№ბს-891(გ-24) 2 აგვისტო, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „...ს“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ბოლნისის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2024 წლის 04 ივლისს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შპს „...ს“ მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის თაობაზე.
სამართალდარღვევის საქმის მასალების თანახმად, 2024 წლის 17 ივნისს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტის მიერ შპს „...ს“ (ს/ნ ...) მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №.... ოქმის თანახმად, გამოვლენილი იქნა, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იყო ლიცენზიის გამცემისთვის 01 აპრილიდან 01 მაისამდე წარედგინა ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, რაც არ იქნა შესრულებული დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის დადგენილებით, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „...ს“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №... განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხდება ლიცენზიის გამცემისთვის ანგარიშის წერილობით წარდგენით. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიასთან ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებით აღნიშნული ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთ-ერთი შემდეგი ქმედების ჩადენა: სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/დარჩენილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში სათანადო დოკუმენტების წარუდგენლობა, მრიცხველზე ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობის ლიცენზიის ვადის გასვლამდე ათვისების შემთხვევაში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე განცხადების წარუდგენლობა, მომდევნო წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2024 წლის 17 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტის მიერ შპს „...ს“ (ს/ნ ...) მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №.... ოქმის თანახმად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იყო ლიცენზიის გამცემისთვის 01 აპრილიდან 01 მაისამდე წარედგინა ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, რაც არ იქნა შესრულებული დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 17 ივნისის №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი იყო ლიცენზიის გამცემი ორგანოს ადგილსამყოფელი, სადაც ლიცენზიის მფლობელს უნდა წარედგინა ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. ვინაიდან ლიცენზიის გამცემი ორგანო იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო (იურიდიული მისამართით ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი №150-ში), მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვაზე უფლებამოსილ, განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ბოლნისის რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს პოზიციას განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ შპს „...ს“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა მასზედ, რომ მან, როგორც ლიცენზიის მფლობელმა, ლიცენზიის გამცემს, 01 აპრილიდან 01 მაისამდე, არ წარუდგინა სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიში. საგულისხმო იყო, რომ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული №389 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია მდებარეობდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ...ის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდინარე ...ის ნაპირზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენს ის ადგილი/ტერიტორია, რომელიც გათვალისწინებული იყო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში. ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიაში კონკრეტულად მითითებულ ტერიტორიაზე იძენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს. ლიცენზიანტის საქმიანობის განხორციელების ფარგლები მკაცრად არის განსაზღვრული. ლიცენზიის მფლობელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა დაკავშირებულია უშუალოდ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიასთან, იგი ვერ იქნება ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის მიღმა ადგილი. სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შპს „...ს“ მიერ დარღვეული იყო ლიცენზიით განსაზღვრული პირობები, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იყო ლიცენზიანტის მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ...ის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდინარე ...ის ნაპირზე განსახორციელებელ სამუშაოებთან. საგულისხმოა, რომ ლიცენზიანტს ვალდებულების (სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის წარდგენა) შესრულება დაუბრკოლებლად შეეძლო იმ ადგილიდან, სადაც ეს უკანასკნელი ეწევა საქმიანობას. სავარაუდო სამართალდარღვევა გამოიხატა უმოქმედობაში - ანგარიშგების წარუდგენლობაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაძლო სამართალდარღვევის ადგილად უნდა ჩათვლილიყო ლიცენზიით მოცული ტერიტორია, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ...ის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „...ს“ მიმართ 2024 წლის 17 ივნისს შედგენილი №... სამართალდარღვევის ოქმი თანდართული მასალებით უნდა გადასცემოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალებისა და განსჯადობის თაობაზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შპს „...ს“ მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ სასამართლოს განსახილველად წარედგინა შპს „...ს“ მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააგენტომ გამოავლინა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.
საქმეზე დგინდება, რომ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის №389 ბრძანებით შპს „...ზე“ გაიცა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ...ის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდ. ...ის ...ის მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 5 წლის ვადით.
სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის №389 ბრძანებაში ერთ-ერთ პირობად ასევე მითითებულია ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე ლიცენზიის გამცემ ორგანოში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ წერილობითი ანგარიშგების წარდგენის თაობაზე („1.ო“ ქვეპუნქტი).
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხდება ლიცენზიის გამცემისთვის წერილობით წარდგენით. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება. ამავე კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიასთან ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებით აღნიშნული ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთ-ერთი შემდეგი ქმედების ჩადენა: სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/დარჩენილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში სათანადო დოკუმენტების წარუდგენლობა, მრიცხველზე ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობის ლიცენზიის ვადის გასვლამდე ათვისების შემთხვევაში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე განცხადების წარუდგენლობა, მომდევნო წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ლიცენზიის გამცემისთვის წარდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე. შესაბამისად, შპს „...თან“ მიმართებით შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა და მისი პასუხისმგებლობა გამომდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, და ამავე კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო თავის იურიდიულ მისამართზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სპეციალურ მოწესრიგებას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ტერიტორიული განსჯადობის სპეციალურ წესს ითვალისწინებს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა (მუხლი 261.). შესაბამისად, მოცემულ საქმეზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად არსებითია სწორად განისაზღვროს შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი.
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზირების საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (მუხლი 9.1). ამავე კანონის პრეამბულის მე-10 პუნქტის თანახმად, წიაღის მოპოვება არის უშუალოდ ლიცენზიის მფლობელის ან დაქირავებული სუბიექტის მიერ ლიცენზიის მფლობელის სახსრებით განხორციელებული საბადოს დამუშავების შედეგად გარკვეული ოდენობის წიაღისეულის მოხმარება მისი პირდაპირი ან გადამუშავების შემდეგ რეალიზაციის მიზნით, საბადოს დამუშავების ხარჯების გაღებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელების გადახდით.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზია არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის №389 ბრძანებით შპს „...ზე“ გაიცა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ...ის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდ. ...ის ...ის მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. შპს „...ს“ აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოეშვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება, ბრძანებაში მითითებული პირობების დაცვით. ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულება და შეუსრულებლობა დაკავშირებულია სწორედ ზემოაღნიშნულ ტერიტორიასთან (ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ...ის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია). შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული პირობის დარღვევის (ანგარიშგების წარუდგენლობა) შემთხვევაში შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს სწორედ ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია - ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ...ის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე ლიცენზიის გამცემ ორგანოში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ წერილობითი ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება განსაზღვრულია შპს „...ზე“ გაცემული ლიცენზიით (13.03.2023 №389 ბრძანება; „1.ო“ ქვეპუნქტი). ანგარიშის წარდგენის ვალდებულება, რომელიც ეხება სალიცენზიო პირობების დაცვას, არსებითად დაკავშირებულია და გამომდინარეობს სწორედ ლიცენზიით მოპოვებული საქმიანობის უფლების განხორციელებასთან, ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებასთან, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში.
საკასაციო პალატა მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვითაც ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენს ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია - ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ...ის ადმინისტრაციული ერთეული, სამართალდარღვევის საქმე განხილულ უნდა იქნეს სწორედ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს აღნიშნული ადგილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-6 და 26-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „...ს“ მიმართ შედგენილი 2024 წლის 17 ივნისის №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. მაკარიძე