Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-898(კ-23) 24 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. ლ-ე

თავდაპირველი მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ. ლ-ემ 2021 წლის 20 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 ნოემბრის N... დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 09 ივლისის N981 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე და მისი ოჯახი 90-იანი წლებიდან ფლობს ქ. თბილისში, კერძოდ ...ს დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2582 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთს, რომლის დაკანონების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ დრომდე არ არის კანონიერ სარგებლობაში, თუმცა იყენებს როგორც საკუთრებას. ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 ნოემბრის N... დადგენილებით, ლ. ლ-ე 8000 ლარით დაჯარიმდა ზემოაღნიშნულ ქონებაზე უნებართვო მშენებლობისათვის, კერძოდ კაპიტალური ღობისა და ჭიშკრის განთავსებისათვის, თუმცა აღნიშნული დადგენილება მოსარჩელისთვის პირადად ჩაბარებული არ არის მისი ემიგრაციაში ყოფნის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სამართალდარღვევის საქმეზე ლ. ლ-ეის წარმომადგენელი მონაწილეობდა საქმის განხილვაში, წარდგენილი იქნა მისი არაერთი პოზიცია, განცხადება და მოპასუხისათვის ცნობილი იყო წარმომადგენლის მისამართი, სადაც ის იბარებდა კორესპონდენციას, სადავო აქტი განთავსდა ობიექტის ფასადზე და ამ გზით განხორციელდა აქტის მხარისათვის გაცნობა, რის გამოც დადგენილების გასაჩივრების ვადის დარღვევით მოხდა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა, შესაბამისად, მითითებული საფუძვლით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 09 ივლისის N981 ბრძანებით განუხილველად დარჩა ლ. ლ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი.

მოსარჩელის განმარტებით სადავო აქტები გამოცემულია პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო სადავო აქტის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ლ. ლ-ეის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 ნოემბრის N... დადგენილების მოქმედება ლ. ლ-ეის დაჯარიმებისა და ქ. თბილისში, ...ს ...ის დასახლება, ...ს ქ. N.... საკ. კოდი N...-ის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე კაპიტალური ღობისა და ჭიშკრის დემონტაჟის ნაწილში, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) 2021 წლის 09 ივლისის N981 ბრძანება ლ. ლ-ეის წარმომადგენლის ო. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების ნაწილში და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების

საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ლ-ეის წარმომადგენლის ო. ლ-ის 2021 წლის 18 ივნისის N19/01211691835-01 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; სარჩელი დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლი ითვალისწინებს სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობის შესაძლებლობას აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებით, სამართალდარღვევის ადგილზე არ ყოფნის ან ჩაბარებაზე უარის შემთხვევაში, განსახილველ საქმეზე არ დასტურდება მითითებული წესის გამოყენების კანონიერება, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ ფორმალურად დაიცვა ლ. ლ-ეისთვის დადგენილების ჩაბარების სამართლებრივი წინაპირობები. კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული სამართალდამრღვევის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი და მისი მხრიდან სამართალდარღვევის საქმის განხილვაში წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის მიღების სურვილი. საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ ლ. ლ-ეემ გასცა რწმუნებულება და ორგანოს დაუფიქსირა მისი პოზიცია რწმუნებულის მეშვეობით. ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო რწმუნებულის მისამართი და ტელეფონის ნომერი და ნაცვლად იმისა, რომ მოსარჩელის ინფორმირება მოეხდინათ რწმუნებულის მეშვეობით, მათ ფორმალურად დაიცვეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება ობიექტზე სამართალდამრღვევის არყოფნისას ობიექტის ფასადზე დადგენილების განთავსებასთან დაკავშირებით, რითაც შეიზღუდა მოსარჩელისთვის კანონით მისთვის მინიჭებული დადგენილების გაცნობისა და შემდგომ მისი გასაჩივრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები სადავო დადგენილების ჩაბარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით და 2023 წლის 6 მარტის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სადავო აქტები გამოცემულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რადგან საქმის მასალებში არსებული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ ვინაიდან ლ. ლ-ეისათვის 2020 წლის 20 ნოემბრის N... დადგენილების პირადად ჩაბარება ვერ მოხერხდა, მისამართზე არყოფნის გამო, აღნიშნული დადგენილება 2020 წლის 10 დეკემბერს განთავსდა ქ. თბილისში, ...ს დასახლებაში, ...ს ქ. N...-ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, სადავო დადგენილებაში მითითებული ობიექტის ფასადზე, საიდანაც უნდა იქნეს ათვლილი დადგენილების გასაჩივრების 15 დღიანი ვადა. გამომდინარე იქიდან, რომ ლ. ლ-ეის წარმომადგენელმა - ო. ლ-იმა 2020 წლის 20 ნოემბრის N... დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა 2021 წლის 18 ივნისს, გასაჩივრების ვადის დარღვევით, კანონიერია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 09 ივლისის N981 ბრძანება, რადგან მოსარჩელის მიერ ვადის გაშვების საპატიო მიზეზი მითითებული არ არის, შესაბამისად, არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველ საქმეზე საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების მიხედვით, ლ. ლ-ე მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 ნოემბრის N... დადგენილებით, „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 8 000 ლარით, ქ. თბილისში, ...ს ...ის დასახლება, ...ს ქ. N..., საკ. კოდი N...-ის მიმდებარედ, სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის (კაპიტალური ღობისა და ჭიშკრის მოწყობა), რაც გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის N981 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველად, გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით. სასამართლომ იმსჯელა მითითებული ბრძანების კანონიერებაზე და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო რაც შეეხება ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების კანონიერებას, მითითებულ ნაწილში სარჩელი უარყოფილია, რაც მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა, ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ბრძანების შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი; ე) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმით განსაზღვრული კორესპონდენციის ჩაბარების სპეციალური წესის გამოყენებას (აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება), კანონმდებელი უკავშირებს არა ნებისმიერ, არამედ, კონკრეტული პირობების არსებობას; კერძოდ, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მცდელობის მიუხედავად ადრესატისათვის გზავნილის პირადად ჩაბარება ვერ ხერხდება, შესაძლებელია სამშენებლო ობიექტის ფასადზე დადგენილების განთავსებით მისი ჩაბარება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ორგანოს მხრიდან დადგენილების ჩაბარების მცდელობას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი და ჩაბარების ყველა სხვა შესაძლო გზის გამოყენების შემდეგ არის დაშვებული თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსების გზით, მისი ადრესატისთვის ჩაბარებულად მიჩნევა.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლების მიერ შედგა ოქმი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ, რომლის თანახმად, უფლებამოსილი პირი (ლ. ლ-ეე) არ იმყოფებოდა ობიექტზე (ქ. თბილისში, ...ს ...ის დასახლება, ...ს ქ. N..., საკ. კოდი N...-ის მიმდებარედ), შესაბამისად, დადგენილება განათავსეს ობიექტის ფასადზე და აღნიშნული, ასევე დაფიქსირდა ფოტომასალაზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2021 წლის 20 მაისს გაცემულ იქნა N4-5/ს.ფ.-353-21 სააღსრულებო ფურცელი, №... დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით ლ. ლ-ეეს დაევალა ბიუჯეტის სასარგებლოდ 8000 ლარის გადახდა, ქ. თბილისში, ...ს ...ის დასახლება, ...ს ქ. N..., საკ. კოდი N...-ის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე კაპიტალური ღობისა და ჭიშკრის უნებართვოდ მშენებლობისთვის (განთავსებისთვის). საქმის მასალებით ასევე, დადგენილია, რომ მიმდინარე სამართალდარღვევის საქმეზე ლ. ლ-ე მონაწილეობდა წარმომადგენლის მეშვეობით და ადმინისტრაციული ორგანო მასთან კომუნიკაციას ამყარებდა წარმომადგენლის - ო. ლ-ითან კონტაქტის მეშვეობით, რომელიც იბარებდა კორესპონდენციას და ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებაში მიუთითებდა მის მისამართს - ქ. თბილისი, ...ს ...ის დასახლება, ...ს ქ. N..., ბინა N10, ასევე ტელეფონის ნომერს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ (ერთ-ერთი განსახილველი საკითხი შეეხებოდა უწყების გაგზავნის შესაძლებლობას მისი გამოქვეყნების გზით), დაადგინა რა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევა, აღნიშნა, რომ ,,ეროვნულმა სასამართლომ აირჩია საჯარო შეტყობინების საშუალება, წინასწარ იცოდა რა, რომ ეს მიდგომა არაეფექტური იქნებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ განმცხადებელი საზღვარგარეთ იმყოფებოდა... წინამდებარე პროცედურა არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სხვა პროცედურული გარანტიების საზიანოდ, კერძოდ, მხარეთა თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ. იმ დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო უწყებების დაგზავნის შესაძლებლობა მათი გამოქვეყნების გზით, უნდა მომხდარიყო კეთილსინდისიერად და როგორც უკიდურესი საშუალება... მოცემულ საქმეში ამ წესის ხისტი გამოყენება არყევდა განმცხადებლის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიეღო სამართალწარმოებაში და დაეცვა საკუთარი ინტერესები... ეროვნულ სასამართლოებს აკლდათ გულისხმიერება დაუსწრებელი სამართალწარმოებების დროს, რაც გულისხმობდა იმას, რომ განმცხადებელს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, მოცემული საქმე ხელახლა განხილულიყო მისი მონაწილეობით“.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მართალია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფორმალურად დაცული იქნა ლ. ლ-ეისთვის დადგენილების ჩაბარების სამართლებრივი წინაპირობები, თუმცა იმგვარად, რომ მან არ გაითვალისწინა სამართალდამრღვევის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი და მისი მხრიდან სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების სურვილი, კერძოდ, ის, რომ მან გასცა რწმუნებულება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაუფიქსირა მისი პოზიცია რწმუნებულის მეშვეობით. ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო წარმომადგენლის მისამართი და ტელეფონის ნომერი და ნაცვლად იმისა, რომ მოსარჩელის ინფორმირება მოეხდინათ რწმუნებულის მეშვეობით, ფორმალურად დაიცვეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება ობიექტზე სამართალდამრღვევის არყოფნისას ობიექტის ფასადზე დადგენილების განთავსებასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ საქმეზე დადგენილი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, არ შეესაბამება „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლის პირველ ნაწილის ნამდვილ შინაარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა