Facebook Twitter

საქმე №ბს-358(2კ-24) 25 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. ი-ი

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 24 სექტემბერს გ. ი-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა გ. ი-ისთვის 1993 წლის 13 ივლისიდან, 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 5 ივნისის NMOD 7 20 00463981 წერილობითი მიმართვის, ,,გ. ი-ის 2020 წლის 25 ივნისის N527650 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2020 წლის 22 აგვისტოს NMOD 5 20 00000045 ბრძანებისა და გ. ი-ისთვის საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის პერიოდის (2 წელი, 10 თვე და 3 დღე) წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 13 აგვისტოს NMOD 2 20 00702773 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალდებულება გ. ი-ისთვის 1993 წლის 13 ივლისიდან, 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ამ პერიოდში მოსარჩელის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხისთვის გ. ი-ის საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის პერიოდის (2 წელი, 10 თვე და 3 დღე) სამხედრო სამსახურის გავლის სტაჟში ჩათვლის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 5 ივნისის NMOD 7 20 00463981 წერილობითი მიმართვა, გ. ი-ისთვის 1993 წლის 13 ივლისიდან, 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 13 აგვისტოს NMOD 2 20 00702773 წერილობითი მიმართვა, გ. ი-ისთვის საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის პერიოდის (2 წელი, 10 თვე და 3 დღე) წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე უარის თქმის შესახებ და ,,გ. ი-ის 2020 წლის 25 ივნისის N527650 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2020 წლის 22 აგვისტოს NMOD 5 20 00000045 ბრძანება. მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელე გ. ი-ითან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელე გ. ი-ის სასარგებლოდ, წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის ანაზღაურება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

გ. ი-იმა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. ი-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-11 და მე-16 მუხლებზე. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ი-იმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართა მისთვის 1993 წლის 13 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში და საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის პერიოდის (2 წელი, 10 თვე და 3 დღე) სამხედრო სამსახურის გავლის სტაჟში ჩათვლის შესახებ მოთხოვნით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 5 ივნისის №MOD 7 20 00463981 წერილობითი მიმართვით, გ. ი-ის უარი ეთქვა მისთვის 1993 წლის 13 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე იმ საფუძვლით, რომ გ. ი-ის მიერ 1992-1993 წლებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალებსა და მის პირად საქმეში არ ინახებოდა. ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №MOD 2 20 00702773 წერილით დასტურდება, რომ გ. ი-ის საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის პერიოდი (2 წელი, 10 თვე და 3 დღე) არ ჩაითვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, საკანონმდებლო რეგულაცია, თუ რომელ სასწავლებელში სწავლა უნდა ჩათვლილიყო სტაჟში, არ არსებობდა.

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის კუთხით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებმაც დაადასტურეს 1993 წლის ივლისის თვიდან სექტემბრის ბოლომდე გ. ი-ის ბატალიონის ...ში, ...ად ყოფნისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტები. სააპელაციო სასამართლომ ასევე საგულისხმოდ მიიჩნია საქართველოს სსრ ...ის სახელმწიფო კომიტეტის დიპლომი, რომლის თანახმად, გ. ი-ი, ... წლის 1 სექტემბრიდან სწავლობდა და ... წლის 4 ივლისს დაამთავრა საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის სრული კურსი, მიიღო ელექტრომონტიორის პროფესია და მიენიჭა (მეორე) თანრიგის კვალიფიკაცია. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უტყუარად არ დასტურდებოდა გ. ი-ის მიერ 1993 წელს სამხედრო სამსახურის გაუვლელობის ფაქტი, ასევე სადავო აქტიდან არ დგინდებოდა, თუ რის საფუძველზე გამორიცხა ადმინისტრაციულმა ორგანომ ის გარემოება, რომ გ. ი-იმა დაამთავრა სპეციალური სასწავლო დაწესებულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. საკასაციო საჩივარში კასატორმა ასევე იშუამდგომლა საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - გ. ი-ი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რამეთუ მისი სამოტივაციო ნაწილი დაფუძნებულია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების არგუმენტებზე. კასატორის პოზიცია შეესაბამება სრულ თანხვედრაშია მის მიერ წარმოდგენილ შეგებებულ სააპელაციო საჩივართან.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გ. ი-ის მიერ 1993 წელს სამხედრო სამსახურის გავლისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ბრძანებები ან რაიმე დამატებითი დოკუმენტი არ მოიძებნა. გ. ი-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს თავდაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მოსარჩელესთან დაკავშირებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის საარქივო მასალებში გ. ი-ის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. მოსარჩელის პირად საქმეში არ არის დაცული რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი, როგორც სამხედრო სტატუსის მქონე პირის მიერ 1993 წლის 13 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გავლისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტს. ასევე არ არსებობს ამავე პერიოდში გ. ი-ის მიმართ გამოცემული სამხედრო სამსახურში დანიშვნის, გათავისუფლების, მივლინების და გადაადგილების ბრძანებები, სახელფასო და იარაღის გაცემის შესახებ უწყისები.

კასატორი მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არ ადგენს იმპერატიულ მოთხოვნას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის ჩათვლასთან დაკავშირებით. სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებისა, რადგან ზემოხსენებული ნორმა არ ითვალისწინებს უპირობო ვალდებულებას სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლაზე. ამასთან, გ. ი-ის დიპლომის თანახმად, იგი ...-... წლებში სწავლობდა საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში და არა უმაღლეს სასწავლებელში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ი-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ი-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

დავის საგანს წარმოადგენს გ. ი-ისთვის 1993 წლის 13 ივლისიდან, 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდისა და საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის პერიოდის (2 წელი, 10 თვე და 3 დღე) წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 5 ივნისის №MOD 7 20 00463981, 2020 წლის 13 აგვისტოს №MOD 2 20 00702773 წერილობითი მიმართვებისა და "გ. ი-ის 2020 წლის 25 ივნისის N527650 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2020 წლის 22 აგვისტოს NMOD 5 20 00000045 ბრძანების ბათილად ცნობა.

დადგენილია, რომ გ. ი-იმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართა მისთვის 1993 წლის 13 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში და საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის პერიოდის (2 წელი, 10 თვე და 03 დღე) სამხედრო სამსახურის გავლის სტაჟში ჩათვლის შესახებ მოთხოვნით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 5 ივნისის №MOD 7 20 00463981 წერილობითი მიმართვით, გ. ი-ის უარი ეთქვა მისთვის 1993 წლის 13 ივლისიდან, 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე. გ. ი-ის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მის მიერ 1992-1993 წლებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალებსა და მის პირად საქმეში არ ინახებოდა.

ზემოაღნიშნული წერილი, გ. ი-იმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2020 წლის 22 აგვისტოს №MOD 5 20 00000045 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1993 წლის 13 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდის ჩათვლასთან დაკავშირებული მოთხოვნის ნაწილში, ხოლო, საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის პერიოდის ჩათვლის ნაწილში მოთხოვნა განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №MOD 2 20 00702773 წერილით გ. ი-ის საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის პერიოდი (2 წელი, 10 თვე და 3 დღე) არ ჩაეთვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, საკანონმდებლო რეგულაცია, თუ რომელ სასწავლებელში სწავლა უნდა ჩათვლილიყო სტაჟში, არ არსებობდა.

გ. ი-ი, ... წლის 1 სექტემბრიდან, ... წლის 4 ივლისამდე სწავლობდა საქართველოს სსრ ...ის სახელმწიფო კომიტეტში, სადაც მიენიჭა ელექტრომონტიორის (მეორე) თანრიგის კვალიფიკაცია.

სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 16 აპრილის N362883 წერილით გ. ი-ის განემარტა, რომ პერსონალის მართვის ცენტრში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც მისი 1993 წელს სამხედრო სამსახურის გავლის და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ბრძანებები ან რაიმე დამატებითი დოკუმენტი არ მოიძებნა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს N... სამხედრო ნაწილის 1993 წლის 23 ივლისის N176 ცნობის შესაბამისად (რომელიც ხელმოწერილია N... ბატალიონის მეთაურის მიერ), გ. პ.-ის ძე კ-ი მსახურობდა N... ბატალიონის N... სამხედრო ნაწილში 1993 წლის 13 ივლისიდან 1993 წლის 23 ივლისის მდგომარეობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში ანდა სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში. მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.

ზემოთმითითებული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. ამასთან, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება, მათ შორის, სამხედრო სამსახური, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური. გარდა ამისა, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდის, წელთა ნამსახურობაში ჩათვლას მოსარჩელისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს მისთვის კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმა უფლებას ანიჭებს გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს წელთა ნამსახურების დაანგარიშებისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაუთვალოს თუ არა პირს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. აღნიშნული ჩანაწერი არ გულისხმობს, რომ კომპეტენტური ორგანო ვალდებულია ნებისმიერ შემთხვევაში ჩაუთვალოს პირს სწავლის პერიოდი სტაჟში, არამედ წარმოადგენს უფლებამოსილებას, რომელსაც კანონი ანიჭებს გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირს. ანალოგიური მსჯელობა აქვს ასევე განვითარებული საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლასთან მიმართებაში, პრაქტიკით დადგენილია, რომ სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება (სუსგ №ბს-211-209(კ-17) 25.01.2018, №ბს-860(2კ-20) 28.04.2021).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შეუზღუდავ, უკონტროლო თავისუფლებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი შედეგის განსაზღვრის თავისუფლებით აღჭურავს, მაგრამ აღნიშნული უპირობოდ არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას და სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით, ხოლო სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს არსებულ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით კვლევას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს N... სამხედრო ნაწილის 1993 წლის 23 ივლისის N176 ცნობაზე (ხელმოწერილია N... ბატალიონის მეთაურის მიერ), რომლიდანაც ირკვევა, რომ გ. პ.-ის ძე კ-ი მსახურობდა N... ბატალიონის N... სამხედრო ნაწილში 1993 წლის 13 ივლისიდან 1993 წლის 23 ივლისის მდგომარეობით. ნიშანდობლივია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ ასმეთაურ მ. კ-ას, მეთაურის მოადგილე ჯ. ბ-ას და რიგითი ნ. ნ-ას ხელმოწერებით, დგინდება, რომ გ. ი-ი ირიცხებოდა ...-ე ბრიგადის ...-ე ბატალიონის ...ში ...ად და იგი 1992-1993 წლებში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხული იქნა 24-ე ბრიგადის ...-ე ბატალიონის მეთაურის მოადგილე ჯ. ბ-ა, რომელმაც დაადასტურა 1993 წლის ივლისის თვიდან სექტემბრის ბოლომდე გ. ი-ის ბატალიონის ...ში, ...ად ყოფნისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტები. ჯ. ბ-ას განმარტებით, ბატალიონში მოხალისედ არავინ იყო, ყველა ოფიციალურად იყო გაფორმებული და იარაღის ნომრები ჰქონდათ გაცემული, მათ შორის, გ. ი-ის.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნლობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი უთხრა გ. ი-ის 1993 წლის ივლისიდან 1993 წლის სექტემბრამდე პერიოდის სამხედრო სამსახურის სტაჟში ჩათვლაზე, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს არქივში არ იყო დაცული მისი 1993 წელს სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე ინფორმაცია. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას მასზედ, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული არ იყო შესაბამისი დოკუმენტები, არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმეში არსებული მასალების და დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და უტყუარად დაადგინოს მონაწილეობდა თუ არა გ. ი-ი საბრძოლო მოქმედებებში და რა პერიოდში. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 1993 წლის 13 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდის სამხედრო სტაჟში საფუძველს წარმოადგენს არა კონკრეტული პირის საარქივო მასალებში აღრიცხვის ფაქტი, არამედ კანონით სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადგენა.

საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 13 აგვისტოს წერილით გ. ი-ის საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის პერიოდი არ ჩაეთვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, საკანონმდებლო რეგულაცია, თუ რომელ სასწავლებელში სწავლა უნდა ჩათვლილიყო სტაჟში, არ არსებობდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამსახურეს სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი ეთვლება სამხედრო სამსახურში. გ. ი-ი შეგებებულ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ მის მიერ დამთავრებული საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი წარმოადგენდა სპეციალურ სასწავლებელს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია კანონში პირდაპირ სახელდებით არ არის მოხსენიებული პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, თუმცა რა გამორიცხავს მის სპეციალურ სასწავლებელად მიჩნევას, გასაჩივრებული აქტიდან არ იკვეთება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა გ. ი-ის მიერ მოცემულ საქმეზე მითითებული გარემოებები, ასევე გასაჩივრებულ აქტებში ასახული არ არის ადმინისტრაციულმა ორგანომ რა მოტივებით გამორიცხა განმცხადებლის არგუმენტები.

ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედება გ. ი-ისთვის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის პერიოდის სამხედრო სამსახურის სტაჟში ჩათვლას ან მასზე უარის თქმას, ვინაიდან მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკმარისად დასაბუთებული არ არის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში გ. ი-იმა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, რათა მისი უფლებების და ინტერესების დაცვა უკეთ ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის №ბს-693(კ-კს-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“, სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ №ას-1150-2020, 29.11.2021წ.)

საკასაციო სასამართლო გაეცნო კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ არ იკვეთება საქმის ზეპირი განხილვის საჭიროება. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ მოცემული საქმის პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას მხარეთა დასწრებით ჩატარდა არაერთი სხდომა, ამდენად, მხარეთა საპროცესო უფლებები სრულად რეალიზებულია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საკასაციო საჩივრების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ფორმა სრულად შეესაბამება საკანონმდებლო დანაწესებს.

სა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ი-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორის - გ. ი-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა