საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1298(კს-23) 27 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - თ. ს-ა, ს. ჭ-ა, გ. ნ-ა, ო. შ-ა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ნ-ამ 2022 წლის 01 აგვისტოს სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა გ. ნ-ას სამუშაოდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 06 ივლისის №ბ126.1262218711 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის გ. ნ-ას დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება.
თ. ს-ამ 2022 წლის 01 აგვისტოს სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა თ. ს-ას სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 06 ივლისის №ბ126.1262218713 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის თ. ს-ას დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და თ. ს-ას სასარგებლოდ 2022 წლის 06 ივლისიდან, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის დღემდე, ყოველთვიურად 990 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება.
ს. ჭ-ამ 2022 წლის 05 აგვისტოს სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 06 ივლისის №ბ.126.126221875 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ს. ჭ-ას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ს. ჭ-ას სასარგებლოდ 2022 წლის 06 ივლისიდან, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის დღემდე, ყოველთვიურად 880 ლარის (ასევე საკლასო დანამატი 07 ლარი) ოდენობით იძულებითი განაცდურის და საკლასო დანამატის ანაზღაურების დავალება.
ო. შ-ამ 2022 წლის 05 აგვისტოს სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ოლეგ შანავას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე რანგის პირველი კატეგორიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 06 ივლისის №ბ.126.126221878 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის ო. შ-ას დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით გ. ნ-ას, თ. ს-ას, ო. შ-ასა და ს. ჭ-ას სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით, თ. ს-ას, ს. ჭ-ას, ო. შ-ასა და გ. ნ-ას სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, მოსარჩელეებთან მიმართებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ს-ამ, ს. ჭ-ამ, გ. ნ-ამ, ო. შ-ამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ.
2023 წლის 08 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე თ. ს-ას, ს. ჭ-ას, გ. ნ-ას და ო. შ-ას წარმომადგენელმა - მ. მ-ამ იშუამდგომლა ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იმ მოტივით, რომ ლ. მ-ას, დ. დ-ის, მ. მ-ას, თ. ფ-ას, მ. ჭ-ას, ზ. უ-ას, ს. ს-ას და ნ. კ-ას სარჩელისა გამო მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა №3/101-22წ. ადმინისტრაციული საქმის განხილვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №8 სხდომაზე მიღებული დადგენილებების ბათილად ცნობის შესახებ. შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, დასახელებულ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ზეგავლენას იქონიებდა ადმინისტრაციულ პალატაში თ. ს-ას, ს. ჭ-ას, გ. ნ-ას და ო. შ-ას სააპელაციო საჩივრისა გამო განსახილველ საქმეზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, №3/ბ-431-2023წ ადმინისტრაციული საქმე თ. ს-ას, ს. ჭ-ას, გ. ნ-ას და ო. შ-ას სარჩელისა გამო, მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, შეჩერდა ლ. მ-ას, დ. დ-ის, მ. მ-ას, თ. ფ-ას, მ. ჭ-ას, ზ. უ-ას, ს. ს-ას და ნ. კ-ას სარჩელისა გამო მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ №3/101-22წ. ადმინისტრაციულ საქმეზე (ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №8 სხდომაზე მიღებული დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ) საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ 2022 წლის 06 ივლისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ლ. მ-ამ, დ. დ-იმა, მ. მ-ამ, თ. ფ-ამ, მ. ნ-ამ, ზ. უ-ამ, ს. ს-ამ და ნ. კ-ამ, მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №8 სხდომაზე მიღებული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე №17 დადგენილების, ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №18 დადგენილების, ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №19 დადგენილება, ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №20 დადგენილების, ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №21 დადგენილების, ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №22 დადგენილებისა და ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ №23 დადგენილების ბათილად ცნობა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით (საქმე №3/101-22) სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. წინამდებარე სარჩელით კი სადავო იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 06 ივლისის ბრძანებები, რომლითაც მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სამსახურიდან და ჩაირიცხნენ მოხელეთა რეზერვში.
პალატის მითითებით, სადავო ბრძანებებში მოსარჩელეთა გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება და მობილობის შეუძლებლობა, ხოლო წალენჯიხის მერიაში რეორგანიზაცია და შესაბამის სამსახურებში საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა სწორედ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №8 სხდომაზე მიღებული დადგენილებებით, რომლის ბათილობაც მოთხოვნილი იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების - ლ. მ-ას, დ. დ-ის, მ. მ-ას, თ. ფ-ას, მ. ნ-ას, ზ. უ-ას, ს. ს-ას და ნ. კ-ას მიერ. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ ლ. მ-ას, დ. დ-ის, მ. მ-ას, თ. ფ-ას, მ. ნ-ას, ზ. უ-ას, ს. ს-ას და ნ. კ-ას სარჩელზე მისაღებ გადაწყვეტილებას ჰქონდა წინასწარი გადამწყვეტი მნიშვნელობა მოცემულ საქმესთან მიმართებაში, რაც ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კერძო საჩივრის ავტორი ვრცლად მიუთითებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ პროცესებზე და აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივად არ უმსჯელია, წინამდებარე საქმესა და №3/ბ-431-2023წ ადმინისტრაციული საქმეს შორის კავშირის არსებობის ფაქტზე.
საჩივარში აღნიშნულია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2022 წლის 13 ივნისის დადგენილებების საფუძველზე, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში შესული ცვლილებების შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიიდან განთავისუფლდა 13 საჯარო მოხელე. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 13 ივნისის №23 დადგენილებით დაამტკიცა ახალი საშტატო ნუსხა, ფაქტობრივად კი აღნიშნული დადგენილებით ცვლილება შევიდა 2019 წლის 19 აგვისტოს №17 დადგენილებაში. ხსენებული №23 დადგენილება გასაჩივრებულ იქნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ, რაც გახდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმის შეჩერების საფუძველი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების მიერ არაერთხელ გაჟღერდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, განჩინებაში არ არის აღნიშნული ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედებს არა 2022 წლის 13 ივნისის №23 დადგენილება, არამედ 2022 წლის 30 სექტემბრის „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ №33 დადგენილება, რომლითაც გაუქმდა 2019 წლის 19 აგვისტოს №17 დადგენილება. ამდენად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს წევრებს შორის მიმდინარეობს დავა, რომლის დავის საგანი არ არსებობს, რადგან გასაჩივრებული აქტები ანუ დავის საგანი ძალადაკარგულია. შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის საქმე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 დეკემბრის განჩინებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე თ. ს-ას, ს. ჭ-ას, გ. ნ-ას და ო. შ-ას წარმომადგენლის - მ. მ-ას შუამდგომლობის ხელახლა განხილვის ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს წინამდებარე ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების მართებულობა სხვა ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო შემთხვევებს. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე, შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა - საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან; კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა (სუსგ 09.10.2014წ. საქმე №ას-212-197-2014).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ წინამდებარე ადმინისტრაციული საქმე შეჩერდა ლ. მ-ას, დ. დ-ის, მ. მ-ას, თ. ფ-ას, მ. ჭ-ას, ზ. უ-ას, ს. ს-ას და ნ. კ-ას სარჩელისა გამო მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ №3/101-22 ადმინისტრაციულ საქმეზე (ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №8 სხდომაზე მიღებული დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ) საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკასაციო პალატის მიერ ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია №3/101-22 ადმინისტრაციული საქმის მიმდინარეობის თაობაზე. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის მომართვით დგინდება, რომ ლ. მ-ას, დ. დ-ის, მ. მ-ას, თ. ფ-ას, მ. ჭ-ას, ზ. უ-ას, ს. ს-ას და ნ. კ-ას სარჩელი მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით დარჩა განუხილველი. ამასთან, განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე, რომლის მიმდინარეობის გამოც შეჩერდა წინამდებარე ადმინისტრაციული საქმე, დასრულებულია სასამართლო საქმისწარმოება. შესაბამისად, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე თ. ს-ას, ს. ჭ-ას, გ. ნ-ას და ო. შ-ას წარმომადგენლის - მ. მ-ას შუამდგომლობაზე და შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით შეაფასოს კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ნოემბრის განჩინება და საქმე ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე თ. ს-ას, ს. ჭ-ას, გ. ნ-ას და ო. შ-ას წარმომადგენლის - მ. მ-ას შუამდგომლობის ხელახლა განხილვის ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა