საქმე №ბს-317(კ-24) 25 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი(მოპასუხე) - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე)- ა. ი-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 29 მარტს ა. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 18.02.2021წ. ჩაბარდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წერილი, რომლითაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 130-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე მისი და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ე...ის" საარჩევნო სააგიტაციო მასალის (საარჩევნო ბანერი) გაკვრისათვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 8.10.2020წ. ბრძანებით დაკისრებული ჰქონდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და ასევე ჯარიმის გადაუხდელობის გამო ამავე ორგანოს 9.02.2021წ. ბრძანებით საურავი - 1000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი არ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელ პირს და არც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. მისთვის უცნობი იყო საარჩევნო ბანერის განთავსების ფაქტი, შესაბამისად, ვერ წარმოეშობოდა მშენებლობის შეტყობინების ვალდებულება. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 8.10.20წ N4323 ბრძანების მისთვის ჩაბარების ფაქტს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საფოსტო უკუგზავნილზე არ ფიქსირდება მისი ხელმოწერა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საფოსტო შეტყობინებაში მართალია დაფიქსირებულია მისი პირადი ნომერი, მაგრამ აღნიშნული რეკვიზიტი თავიდანვე ცნობილი იყო ფოსტის კურიერისთვის ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო, ადრესატის პირად ნომერს საფოსტო გზავნილის რეესტრში ყველა ადრესატის შემთხვევაში უთითებს. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა გამო, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უკანონოა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 9.02.2021წ. Nბ32.32210407 ბრძანება, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მისთვის საურავის დარიცხვის შესახებ.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 8 ოქტომბრის N4323 ბრძანებისა (ა. ი-ის დაჯარიმების შესახებ) და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 თებერვლის Nბ32.32210407 ბრძანების (ა. ი-ისათვის საურავის დაკისრების შესახებ) ბათილად ცნობა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ა. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 თებერვლის Nბ32.32210407 ბრძანება, ა. ი-ისათვის საურავის დარიცხვის შესახებ; დანარჩენ ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ა. ი-ისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა "მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 31.05.19წ. N255 დადგენილების 22-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარე რეკლამის განთავსება ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. ამასთან, ამავე დადგენილების დანართი N1-ის (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის N140 დადგენილება) „ზ“ პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობებისა და მშენებლობის განმსაზღვრელი მახასიათებლებია: გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ გარე რეკლამის განთავსება I კლასის მშენებლობის სახეა, იგი ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოსათვის შეტყობინების სავალდებულობას. კანონის მოთხოვნათა დარღვევით I კლასის მშენებლობის განხორციელება კი, განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: დაბაში ან სოფელში − 1 000 ლარის ოდენობით.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 8 ოქტომბრის N4323 ბრძანებით, ა. ი-ი დაჯარიმდა 1000 ლარით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, მ. ჯ-ის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ ... მიმდებარედ, მსუბუქი კონსტრუქციის უნებართვო მშენებლობისთვის. ამავე ბრძანებით მოსარჩელეს ჯარიმის გადახდისთვის განესაზღვრა 30 დღე და დაევალა, 3 თვის ვადაში აღმოეფხვრა დარღვევა. ზემოაღნიშნული ბრძანებით, ა. ი-ის ასევე განემარტა, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველი 3 თვის შემდეგ, დაჯარიმდებოდა საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სიდი დისკზე, რომელიც ასახავს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2020 წლის 28 სექტემბერს N29 მითითების შედგენის მომენტს. პალატამ სიდი დისკზე მითითებით დადატურებულად მიიჩნია, რომ 28.09.2020წ. მარნეულში „ე...ს“ კანდიდატის, ა. ი-ის საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ა. ი-ი. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მითითების აქტს გაეცნო ა. ი-ი, რაც დადასტურებულია მითითების აქტზე არსებული მისი ხელმოწერით.
საურავის დარიცხვის თაობაზე მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე, 58-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმეში დაცულ უკუგზავნილში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 8 ოქტომბრის N4323 ბრძანების ჩაბარებასთან დაკავშირებით, გრაფაში „ჩაიბარა“ მითითებულია ინფორმაცია ადრესატის შესახებ, თუმცა ადრესატის ხელმოწერა არ ფიქსირდება, რაც სანდოობის თვალსაზრისით არ არის უტყუარი მტკიცებულება იმის, რომ ა. ი-ის ნამდვილად ჩაბარდა დაჯარიმების შესახებ ბრძანება, რომელიც განაპირობებდა მის ინფორმირებას საურავის შესაძლო დარიცხვის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ 2020 წლის 8 ოქტომბრის N4323 ბრძანებასთან მიმართებით დაცული არ იყო ადრესატისთვის აქტის ოფიციალურად გაცნობის წესი (საქართველოს ზაკ-ის 54.1 მუხლი), რაც 2021 წლის 9 თებერვლის Nბ32.32210407 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა დაედგინა ა. ი-ისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 8 ოქტომბრის, N4323 ბრძანების ჩაბარების ფაქტი. დაჯარიმების შესახებ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 13 ოქტომბრის N... წერილით გაეგზავნა და საქართველოს ფოსტის კურიერმა პირადად ჩააბარა 2020 წლის 19 ოქტომბერს. ამდენად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასამართლოსათვის უნდა მიემართა ბრძანების გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კერძოდ 2020 წლის 19 ოქტომბრიდან 2020 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო ა. ი-იმა ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა 2021 წლის 4 მარტს. შესაბამისად, ბრძანებით განსაზღვრული გასაჩივრების 15-დღიანი ვადის გასვლის გამო, სასამართლოს საქმის წარმოება უნდა შეეწყვეტა. კასატორი მიუთითებს მოწმის - ფოსტის კურიერის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, ა. ი-ისათვის გზავნილის ჩაბარება მოხდა დისტანციურად, ვინაიდან იმ პერიოდში კორონავირუსის პანდემია იყო. მან პირადად ჩააბარა მოსარჩელეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის გზავნილი და გააკეთა შესაბამისი აღნიშვნა „ჩაბარდა“. საქართველოს ფოსტის წერილით დგინდება, რომ მსგავს პრაქტიკას კურიერები იყენებდნენ 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მხარემ სადავოდ გახადა გზავნილის ჩაბარების საკითხი, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა და არ დაკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ა. ი-ის დაჯარიმების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 8 ოქტომბრის N4323 ბრძანებისა და იმავე პირისთვის საურავის დაკისრების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 თებერვლის Nბ32.32210407 ბრძანების კანონიერება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 თებერვლის Nბ32.32210407 ბრძანება, ა. ი-ისათვის საურავის დარიცხვის შესახებ; დანარჩენ ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით არ გაასაჩივრა ა. ი-იმა, რაც გულისხმობს, რომ სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილი (მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 8 ოქტომბრის N4323 ბრძანების ბათილად ცნობის დაკმაყოფილებაზე უარი) შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მსჯელობს რა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, შეაფასებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 თებერვლის Nბ32.32210407 ბრძანების კანონიერებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება ს/კ ... რეგისტრირებულია მ. ჯ-ის საკუთრებად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მარნეულში, ს.კ. ... მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, 28.09.2020წ., განთავსდა პარტია „ე...ს“ კანდიდატის, ა. ი-ის საარჩევნო სააგიტაციო მასალა („ბანერი“). საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ა. ი-ი. სააგიტაციო მასალა - „ბანერი“ განთავსდა მსუბუქ ლითონის კონსტრუქციაზე, რომლის ერთი ნაწილი მიმაგრებული იყო გარე განათების ბოძზე, ხოლო მე-2 ნაწილი სხვა ბოძზე, რომელიც არ წარმოადგენს გარე განათების ბოძს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ა. ი-ის მიმართ, 2020 წლის 28 სექტემბერს შედგა N29 მითითება, ქ. მარნეულში, ს.კ. ... მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, პირველი კლასის მშენებლობის (მსუბუქი კონსტრუქცია) წარმოებისათვის. ა. ი-ის მიეცა 1 დღიანი ვადა, დარღვევის გამოსწორების მიზნით. მითითების აქტს გაეცნო ა. ი-ი, რაც დადასტურებულია აქტზე მისი ხელმოწერით.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ა. ი-ის მიმართ, 2020 წლის 1 ოქტომბერს, შედგენილია შემოწმების აქტი N59. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ა. ი-ის მიერ არ შესრულდა მითითებით გათვალისწინებული პირობები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 8 ოქტომბრის N4323 ბრძანებით, ა. ი-ი დაჯარიმდა 1000 ლარით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, მ. ჯ-ის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ ... მიმდებარედ, მსუბუქი კონსტრუქციის უნებართვო მშენებლობისთვის. ამავე ბრძანებით ა. ი-ის ჯარიმის გადახდისთვის განესაზღვრა 30 დღე და დაევალა, 3 თვის ვადაში აღმოეფხვრა დარღვევა. ა. ი-ის ასევე განემარტა, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველი 3 თვის შემდეგ, დაჯარიმდებოდა საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით.
დადგენილია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 8 ოქტომბრის N4323 ბრძანება ა. ი-ის გაეგზავნა (ფოსტის გზავნილის კოდი: ..., გამგზავნის გზავნილის ნომერი:...) მისამართზე: ქ. მარნეული, ...ის ჩიხი ..., N.... საფოსტო უკუგზავნილში, გრაფაში „ჩაიბარა“ მითითებულია: „a. i-v (...) (თვითონ)“, გზავნილის ჩაბარების დროდ მითითებულია - 19.10.2020 09:20. გზავნილი ხელმოწერილი არაა ადრესატის მიერ.
საქართველოს ფოსტის 31.01.22წ NPOST22 00002541 წერილის თანახმად, 2020 წლის 16 მარტს, შპს „ს...“, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების გამო, გადავიდა საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რის შესახებაც გავრცელდა საჯარო შეტყობინება, ხოლო ინდივიდუალური შეტყობინებები გაეგზავნათ კომპანიის კორპორატიულ მომხმარებლებს. საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმი შეეხო საფოსტო გზავნილების ადრესატისთვის მისამართზე ჩაბარების სტანდარტსაც. კერძოდ, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების აღკვეთის მიზნით, კომპანიის მიერ შემუშავებული იქნა ადგილობრივი საფოსტო-საკურიერო გზავნილების ადრესატის მისამართზე ჩაბარების განსხვავებული წესი, რომლის შესაბამისადაც, საფოსტო-საკურიერო გზავნილის ადრესატის მისამართზე ჩაბარების ფაქტის დადასტურება ხორციელდებოდა ადრესატის პირადი ნომრის ელექტრონულ პროგრამაში ასახვის საფუძველზე, ხოლო ადრესატის ვიზუალური ინდენტიფიცირების შემდეგ, პირადი ხელმოწერის ნაცვლად, სოციალური დისტანციის პირობებში, კურიერის მიერ ელ. პროგრამაში კეთდებოდა აღნიშვნა - „ჩაბარებულია“. აღნიშნული დროებითი ღონისძიება კომპანიის მიერ გამოყენებული იქნა 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ა. ი-ის მიმართ, 2021 წლის 25 იანვრის N3 შემოწმების აქტის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, მ. ჯ-ის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ ..., მიმდებარედ მსუბუქი კონსტრუქციის უნებართვო მშენებლობის წარმოებაზე. აღნიშნული შემოწმების აქტი ა. ი-ის გაეგზავნა (ფოსტის გზავნილის კოდი: ...) მისამართზე: ქ. მარნეული, ...ის ჩიხი ..., N... და პირადად ჩაბარდა 18.02.2021 წელს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 თებერვლის Nბ32.32210407 ბრძანებით, ა. ი-ის დაეკისრა საურავი 1000 ლარის ოდენობით, მ. ჯ-ის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ ..., მიმდებარედ, მსუბუქი კონსტრუქციის უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის, 2020 წლის 8 ოქტომბრის N4323 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო. აღნიშნული ბრძანება ა. ი-ის გაეგზავნა (ფოსტის გზავნილის კოდი: ...) მისამართზე: ქ. მარნეული, ...ის ჩიხი ..., N... და პირადად ჩაბარდა 18.02.2021 წელს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საურავის დარიცხვის თაობაზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 თებერვლის Nბ32.32210407 ბრძანების) გამოცემის საფუძველი გახდა ა. ი-ის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 8 ოქტომბრის N4323 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა. საკასაციო სასამართლო სადავო აქტის კანონიერების შეფასების კუთხით არსებითად მიიჩნევს ყურადღება გამახვილოს ადმინისტრაციული აქტის მხარისთვის ჩაბარების წესზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით პირველი ნაწილის კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ამრიგად, გასაჩივრების ვადის განსაზღვრის პარალელურად კანონმდებლობა ასევე ადგენს მისი ათვლის მომენტს, რომელიც უკავშირდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობას. „გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია აქტის შინაარსის შესახებ. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა აქტის გამოცემის საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის საჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს გადაწყვეტილებას“ (სუსგ 10.10.13წ. ბს-854-836(კ-12)).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს (სზაკ-ის 54.4 მუხლი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთს ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს, თუმცა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, მეორე მხარე არ თავისუფლდება იმ გარემოებების მტკიცების ვალდებულებებისაგან, რომლებზეც იგი ამყარებს საკუთარ მოთხოვნას თუ შესაგებელს.
ადმინისტრაციული ორგანო დაჯარიმების შესახებ სადავო აქტის მოსარჩელისთვის ჩაბარების დასადასტურებლად მიუთითებს ერთი მხრივ მოწმის ჩვენებაზე, რომელიც აღნიშნავს, რომ ნამდვილად იმყოფებოდა ა. ი-ითან, თუმცა ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალული იყო პირთან ახლო კონტაქტი, რის გამოც იმ დროს მოქმედის წესის შესაბამისად, ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარების დროს გააკეთა აღნიშვნა „ჩაიბარა“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 8 ოქტომბრის N4323 ბრძანება ა. ი-ის ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება, რომელიც კასატორის მითითებით უდავოდ ადასტურებს მოსარჩელისთვის დაჯარიმების შესახებ ბრძანების ჩაბარებას, ვერ იქნება გაზიარებული, რამეთუ მოწმისთვის გზავნილის შინაარსი უცნობია, რაც მის მიერ ზემოაღნიშნული ფაქტის უტყუარად დამოწმების შესაძლებლობას გამორიცხავს. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა უშუალოდ ა. ი-ის მიერ ხელმოწერილი გზავნილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარების შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი კანონის საფუძველზე, ხოლო მეორე მხრივ მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება (სუსგ 21.01.2020წ. საქმე №ბს-468-465 (კ-17)). მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისთვის გაცნობის წესის დაცვა აქტის გამომცემი ორგანოს მხრიდან, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს საჯარო ინტერესების გატარების კუთხით, რამდენადაც ადმინისტრაციული აქტი ვერ ამოქმედდება (გარდა საგამონაკლისო წესისა), თუკი მას დაინტერესებული მხარე არ იცნობს. ამასთან, აღნიშნული დანაწესის დაცვა აუცილებელია პირის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მავალდებულებელი ან შემზღუდავი შინაარსისაა. პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ უფლების მზღუდავი დასაბუთებული აქტის არგაცნობისას პირი მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებრივი გარანტიებით, მათ შორის უფლებით, სადავო გახადოს აქტის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება მითითებულ ფუნქციათა შესრულება. ადმინისტრაციულმა ორგანომ თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღების, აგრეთვე მოსარჩელისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ვინაიდან არ დასტურდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 8 ოქტომბრის N4323 ბრძანების ა. ი-ისთვის ჩაბარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მარნეულის მუნიციპალიტეტის 9.02.2021წ. Nბ32.32210407 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა