საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-863(კ-23) 23 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე - ფ. ზ. ო. გ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 19 ოქტომბერს ფ. ზ. ო. გ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ფ. ზ. ო. გ-ი (დაბადების თარიღი - ... წლის ..., პასპორტის N ...) არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოში, სადაც ჰყავს მშობლები, მეუღლე და შვილები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ფ. ზ. ო. გ-ი პერიოდულად ტოვებს საქართველოს და გადადის რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ. 2021 წლის 24 მაისს იგი ბრუნდებოდა საქართველოში, მაგრამ მას უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე. მოსარჩელემ 2022 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების - საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების (ვირტუალური უარის), მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის 5 ივლისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელისთვის საქართველოში შემოსვლის ნებართვის გაცემის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ. ზ. ო. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება (ვირტუალური უარი) მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის 2021 წლის 5 ივლისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარმა სამმართველომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას. ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია :ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში. სასაზღვრო გამტარ პუნქტში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი: ა) უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე; ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს. ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლით გაწერილია უცხოელის საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ფ. ზ. ო. გ-ის საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოძიებული/მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 29 მარტის განჩინებით უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა საიდუმლო ინფორმაცია, რაც დაერთო საფუძვლად მოსარჩელის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას. შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სადავო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 5 ივლისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების (ვირტუალური უარი) კანონშესაბამისობის საკითხს, სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს - ფ. ზ. ო. გ-ის წარმომადგენლის - ვ. შ-ის მიერ 2021 წლის 5 ივლისს წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, სახეზეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება (ვირტუალური უარი) მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის 5 ივლისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო სასამართლო სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ მათ იხელმძღვანელეს მხოლოდ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ ბოლოს წარდგენილი განცხადების შინაარსით და აღარ იმსჯელეს თავდაპირველად წარმოდგენილ საჩივარზე, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარმა სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის წარმომადგენელს მოსთხოვა სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომელიც ანიჭებდა ფაზილ გუსეინოვის სახელით პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილებას და ხარვეზის შესავსებად განუსაზღვრა 5-დღიანი ვადა, თუმცა საჩივრის ავტორმა ამ ვადაში არ წარადგინა რწმუნებულება. კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერად ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ. ზ. ო. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება (ვირტუალური უარი) მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის 2021 წლის 5 ივლისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარმა სამმართველომ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს - ფ. ზ. ო. გ-ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს ფ. ზ. ო. გ-ისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების (ვირტუალური უარი) ბათილად ცნობის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რომლის ინსპექტირებასაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან უარს ეუბნება და უკან აბრუნებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს უცხოელისთვის საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს, კერძოდ, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა არსებობდეს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში. ამავე წესის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უცხო სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ სამგზავრო დოკუმენტებით და საქართველოს ვიზით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის საქართველოში უვიზო შემოსვლის წესი. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით.
აღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სახელმწიფო საზღვარზე ვიზას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით, რომელიც ამავდროულად ზედამხედველობს სასაზღვრო-გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაწესი, რაც გულისხმობს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების არ დაკმაყოფილების მოტივით, სხვა შესაძლო შემთხვევებთან ერთად, უდავოდ მოიაზრებს უფლებამოსილი ორგანოებიდან საიდუმლო მტკიცებულებების შედეგად მიღებულ ინფორმაციასაც, რომელიც მისი შინაარსის გათვალისწინებით შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვას.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (...) მიერ გამტარ პუნქტში 2021 წლის 24 მაისს განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ფ. ზ. ო. გ-ის ინსპექტირება და შესაბამის სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოძიებული/მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მას უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელსაც აქვს ფართო დისკრეცია, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის ქვედა ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოსარჩელისათვის ვიზის გაცემისა და საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აპრილის №SSG 5 23 00088809 ღია წერილით, სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფ. ზ. ო. გ-ის (დაბ: ...წ.) მიმართ საქართველოს ვიზის გაცემაზე და სახელმწიფო საზღვარზე შეფერხებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა და გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, პრიორიტეტულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხები, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესთა შეპირისპირებისა და მათ შორის გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის ხარჯზე, რაც გამორიცხავს რომელიმე მხარის ინტერესების მომეტებული მოცულობით შეზღუდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ იკვეთება ფ. ზ. ო. გ-ისისათვის სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები.
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 5 ივლისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების (ვირტუალური უარი) კანონშესაბამისობის საკითხს, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების ზოგად წესებს განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას, სახელდობრ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლებას, რომლის მიხედვით გარანტირებულია ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში აქტის გამოუცემლობის სამართლებრივი შედეგები განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისაგან. მითითებული ნორმა უზრუნველყოფს პირის უფლებას - აქტის გამოცემისთვის კანონით განსაზღვრული ვადის დაუცველობის პირობებში მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრით ან სარჩელით -სასამართლო ორგანოებს.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის №ბს-122-115(2კ-13) განჩინებაზე, სადაც პალატამ განმარტა, რომ „პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.“
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ფ. ზ. ო. გ-ის წარმომადგენლის - ვ. შ-ის მიერ 2021 წლის 5 ივლისს წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, სახეზეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება (ვირტუალური უარი) მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის 5 ივლისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა არ იმსჯელა და არ გამოსცა ადმინისტრაციული აქტი 2021 წლის 5 ივლისს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლომ ასევე არ იზიარებს კასატორის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ საჩივრით რა მოთხოვნაც წარადგინა ადმინისტრაციულ ორგანოში, სწორედ ამ მოთხოვნის ფარგლებში გაეცა პასუხი და რაიმე სხვა მოთხოვნა მხარეს არ წარუდგენია და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მოსარჩელე მხარემ ადმინისტრაციულ ორგანოს საჩივრით მიმართა 2021 წლის 5 ივლისს. აღნიშნულის შემდგომ საჩივრის ავტორი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მუდმივად მიმართავდა განცხადებებით, რათა მომხდარიყო საჩივრით მოთხოვნილი საკითხის განხილვა/გადაწყვეტა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე