Facebook Twitter

საქმე №ბს-323(კ-24) 25 ივლისი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ე...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 19 ივნისს სს „ე...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 22 თებერვლის N04/9357 გადაწყვეტილებით სს ,,ს...ს’’ ...ი ჰოსპიტალის საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად პაციენტ თ. ჩ-ის (პ/ნ ...) სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 17 მაისის N04/25995 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 22 თებერვლის N04/9357 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის N04/25995 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თ. ჩ-ის შემთხვევის ანაზღაურებას დაქვემდებარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სს „ე...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „ე...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთლობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ე...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „ე...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 22 თებერვლის №04/9357 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის №04/25995 გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა თ. ჩ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სს „ე...სთვის“ ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-14, მე-15, 22-ე მუხლებზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თ. ჩ-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში დეტალურად იყო აღწერილი პაციენტის ჩივილები სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებისას, მისთვის ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და აღნიშნულის საფუძველზე ფორმირებული დიაგნოზი, ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის (...-10) შესაბამისად, ასევე პაციენტისთვის ჩატარებული მკურნალობა და მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (სტაბილიზაცია). სააპელაციო სასამართლოს მითითებით გასაჩივრებული აქტები მითითებულ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, კერძოდ, არ არის განმარტებული, თუ რაში გამოიხატა მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევა, არ არის წარმოდგენილი მითითება წარმოდგენილ ცნობებში ან/და სამედიცინო ისტორიებში არსებული ხარვეზების შესახებ. გაურკვეველია, თუ რაში გამოიხატება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევა მის მიერ ჩატარებული მკურნალობისას ან/და რა სახის არგუმენტები უნდა წარადგინოს ჩატარებული მომსახურების მართებულად მიჩნევისთვის. ამასთან, სამედიცინო დიაგნოზის შინაარსობრივი სისწორე არ წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინსპექტირების ფარგლებს, შესაბამისად, ეს უკანასკნელი არ იყო უფლებამოსილი, უარი ეთქვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე დიაგნოზის უსწორობის მოტივით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდებოდა გაწეული მომსახურების რეალური სახის, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამედიცინო ჩვენების და სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასახული ჩარევის სახის ურთიერთშესაბამისობა, შესაბამისად, არ არსებობდა სს „ე...სთვის“ პაციენტის - თ. ჩ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სამედიცინო დაწესებულება აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ პაციენტ თ. ჩ-ის აღენიშნებოდა ..., რის გამოც მისი დიაგნოზი სრულ შესაბამისობაში იყო გადაცემულ კოდთან. კასატორი აღნიშნავს, რომ თ. ჩ-ის სამედიცინო მომსახურების შემთხვევა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, პროგრამული კოდით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა დიაგნოზი: ... ..., .... აღნიშნული დიაგნოზის დაზუსტება პროგრამის პირობების მიხედვით (დანართი 1.2) ითვალისწინებს ...ს, რაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დადასტურდა. შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე, აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის პირობების შესაბამისად (შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, როდესაც „წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“). N36 დადგენილების მიხედვით დიაგნოზი ... 10 კლასიფიკატორის შესაბამისად ითვალისწინებს შემდეგ ნორმატიულ შინაარსს - ... - ... და სხვა ... მდგომარეობები დაზუსტება – ..., ... (N1.2 დანართის მე-2 პუნქტის 67-ე ქვეპუნქტი). პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში კი მითითებულია მხოლოდ კოდი - ... ..., დაზუსტებითი კოდირების გარეშე, ამდენად, სახეზეა N36 დადგენილების 15.2 მუხლის მოცემულობა, კერძოდ შეუსაბამობა სამედიცინო დოკუმენტაციის შევსებასა და დადგენილების ნორმატიულ შინაარსს შორის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 22 თებერვლის N04/9357 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის N04/25995 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თ. ჩ-ის შემთხვევის ანაზღაურება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტი - თ. ჩ-ი (დაბ. თარიღი ...წ.) 2018 წლის 22 სექტემბერს 22:30 საათზე მოთავსებული იქნა სს ,,ს...ს“ ... ჰოსპიტალში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: .... ... ... 22.09.2018 22:30 – 24.09.18. 17:00. მოკლე ანამნეზი იყო შემდეგი: პაციენტი კლინიკაში მიყვანილია კატასტროფის ბრიგადის მიერ ხაშურის სამედიცინო ცენტრიდან. მოყვანისას უჩიოდა ..., ტკივილს ორივე ქვემო კიდურის არეში. პაციენტს აღენიშნებოდა ... და სიმპტომურად იღებდა ანტიბიოტიკურ საშუალებებს, უჭირდა გადაადგილდება. გასინჯვისას პაციენტს აღენიშნებოდა ორივე ქვემო კიდურზე ...სათვის დამახასიათებელი სისხლჩაქცევები, რაც დადასტურებული იქნა ...თან კონსულტაციის შედეგად. ამავე ცნობაში მითითებულია, რომ ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე. ჩატარებული მკურნალობა: ... სხვა ინტენსიური თერაპიის მონაცმებით, მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: სტაბილიზაცია. კლინიკაში ყოფნისას პაციენტს ჩაუტარდა შემდეგი დიაგნოსტიკური გამოკვლევები: ... ...ის გამოკვლევა, ...; ... სისხლის საერთო ანალიზი - 2; ... ...ს ზედა ნაწილის ულტრაბგერითი გამოკვლევა, ... ...ის განსაზღვრა სისხლში; ... სისტემის განსაზღვრა; ...ის კვლევა ....

დადგენილია, რომ სს ,,ს...“ - ...ი ჰოსპიტალის მიერ გაკეთდა შეტყობინება და სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში ძირითად დიაგნოზად გადაცემული იქნა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის №04/9357 გადაწყვეტილებით სს ,,ს...ს“ ... ჰოსპიტალს, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა №... სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე, რადგან ზემოაღნიშნული შემთხვევის ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ მიმწოდებლის მიერ შემთხვევის თაობაზე შეტყობინებათა სისტემაში დაფიქსირებული მონაცემები არ ემთხვეოდა საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარდგენილ დიაგნოზსა და მონაცემებს.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნით 2019 წლის 12 მარტს სს ,,ს...ს“ ...მა ჰოსპიტალმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინა №139 ადმინისტრაციული საჩივარი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის №04/25995 გადაწყვეტილებით სს ,,ს...ს“ ...ი ჰოსპიტალის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 2​1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შემთხვევების ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეული იქნა, რომ მიმწოდებლის მიერ შემთხვევის თაობაზე შეტყობინებათა სისტემაში დაფიქსირებული მონაცემები არ ემთხვევა საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარდგენილ დიაგნოზსა და მონაცემებს. სწორედ აღნიშნული გახდა მოსარჩელისთვის თ. ჩ-ის სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს პრეტენზია გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თ. ჩ-ის შემთხვევა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი იყო I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა დიაგნოზით: ... ..., .... აღნიშნული დიაგნოზის დაზუსტება პროგრამის პირობების მიხედვით (დანართ 1.2) ითვალისწინებს ...ს, რაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დადასტურდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1.2-ით განსაზღვრულია პირველი დონის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელ გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას ან ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას. ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწავავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია. ამავე დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) N1.2 დანართის თანახმად, კოდი ... - ... და სხვა ... მდგომარეობები დაზუსტების სახით მოიზრებდა ...ს და ...ს.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ არის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ სადავო შემთხვევის რევიზიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაადასტურებდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობას შეტყობინების სისტემაში გადაცემულ დიაგნოზსა და ჩარევასთან. ამგვარი შეუსაბამობის გამოვლენა კი, სწორედ სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენდა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (თავდაპირველი მოპასუხე) უფლებამოსილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-14 მუხლის შესაბამისად შემოიფარგლებოდა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებით. ამდენად, ეს უკანასკნელი არ იყო უფლებამოსილი, უარი ეთქვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე დიაგნოზის უსწორობის საფუძვლით. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო აქტების კანონიერების თაობაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სარწმუნო მტკიცებულება პირველი დონის ინტენსიური მოკურნალობა/მოვლის გამორიცხვასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო აქტები არ შეიცავს მითითებას კლინიკის მოთხოვნის უარყოფის კონკრეტული დასაბუთებით. სადავო აქტებში მარტოოდენ აღწერილია სამედიცინო შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულია, რომ სამედიცინო შემთხვევები არ ანაზღაურდა დადგენილების კონკრეტული დანაწესების შესაბამისად, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს ან/და ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ გასაჩივრებული აქტები დასახელებულ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით არ შეიცავს დასაბუთებას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი პროგრამული კოდით დიაგნოზი რა გარემოებების, მტკიცებულებების, შეფასებების შედეგად გამორიცხავდა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლას და დადგენილ დიაგნოზს. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ზოგადად მიუთითა და არგუმენტირებული დასაბუთების გარეშე დაასკვნა, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით I დონის ინტენსიური მკურნალობა და შესაბამისი დიაგნოზი არ დასტურდებოდა. მსჯელობა, იმის თაობაზე, კონკრეტულად თუ რატომ არ საჭიროებდა პაციენტი ამგვარ მკურნალობას სადავო აქტებში მითითებული არაა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სადავო სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით წარმოებული სამედიცინო დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება გაწეული მომსახურების, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამედიცინო ჩვენების და სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის ურთიერთშესაბამისობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ არ არსებობდა სს „ე...სთვის“ პაციენტის - თ. ჩ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 8.04.2024წ. N10602 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 750 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 525 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 8.04.2024წ. N10602 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარის 70 პროცენტი - 525 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა