Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-695(კ-23) 11 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - რ. ბ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

რ. ბ-ამ 2021 წლის 22 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 16 მაისის N04-00/4923 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 15 ივლისის N04/7337 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

სარჩელის მიხედვით, რ. ბ-ა დაიბადა ... წელს ოჩამჩირეში. დღემდე მისი რეგისტრირებული და მუდმივი საცხოვრებელი მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. 2021 წლის 18 თებერვალს მასზე გაიცა N... ნეიტრალური პირადობის მოწმობა 5 წლის ვადით. რ. ბ-ა ბავშვობიდან არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ეტლით მოსარგებლე, დადგენილი აქვს ქმედუნარიანობის III ხარისხის შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ სადავო არ არის საქართველოსთან რ. ბ-ას სამართლებრივი კავშირი და აშკარაა მისი რეალური საჭიროებები, მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, დღემდე ვერ იღებს სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ მხარდაჭერას.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 13 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრს) და მოითხოვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის კუთვნილი პენსიის დანიშვნა, ასევე COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემამსუბუქებლად შშმ პირებისათვის დაწესებული კომპენსაციის გაცემა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრმა 2021 წლის 16 მაისის მიიღო N04-00/4923 გადაწყვეტილება რ. ბ-ასთვის სოციალური პაკეტის/გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ რ. ბ-ა არ არის საქართველოს მოქალაქე და იგი ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირია, რაც ასევე გაიზიარა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად 2021 წლის 15 ივლისს მიღებული N04/7337 გადაწყვეტილებით. მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული აქტები უკანონო და დაუსაბუთებელია და არღვევს მის ძირითად უფლებებს, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 16 მაისის N04-00/4923 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 15 ივლისის N04/7337 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რ. ბ-ასთვის, როგორც მკვეთრად გამოხატული შშმ პირისათვის, შესაბამისი სოციალური პაკეტის დანიშვნის და მასზე ახალი „COVID-19“-ის შედეგად მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად დაწესებული კომპენსაციის დარიცხვის თაობაზე.

საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ რ. ბ-ა დაიბადა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, კერძოდ, ... წლის ...ს, ოჩამჩირეში და ცხოვრობს აფხაზეთში. მისი რეგისტრაციის მისამართია - გულრიფში; ამასთან, მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუღია, რის გამოც სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მოსარჩელე მიიჩნევა საქართველოს მოქალაქედ, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ხოლო სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, რა სახის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტია მათ სახელზე გაცემული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და აღნიშნა, რომ არ არსებობდა სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლოს მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი ვალდებული იყო რ. ბ-ასთვისს დაენიშნა კანონით განსაზღვრული შესაბამისი სოციალური დახმარება, ვინაიდან მოსარჩელე მიიჩნევა საქართველოს მოქალაქედ, ხოლო სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, რა სახის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტია მათ სახელზე გაცემული.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირისათვის სახელმწიფო დახმარების გაცემაზე უარის თქმა, კანონში პირდაპირი ჩანაწერის არარსებობის გამო და იმ პირობებში, როდესაც მას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია, იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, რ. ბ-ასათვის, როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირისათვის, ვერ განხორციელდა ახალი COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად დაწესებული კომპენსაციის დარიცხვა, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობების“ მიხედვით, პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებისათვის არ არის გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირება.

კასატორის მითითებით, გახშირებულია სააგენტოში მიმართვები ნეიტრალური პირადობის მქონე პირთა მხრიდან სხვადასხვა სახის სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნის მოთხოვნით. თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირება ნეიტრალური პირადობის მოწმობის საფუძველზე, სააგენტომ 2013 წლის 20 დეკემბრის N04/113347 წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. აღნიშნული წერილის პასუხად, სერვის ცენტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N01/264215 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ „პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის N133 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის ნეიტრალური მოწმობა გაიცემა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღების უფლება არა აქვს პირს, რომელზეც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. გარდა ამისა, სააგენტომ პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირთა სოციალური პაკეტით უზრუნველყოფის თაობაზე 2014 წლის 6 იანვრის N04/327 წერილით ასევე მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საიდანაც მიღებული წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების თანახმად, ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე; აგრეთვე, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. აქედან გამომდინარე, სააგენტოს მიეთითა, რომ ეხელმძღვანელა ზემოაღნიშნული ნორმით. შესაბამისად, პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებზე, სოციალური მომსახურების სააგენტო და მისი ტერიტორიული ერთეულები დღემდე სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებას (დანიშვნა/გაცემა და ა.შ.) ვერ ახორციელებენ.

კასატორის მოსაზრებით, რ. ბ-ა არ მიეკუთვნება „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე კატეგორიას, რომელზედაც შესაძლებელი იქნება გავრცელდეს აღნიშნული წესითა და პირობებით განსაზღვრული ფულადი გასაცემლის (სოციალური პაკეტი) დანიშვნა. შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის მაძიებლისთვის სოციალური პაკეტის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ წარმოიშობა, ამდენად, მიაჩნია, რომ სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2021 წლის 16 მაისის N04-00/4923 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 15 ივლისის N04/7337 გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინებით დაინიშნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა მხარეთა დასწრებით, 2024 წლის 28 აპრილს, 13:00 საათზე, ხოლო 2024 წლის 22 მარტის განჩინებით ასევე დაინიშნა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა მხარეთა დასწრებით 2024 წლის 4 აპრილს 13:00 საათზე. აღნიშნულ სხდომაზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა გადაიდო 2024 წლის 11 აპრილს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანია პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირის სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხი სახელმწიფოს მხრიდან.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის, სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას ქმედითი სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს შიდა სამართლებრივ დონეზე ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხოლო „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური დახმარება არის ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 121 მუხლის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა სოციალური პაკეტი, რაც წარმოადგენს ყოველთვიურ ფულად სარგებელს ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობას, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცდა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის წესი და პირობები“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირს, მიუხედავად იმისა, რა სახის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტს ფლობს ის - საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ თუ პირადობის ნეიტრალურ მოწმობას, კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას სოციალური უზრუნველყოფის, კერძოდ, სოციალური პაკეტის დანიშვნის მოთხოვნით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შესაბამისი წესის მიხედვით ნიშნავს სოციალურ პაკეტს.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და არც კასატორი უარყოფს იმ გარემოებას, რომ რ. ბ-ა დაბადებულია და ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და გააჩნია პირადობის ნეიტრალური მოწმობა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გახდა სოციალური პაკეტის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის მოტივით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და პირველ რიგში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რ. ბ-ა დაიბადა ... წლის ...ს, ოჩამჩირეში და ცხოვრობს აფხაზეთში. მისი რეგისტრაციის მისამართია - გულრიფში. ამასთან, მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუღია. შპს „მ...ს“ მიერ 2021 წლის 13 აპრილს გაცემული ცნობით (რეგ. N...) ასევე, დასტურდება, რომ რ. ბ-ა არის ბავშვობიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ეტლით მოსარგებლე, რომელსაც დადგენილი აქვს ქმედუნარიანობის მესამე ხარისხის შეზღუდვა და წარმოადგენს შრომისუუნაროს. ამრიგად, მოსარჩელე არის სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი, თუმცა პირადობის ნეიტრალური მოწმობის გამო, ვერ იღებს სახელმწიფოსგან შესაბამის სოციალურ პაკეტს.

საკასაციო პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა მიუთითეს საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლზე, რომლის მიხედვითაც საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის ...ის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. სახელმწიფო საზღვრის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლი არეგულირებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ბ) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, გაიცემა პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე ენიჭებათ პირადი ნომერი. ხოლო ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ პირადი ნომერი არის პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირადობის ნეიტრალური მოწმობა წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე (მოსარჩელის შემთხვევაში - აფხაზეთის ტერიტორიაზე) მცხოვრები პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, რომელიც მას ანიჭებს ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში, მათ შორის, სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენისა და შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილეობის უფლებას და ამასთან, აკისრებს შესაბამის ვალდებულებებს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეს. სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება, როგორც უკვე აღინიშნა, ხორციელდება „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით, რომელიც ადგენს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი პირს მინიჭებული უნდა ჰქონდეს ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ კანონის შესაბამისად, რაც რ. ბ-ას შემთხვევაში დადასტურებულია. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც რ. ბ-ას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ, ამასთან, არ გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა და არ წარმოადგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, სახელმწიფოს ევალება მისი სოციალური უზრუნველყოფა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ის მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მისი სტატუსიდან გამომდინარე შესაბამისი სახელმწიფო იქნება ვალდებული უზრუნველყოს მისი მოქალაქე სოციალური გარანტიებით.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს მასთან დაცული სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის განსაზღვრის წესი“ არ შეიცავს პირდაპირ ჩანაწერს პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირთან დაკავშირებით, რ. ბ-ას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, გააჩნია უფლება მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები, მათ შორის სოციალური პაკეტის დანიშვნისა და „COVID-19“-ის შედეგად მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად დაწესებული კომპენსაციის სახით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო პალატამ. კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა