№ბს-270(კ-24) 17 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ე...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 11 მარტის №15018/2/2021 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შპს „ე...ს“ საჩივრის განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ე...ს“ მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით შპს „ე...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე...მა“.
საკასაციო საჩივრის თანახმად, დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს ჩაბარდა 16 აგვისტოს და მისი გასაჩივრება უნდა მომხდარიყო 20 დღის ვადაში, გასაჩივრების ბოლო ვადა იწურებოდა 2021 წლის 5 სექტემბრის 24 საათზე. წარმოდგენილი სამედიცინო ცნობების მიხედვით, დადგენილია, რომ შპს „ე...ს“ დირექტორის - ნ. ნ-ის 1 წლის შვილი - მ. ვ-ა საავადმყოფოში მიყვანილ იქნა 2021 წლის 7 სექტემბერს. ბავშვი ავად გახდა 2 დღით ადრე - 5 სექტემბერს. შესაბამისად, ბავშვი ავად იყო გასაჩივრების ვადის ამოწურვის დროისთვის, ასევე 5 სექტემბრამდეც იყო შეუძლოდ. აღნიშნული ცნობების შესახებ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მიღებულ გადაწყვეტილებაში. კომპანიის დირექტორის მეორე შვილი - 5 წლის ე. ვ-ა 16 სექტემბერს მოთავსებული იქნა სტაციონარში, ხოლო მეუღლეს - ვ. ვ-ას გადატანილი ჰქონდა კოვიდ ინფექცია და გასაჩივრების ვადის პერიოდში იმყოფებოდა მძიმე პოსტ კოვიდურ მდგომარეობაში, გაურთულდა დიაბეტი და ჰიპერტონული დაავადება. 2021 წლის 30 აგვისტოს გარდაიცვალა კომპანიის დირექტორის მეუღლის ბიძა - გ. ვ-ა, რასაც ადასტურებს წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობა. მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრების ვადის გადაცილება ძირითადად გამოწვეული იყო შპს „ე...ს“ დირექტორის მცირეწლოვანი შვილის ავადმყოფობით, ასევე მეუღლის ავადმყოფობისა და მისი მამის ძმის გარდაცვალების გამო. აღნიშნული გარემოებები საპატიო მიზეზებად უნდა ჩაითვალოს, ხოლო 6 სექტემბრის შემდეგ საჩივრის შეტანა საქმის ვითარებაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა, რამდენადაც იგი ყველა შემთხვევაში ვადის დარღვევად ჩაითვლებოდა.
კასატორის მოსაზრებით, თუკი შემოსავლების სამსახურში შპს „ე...მა“ ვერ მოახერხა გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზების შესახებ სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, ყველა ასეთი მტკიცებულება წარდგენილ იქნა სააპელაციო სასამართლოში. სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი და მიეცა საშუალება დავების განმხილველი საბჭოსთვის, რათა საბჭოს ემსჯელა გაშვებული ვადის საპატიო მიზეზების შესახებ და მიეღო გადაწყვეტილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 8 აპრილის №10438 ბრძანებით შპს „ე...ს“ 2021 წლის 27 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (გასაჩივრებული იყო 2020 წლის 28 დეკემბრის №... საგადასახადო მოთხოვნა); პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/მოიკვლიოს მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 88-91); ბ) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 მაისის №... საგადასახადო მოთხოვნით შპს „ე...ს“ დაერიცხა სულ 262673.82 ლარი, მათ შორის, დღგ-ს გადასახადი - 86679 ლარი, მოგების გადასახადი - 855 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 67123 ლარი, ჯარიმა - 77448 ლარი, საურავი - 30568,82 ლარი (ს.ფ 86-87); გ) სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 6 აგვისტოს №... ბრძანებით შპს „ე...ს“ საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 მაისის №... კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 51-53); დ) სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 6 აგვისტოს №... ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა RS-ვებგვერდის საშუალებით. გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილება 2021 წლის 16 აგვისტოს ჩაბარდა (ს.ფ 94); ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 11 მარტის №15018/2/2021 გადაწყვეტილებით, შპს „ე...ს“ საჩივარი დარჩა განუხილველი. დავების განხილვის საბჭოს განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივანისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ გაცნობისთანავე. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დგინდებოდა, რომ პირს შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 16.08.2021 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 05.09.2021 წელი, ხოლო დავების განხილვის საბჭოში გადაგზავნილი საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იყო ელექტრონულად 14.11.2021 წელს (საბჭოში რეგისტრაციის თარიღი/ნომერი 18.11.2021 წელი, №15018/2/2021). შესაბამისად, დარღვეული იყო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20-დღიანი ვადა. დავების განხილვის საბჭომ ასევე იმჯელა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილი გამოყენების შესაძლებლობაზე და განმარტა, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილი იყო კანონით დადგენილი საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ და მომჩივანი არ წარადგენდა არგუმენტებს ან მტკიცებულებებს გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი (ს.ფ 54-56); ვ) საქმეში წარმოდგენილი №01237027073 გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, გ. ვ-ა, რომელიც, კასატორის მითითებით, იყო შპს „ე...ს“ დირექტორის მეუღლის ბიძა, გარდაიცვალა 2021 წლის 30 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის 7 სექტემბერს და 2021 წლის 16 სექტემბერს გაცემული ცნობებით ირკვევა, რომ მ. ვ-ა (კასატორის განმარტებით კომპანიის დირექტორის შვილი) შპს „მ...ში“, ...ის დიაგნოზით, მიყვანილ იქნა ექიმთან 2021 წლის 7 სექტემბრის 11:55 საათზე და გაეწერა იმავე დღეს 16:30 საათზე, ხოლო ა. ვ-ა (კასატორის განმარტებით კომპანიის დირექტორის შვილი) ასევე შპს „მ...ში“, ...ის დიაგნოზით, მიყვანილ იქნა ექიმთან 2021 წლის 16 სექტემბრის 14:05 საათზე და გაეწერა იმავე დღეს 17:30 საათზე. ამასთან, ორივე ცნობაში, ავადმყოფობის მოკლე ანამნეზში აღწერილა, რომ დედის გადმოცემით ბავშვი ავადაა მე-2 დღეა. დაავადება დაეწყო მწვავედ ტემპერატურის მომატებით. ამავე დოკუმენტებში აღწერილია პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგი, მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას - სტაბილიზაცია (ს.ფ 150, 125, 170).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 11 მარტის №15018/2/2021 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც შპს „ე...ს“ საჩივარი დარჩა განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge გამოყენებით.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით. მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი - გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში იგულისხმება სწორედ გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.
„გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან.
ამგვარად, ადრესატის მიერ საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტი დასტურდება პროგრამულად, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, მაშინ როდესაც ადრესატი გაგზავნილი დოკუმენტის ბმულს გახსნის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვებპორტალზე წვდომა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს - გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის მიმღები ყოველთვის არის შესაბამისი ადრესატი, კონკრეტული გადასახადის გადამხდელი. პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გახსნისას ყოველთვის ივარაუდება, რომ მისი გაცნობაც ამავე ადრესატის მიერ ხდება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 6 აგვისტოს №... ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა RS-ვებგვერდის საშუალებით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ელექტრონულად ხორციელდება გაგზავნილი დოკუმენტაციის გახსნა, ითვლება, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია ჩაბარდა გადამხდელს და გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება ჩაბარების თარიღიდან. გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილება 2021 წლის 16 აგვისტოს ჩაბარდა. შესაბამისად, გასაჩივრების 20-დღიანი ვადა ამოიწურა 2021 წლის 6 სექტემბერს. საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა ელექტრონულად 14.11.2021 წელს (საბჭოში რეგისტრაციის თარიღი/ნომერი 18.11.2021 წელი, №15018/2/2021), გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ გარემოებებს სადავოდ არ ხდის არც კასატორი, თუმცა მიიჩნევს, რომ ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მხარე მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა კანონით დადგენილ 20-დღიან გასაჩივრების ვადაში საჩივრის წარდგენის შეუძლებლობა. შპს „ე...ს“ მიერ საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები და გარდაცვალების მოწმობა არ ადასტურებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2021 წლის 6 სექტემბერს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა 2021 წლის 14 ნოემბერს - 2 თვეზე მეტი ვადის გადაცილებით. შესაბამისად, შპს „ე...ს“ მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივრის განუხილველად დატოვება მოხდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას. მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;
3. შპს „ე...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.02.2024წ. №20548121457 საგადახდო დავალებით ვ. ვ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე