Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-403(კ-24) 23 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - თ. გ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 15 მარტს თ. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2021 წელს მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებელი ფარით დაკმაყოფილების თაობაზე, რაზედაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვალს ეთქვა უარი გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვლის №IDP 2 23 00000275 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, კანონით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოსარჩელის - თ. გ-ასათვის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით თ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვლის №IDP 2 23 00000275 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. გ-ას ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლზე და განმარტა, რომ კანონმდებლის მიერ მკაფიოდაა დადგენილი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები, რომლის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა, დევნილი ოჯახისათვის კონკრეტული ქულის მინიჭების საფუძველია. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, არ არის უფლებამოსილი დადგენილი კრიტერიუმების მიღმა, დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები. ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთ მოცემულობაში არ გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, ქულების განსაზღვრის შემდეგ, დამატებით შეაფასოს გადაუდებელი განსახლების საჭიროების აუცილებლობა (გამონაკლისია მხოლოდ, დევნილის დროებითი განსახლების წესი, რაც სხვა შემთხვევას წარმოადგენს). კონკრეტულ ეტაპზე, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც დაგროვილი აქვს ქულათა ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია კონკრეტულ ეტაპზე, ბინის მისაღებად. დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მისი საჭიროებების პრიორიტეტულობის განსაზღვრა მითითებული ნორმატიული აქტით ამომწურავად არის ნორმატიულ-სამართლებრივად განსაზღვრული და მის მიღმა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობის დადგენა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნულ ნორმატიულ აქტს და არ გამომდინარეობს მისგან, არღვევს კანონიერების პრინციპს და სცდება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს.

მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ თ. გ-ას ბაბუის მიერ გასხვისებულ ფართში ცხოვრების ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბაბუის მიერ გასხვისებულ საცხოვრებელ სახლში, თუნდაც ქირის გარეშე ცხოვრება არ წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა თუმცა არასწორად განმარტა იგი. მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ მოსარჩელე წლებია ცხოვრობს ბაბუის გასხვისებულ სახლში, აღნიშნული სასამართლოს აზრით არ უნდა გამხდარიყო საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი. ასევე სასამართლო თვითონვე უთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მისამართზე ქირით ცხოვრების ფაქტი, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ესეც არ იყო დამაბრკოლებელი გარემოება საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, სააგენტომ მოსარჩელის საკითხის განხილვისას სწორად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. შესაბამისად, სააგენტოს მიერ სათანადოდ და დამაჯერებლად არის დასაბუთებული ადმინისტრაციული ორგანოს უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვლის №IDP 2 23 00000275 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში, და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი სახელმწიფოს მიმართ განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

რაც შეეხება ოჯახის განსაზღვრებას, ზემოაღნიშნული „წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი, დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილი.

თ. გ-ამ 2022 წელს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2022 წლის მდგომარეობით, ოჯახი შეფასდა 3,0 ქულით (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები 1 წევრი - 1,5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - 1,5 ქულა). თ. გ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი. განაცხადს აკეთებს ერთ შვილთან და არადევნილ მეუღლესთან - დ. მ-ასთან ერთად.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის 2022 წლის 1 დეკემბრის ფორმის თანახმად, თ. გ-ა 2022 წლის ივნისიდან ქირით ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ს. ...ი, მე-... ჩიხი, ა. შ-ეის სახლში. 2008 წლიდან 2022 წლის ივნისამდე ცხოვრობდა საბერძნეთში, ხოლო დევნილობიდან წყალტუბოში, სანატორიუმ ,,...ში’’. განმცხადებლის გადმოცემით, მონიტორინგის მისამართზე მდებარე სახლი არის მეუღლის - დ. მ-ას მამაპაპისეული სახლი. თავად ჰქონდათ საკუთარი სახლი ამავე მისამართზე, რომელიც 2018 წელს გაასხვისა ვ. გ-აზე ბანკის ვალის გამო, რომელმაც დაანგრია აღნიშნული 2- სართულიანი სახლი და ააშენა ავტოსერვისი, ხოლო მონიტორინგის მისამართზე არსებული სახლი გაყიდა ბანკმა, რომელიც შეიძინა განმცხადებლის მულის - ქ. მ-ას მეუღლის - თ. შ-ეის ნათესავმა, ზუსტი ნათესაური კავშირი არ იცის.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, წყალტუბოს რაიონში, სოფელ ...ში, ს/კ ..., სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის - დაზუსტებული ფართობი: 64100.00 კვ.მ და N01 შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობი - 281.7 კვ.მ; მესაკუთრე იყო ფ. მ-ა (განმცხადებლის მამამთილი).

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 მარტის ამონაწერით დადგენილია, რომ წყალტუბოს რაიონში, სოფელ ...ში, ს/კ ..., სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის - დაზუსტებული ფართობი: 64100.00 კვ.მ და შენობა-ნაგებობის N01 განაშენიანების ფართობი - 281.7 კვ.მ მესაკუთრე იყო თ. შ-ე. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს NA19153663-013/001 განკარგულება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დადგენილია, რომ 2020 წლის 6 ივნისის მდგომარეობით წყალტუბოს რაიონში, სოფელ ...ში, ს/კ ..., სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის - დაზუსტებული ფართობი: 64100.00 კვ.მ და N01 შენობა- ნაგებობის განაშენიანების ფართობი - 281.7 კვ.მ. მესაკუთრეა ა. შ-ეე. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.

2016 წლის 5 იანვრის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერიდან ირკვევა, რომ წყალტუბოს რაიონში, სოფელ ...ში, ს/კ ..., სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის - დაზუსტებული ფართობი: 6591 კვ.მ და შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობი 79 კვ.მ და N01 შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 158 კვ.მ მესაკუთრე იყო განმცხადებლის მეუღლე დ. მ-ა. ხოლო 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით მითითებული ქონება ირიცხება ვ. გ-ას სახელზე.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვლის №IDP 2 23 00000275 ბრძანებით მოსარჩელის ოჯახს ეთქვა უარი ბაბუის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო, სააგენტოს პოზიციით მოცემული ეტაპისათვის არ არსებობდა განსახლების გადაუდებელი საჭიროება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.

საგულისხმოა, რომ მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი რაოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება თ. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობაზე, რადგან დევნილ პირს შეუფერხებლად შეეძლო ესარგებლა გასხვისებული საკუთრებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დასტურდება, რომ დევნილ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ბინა და იძულებულია დროებით იცხოვროს სხვის საკუთრებაში, არ ნიშნავს, რომ დევნილ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი და არ საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

ასევე საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად, „..დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება მოსარჩელის შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის არსებობის გამო..“ (სუსგ №ბს-900(კ-21), 23.12.2021წ.; №ბს-83(კ-21), 22.07.2021წ.; №ბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე