საქმე №ბს-345(კ-24) 24 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ს. მ. მ-ო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ს. მ. მ-ომ 2020 წლის 24 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 09 ივნისის №1000709196 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ს. მ. მ-ოსთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭების თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2011 წლიდან იმყოფება საქართველოში. 2014 წლიდან არის საქართველოს ...ის წევრი, ეწევა შემოქმედებით საქმიანობას, მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში, სიმპოზიუმებსა და პლენერებში, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ამავდროულად, მოსარჩელის საქმიანობას მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი, საქმიანობით - მხატვარი. 2017 წლის 31 ოქტომბერს იქორწინა საქართველოს მოქალაქე ა. ს-ესთან. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
ს. მ. მ-ომ სარჩელში აღნიშნა, რომ 2017 წლის 20 იანვარს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შრომითი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნაზე იმავე საფუძვლით უთხრა უარი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რაც გაასაჩივრა სასამართლოში, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი და მოპასუხეს დაევალა ახალი აქტის გამოცემა ს. მ. მ-ოსთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე. ვინაიდან საქმის განხილვის დროს სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის საქართველოში ყოფნა არავითარ საფრთხეს არ უქმნიდა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. მ. მ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 09 ივნისის №1000709196 გადაწყვეტილება და ს. მ. მ-ოსთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახალი განხილვის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, 2023 წლის 30 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით, ს. მ. მ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან გამოთხოვილი ინფორმაციის დეტალურად გაცნობის შედეგად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა საქმეზე დადგენილი გარემოებები, რამაც საბოლოოდ არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-15 მუხლზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეს მუდმივი ცხოვრების ნებართვა წარმოადგენს, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. აგრეთვე მიუთითა ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
სააპელაციო სასამართლომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებზე დაყრდნობით განმარტა, რომ უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის ხარჯზე. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები, ერთმანეთს შეუპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები და თანაზომიერების პრინციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემის თუ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო ზემოხსენებული კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას კი - აკისრებს ვალდებულებას.
პალატამ მიუთითა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება (1 მუხ.). ზემოხსენებული კანონის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, რომელიც მოპოვებულია გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად და შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი ხსენებული ინფორმაცია ასახოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან გააცნოს მხარეებს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება ს. მ. მ-ოს განცხადების განხილვისას სწორად გამოიყენა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები სათანადო სტანდარტით აჩენდა საფუძვლიან ვარაუდს, რომ მოსარჩელე შესაძლოა წარმოადგენდეს საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებისათვის. პალატის მოსაზრებით, მართალია პირველი ინსტანციის სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა კერძო ინტერესს, თუმცა არც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, არც საქმის მასალებით და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით არ დასტურდებოდა მოსარჩელის ინდივიდუალური ინტერესის უპირატესობა ეროვნულ უსაფრთხოებასთან შედარებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. მ. მ-ოს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტი ეწინააღმდეგება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის“ შესახებ საქართველოს კანონს. აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები მოიცავს უმძიმეს საერთაშორისო დანაშაულებს, ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობას, ნარკოტრეფიკინგს და ა.შ.. ამ საფუძვლებით ქვეყანაში შემოსვლის ან ყოფნის აკრძალვა ნორმალური მოვლენაა განვითარებული ქვეყნების საიმიგრაციო კანონმდებლობაში და მისი არსებობა აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების რისკების პრევენციისთვის, თუმცა საქართველოში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკისგან განსხვავებით, ჩამოთვლილი დანაშაულების განსაკუთრებული სიმძიმის გამო, ამ საფუძვლით ბინადრობის შეზღუდვა უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, მეტი დასაბუთებით და ვიწრო დისკრეციით. ზუსტი რაოდენობის დადგენა, თუ რამდენ ადამიანს უთხრა უარი სახელმწიფომ ამ მიზეზით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეუძლებელია, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრო არ ამჟღავნებს ამ ინფორმაციას.
კასატორი მიიჩნევს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავტომატურად ეუბნება პირს უარს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს თანამშრომლებს არ გააჩნიათ კონტრდაზვერვის დასკვნის დასაბუთების გაცნობის საშუალება, რაც მათ უზღუდავს შესაძლებლობას სრული შეფასების შედეგად მიიღონ გადაწყვეტილება, შესაბამისად, თითოეული ასეთი დასკვნა რეალურად მათთვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს. ამასთანავე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასაბუთების გასაიდუმლოებული ხასიათის გამო პირს ეზღუდება უფლების სასამართლო გზით აღდგენის მექანიზმებიც, რადგან ნებართვაზე უარის გასაჩივრებისას ხშირად სასამართლოც არ ინტერესდება დასკვნის დასაბუთებით და ,,ხელმძღვანელობს კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით, რომლის შესაბამისადაც, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და არ შეიძლება გამოყენებული იქნას სამართალდაცვითი მიზნებისთვის.
ს. მ. მ-ო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ დამკვიდრებულია მანკიერი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა განიხილება, როგორც ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის აბსოლუტური საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნა არ არის და არ შეიძლება იყოს სავალდებულოდ შესასრულებელი ხასიათის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის და ის შესაძლოა იყოს როგორც უსაფუძვლო, ასევე უკანონო. უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული ნეგატიური დასკვნების სტატისტიკა ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოროტად იყენებს კანონმდებლობით – მინიჭებულ პრივილეგიას, უსაფუძვლოდ ზღუდავს განმცხადებელთა უფლებებს და აწარმოებს შერჩევით და დისკრიმინაციულ პოლიტიკას კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეების მიმართ. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად გამოკვლევის შემთხვევაში არ მოხდებოდა მოსარჩელისთვის არასასურველი შედეგის დადგომა და მას მიეცემოდა მუდმივი ცხოვრების ნებართვა.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ იგი 2017 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება, არის ცნობილი და გამოჩენილი ხელოვანი, რომელსაც თბილისში საკუთარი ... აქვს, მიწვეულია არაერთ გამოფენაზე, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. მას არ ჩაუდენია რაიმე დანაშაული, შესაბამისად გაუგებრად მიაჩნია რა მიზეზით ეთქვა უარი. ამავდროულად მიუთითებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე, რასაც მიიჩნევს, რომ არღვევს მის უფლებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ს. მ. მ-ოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ. მ-ოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 09 ივნისის №1000709196 გადაწყვეტილების კანონიერება. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანია მიღებული გადაწყვეტილება რამდენად შეესაბამება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო, მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს უცხოელისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი) მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის მინიჭებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-15 მუხლის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს ითვალისწინებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი უარის თქმის საფუძვლად ადგენს ისეთი საქმიანობის განხორციელების დადასტურებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლით დადგენილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი და ვადები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. მითითებული საფუძვლები ემსახურება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებს. ამგვარად, მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში რიგ შემთხვევებში ავალდებულებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2020 წლის 12 მაისს №1000709196/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა მოსარჩელე ს. მ. მ-ოსთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 28 მაისის №SSG 8 20 00062317 წერილით სააგენტოს შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე მითითებით ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ს. მ. მ-ოსთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა, რის საფუძველზეც გამოიცა სადავო აქტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის 2020 წლის 28 მაისის №SSG 8 20 00062317 წერილი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ცალსახად არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საშიშროება, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული გაითვალისწინოს ბინადრობის მაძიებელი პირის კონკრეტული მახასიათებლები.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებას (1 მუხ.). ამავე კანონის მე-5 მუხლი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებს, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა; საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა; ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა; სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი შესრულების კონტროლი და ქვეყნის საგარეო საფრთხეებისაგან დაცვა. სამსახურის ფუნქციებს წარმოადგენს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა თავიდან აცილება (პრევენციული ღონისძიებების განხორციელება), გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება და სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი. ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სამსახური პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გააფრთხილოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები იმ შესაძლო ქმედებათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოება („გ“ ქვ.პ.) და ღია და ფარული წყაროებიდან მოიპოვოს ინფორმაცია, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება („კ“ ქვ.პ). „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიტიკური დამუშავება და გამოყენება („ა“ ქვ.პ.) და კონკრეტული სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოვლენა და თავიდან აცილება („ბ“ ქვ.პ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უშიშროების საფრთხე ფარდობითი კატეგორიის ცნებაა, მას არ ახასიათებს აბსოლუტური განსაზღვრულობა, თუმცა იმისთვის, რომ მასზე მითითებით უცხოელს საქართველოში ყოფნაზე ეთქვას უარი, აუცილებელია მოსალოდნელობის გარკვეული ვარაუდი შეიქმნას (სუსგ 29.07.2022წ. №ბს-959(კ-21)). შესაბამისად, არ არის აუცილებელი იგი აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
საკასაციო სასამართლოს მიერ 2024 წლის 10 ივნისს №ბს-345(კ-24) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ს. მ. მ-ოსთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, ხაზგასმით აღნიშნავს და ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების დაცვით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება გარდაუვალია, მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება; კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს მისი შინაგანი რწმენით, აღწერილი საფრთხის რეალიზების ალბათობის შეფასებით, დასკვნის დასაბუთებულობის, გონივრულობისა და სანდოობის შემოწმებით, აგრეთვე საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით. ამგვარად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
მართალია, მოცემულ შემთხვევაში იზღუდება ს. მ. მ-ოს უფლებები, ვინაიდან იგი ვალდებულია გადაწყვეტილების აღსრულებიდან გამომდინარე დატოვოს საქართველო, თუმცა საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ შეზღუდვას საფუძვლად უდევს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გამოიხატება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მთავრობას უფლება აქვს დაადგინოს ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი განმცხადებლის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით (Case of Leander v. Sweden). ამასთან, ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს (Lupsa v. Romania). კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს თავისუფლება აკონტროლოს მის ტერიტორიაზე უცხოელის შემოსვლის, ბინადრობისა და გაძევების საკითხები (Khasanov and Rakhmanov v. Russia, 2022, §93).
ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს სამართლებრივი დაცვის ზომებს საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში თვითნებური ჩარევის საწინააღმდეგოდ. როცა საქმე ეხება ფუნდამენტური უფლებების შელახვას, აღმასრულებლისადმი მინიჭებული სამართლებრივი დისკრეციის გამოვლენა შეუზღუდავი უფლებამოსილების სახით, შეუსაბამო იქნება კანონის უზენაესობასთან, რაც დემოკრატიული საზოგადოების კონვენციაში ჩადებული ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1984 წლის 2 აგვისტო, § 68, სერიები A, №82). არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ადეკვატური და ქმედითი დაცვის საშუალებები ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, მათ შორის, სასამართლოების მხრიდან ეფექტიანი, გულდასმით განხილვის კონკრეტული პროცედურები, რადგან საიდუმლო სადაზვერვო სამსახური, შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოიცავს რისკს, ძირი გამოუთხაროს ან სულაც გაანადგუროს დემოკრატია მისივე დაცვის საფუძვლით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №28341/95, §§ 55 და 59, ECHR, 2000-V).
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს მისი შინაგანი რწმენით, აღწერილი საფრთხის რეალიზების ალბათობის შეფასებით, დასკვნის დასაბუთებულობის, გონივრულობისა და სანდოობის შემოწმებით, აგრეთვე საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით.
ამგვარად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები (სუსგ №ბს-342-331(კ-10), 20.10.2010წ.).
რაც შეეხება სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 12 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონდარღვევას და მასში მოთხოვნილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ განმეორებით შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ამ უკანასკნელის გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად იქნა მოპოვებული და რომლის შეფასებაც არ არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო მოსმენა არის კონვენციის 6.1. მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპი, თუმცა ასეთი მოსმენის ჩატარების ვალდებულება არ არის აბსოლუტური ხასიათის (De Tomaso v. Italy, §163). მოსმენა არ არის აუცილებელი, როდესაც არ არის წარმოდგენილი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები, რომლებიც საჭიროებს მოსმენას და სასამართლოს შეუძლია საქმე გადაწყვიტოს სამართლიანად და რაციონალურად მხარეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე (Döry v. Sweden, §7, Saccoccia v. Austria, §73). სოციალურ სფეროში, ეფექტურობისა და ეკონომიის პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია თავი შეიკავოს მოსმენის ჩატარებისგან, რადგან სისტემატურად მოსმენების ჩატარებამ შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას სოციალური დაცვის პროცედურების განსაკუთრებული გულმოდგინებით განხორციელებას (Dory v. Sweden, § 41) (იხ. სუსგ. 01.06.22წ. საქმეზე №ბს-379(კ-22)). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის, მათ შორის საქმეში არსებული გრიფით საიდუმლო ინფორმაციის მხარეებისათვის გაცნობის აკრძალვის პირობებში, აგრეთვე საქართველოში არსებული აპელაციის მოდელის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. მ. მ-ოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. დ. ნ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 21.05.2024წ. №1716297723 საგადასახადო დავალებით მის მიერ ს. მ. მ-ოს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა