მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №.... ოქმში მიეთითა, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს 01 აპრილიდან 01 მაისამდე წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, რაც არ შესრულდა დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის განხილვის ადგილის დადგენისას და, შესაბამისად, განსჯადი სასამართლოს დადგენისათვის, გასათვალისწინებელია შერაცხული სამართალდარღვევის სპეციფიკა, რაც მდგომარეობს შესაბამისი ანგარიშის წარუდგენლობაში (აღნიშნული წერილობითი ფორმით უნდა განხორციელებულიყო ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში). ამ ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) კი მოქცეულია თბილისის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 24 ივნისის №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ლიცენზიის გამცემი ორგანოს ადგილსამყოფელი, სადაც ლიცენზიის მფლობელს უნდა წარედგინა ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. ამდენად, ვინაიდან ლიცენზიის გამცემ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო (იურიდიული მისამართი ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150), მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვაზე უფლებამოსილ, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „ჯ...ს“ მიმართ 2024 წლის 24 ივნისს შედგენილი №... სამართალდარღვევის ოქმი, საქმის მასალებთან ერთად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია დავის ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ისეთი კრიტერიუმის შეფასება, როგორიცაა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის ადგილმდებარეობა, კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ს მიმდებარე ტერიტორია.

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენს ის ადგილი/ტერიტორია, რომელიც გათვალისწინებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში. ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიაში კონკრეტულად მითითებულ ტერიტორიაზე იძენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს. ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა დაკავშირებულია უშუალოდ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიასთან, იგი ვერ იქნება ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის მიღმა ადგილი. სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შპს „ჯ...ს“ მიერ დარღვეულია ლიცენზიით განსაზღვრული პირობები, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ლიცენზიანტის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე განსახორციელებელ სამუშაოებთან. საგულისხმოა, რომ ლიცენზიანტს ვალდებულების (სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის წარდგენა) შესრულება დაუბრკოლებლად შეუძლია იმ ადგილიდან, სადაც ეს უკანასკნელი ეწევა საქმიანობას. სავარაუდო სამართალდარღვევა გამოიხატა უმოქმედობაში - ანგარიშგების წარუდგენლობაში. მოცემულ პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ შესაძლო სამართალდარღვევის ადგილად უნდა ჩაითვალოს ლიცენზიით მოცული ტერიტორია, კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ს მიმდებარე ტერიტორია.

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა უნდა მოხდეს შესაბამისი განსჯადი სასამართლოს მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის - ლიცენზიაში მითითებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ტერიტორიის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა კი ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, ბოლნისის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ მოსამართლეს) შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. თუკი პირი არაგანსჯად სასამართლოში წარადგენს სარჩელს, იმავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელი განსჯად სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს და აცნობოს ამის შესახებ მოსარჩელეს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა განხორციელდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, დავის თავისებურებების გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულია განსჯადობის ზოგადი წესები, თუმცა, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი განსჯადობის ზოგადი წესებისა, სპეციალური კანონმდებლობით კონკრეტული დავების მიმართ განსაზღვრულია განსჯადობის მომწესრიგებელი სპეციალური წესები. სპეციალური და ზოგადი წესების კოლიზიისას კი უპირატესობა უნდა მიენიჭოს სწორედ სპეციალურ წესს და მის საფუძველზე მოხდეს განსჯადი სასამართლოს დადგენა. განსჯადობის ასეთ, ერთ-ერთ სპეციალურ წესს ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით განსაზღვრული განსჯადობის წესის გამოყენებისთვის, სახელდობრ, დარღვევის ჩადენის ადგილას საქმის განსახილველად მნიშვნელოვანია, რომ სადავო იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ოქმებისა თუ დადგენილებების კანონიერება და ეს საქმისწარმოება არ იყოს დაწყებული ამავე კოდექსის 116-ე–125-ე, 1595–1599 მუხლების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ სასამართლოს განსახილველად წარედგინა შპს „ჯ...ს“ მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააგენტომ გამოავლინა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა. საქმეში წარმოდგენილია ფ/პ ე. ა-ის სახელზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №507/ს ბრძანება, ასევე წარმოდგენილია სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 მარტის №355/ს ბრძანება (რომლითაც ფ/პ ე. ა-იზე გაცემული ლიცენზია მთლიანად შპს „ჯ...ს“ საკუთრებაში გადავიდა) და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 17 მარტს გაცემული №... სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ჯ...ზე“ გაიცა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ს (სოფ. ...) მიმდებარე ტერიტორიაზე ...ის მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხდება ლიცენზიის გამცემისთვის წერილობით წარდგენით. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება. ამავე კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიასთან ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებით აღნიშნული ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთ-ერთი შემდეგი ქმედების ჩადენა: სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/დარჩენილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში სათანადო დოკუმენტების წარუდგენლობა, მრიცხველზე ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობის ლიცენზიის ვადის გასვლამდე ათვისების შემთხვევაში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე განცხადების წარუდგენლობა, მომდევნო წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ლიცენზიის გამცემისთვის წარდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე. შესაბამისად, შპს „ჯ...თან“ მიმართებით შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა და მისი პასუხისმგებლობა გამომდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან და არა სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებიდან.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 17 მარტს გაცემული №... სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, რომლითაც დგინდება, რომ შპს „ჯ...ზე“ გაიცა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ს (სოფ. ...) მიმდებარე ტერიტორიაზე ...ის მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. შპს „ჯ...ს“ აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოეშვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება, ბრძანებაში მითითებული პირობების დაცვით. ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულება და შეუსრულებლობა დაკავშირებულია სწორედ ზემოაღნიშნულ ტერიტორიასთან (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ს (სოფ. ...) მიმდებარე ტერიტორია). შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული პირობის დარღვევის (ანგარიშგების წარუდგენლობა) შემთხვევაში შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს სწორედ ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია - მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ს (სოფ. ...ის) მიმდებარე ტერიტორია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად ლიცენზიის გამცემი ორგანოს ადგილსამყოფელი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვითაც ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ამასთანავე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაშია 2 მაგისტრატი მოსამართლე, რომლებიც უფლებამოსილებას ახორციელებენ დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში (5.4 მუხ.). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 6.1 მუხლის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ასევე სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე საქმეები განიხილება მაგისტრატი მოსამართლეების მიერ („ბ“, „ბ1“ ქვეპუნქტები). ამასთანავე, იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, აგრეთვე მისი არყოფნის შემთხვევაში, შესაბამისი საქმეები შეიძლება განიხილოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლემ (სსკ-ის 13.3 მუხლი). ამრიგად, სადავო შემთხვევაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის საკითხის შეფასებისას, უნდა გავრცელდეს სწორედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი. ვინაიდან დარღვევის სავარაუდო ჩადენის ადგილი ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია - მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ... (სოფ. ...), საჩივარი უნდა განიხილოს ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ, კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატმა მოსამართლემ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „ჯ...ს“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ მოსამართლეს).

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „ჯ...ს“ მიმართ შედგენილი 2024 წლის 24 ივნისის №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ მოსამართლეს);

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე