№ბს-398(კ-24) 17 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. პ-ისა და მ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, მესამე პირი - ჯ. ჩ-ე, ვ. ო-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. პ-იმა და მ. პ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე კერძო აღმასრულებელი ვ. ო-ეის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს, უკანონოდ იქნეს ცნობილი კერძო აღმასრულებელ ვ. ო-ეის ქმედება - ... სააღსრულებო საქმეზე, 2022 წლის 31 მაისის ...-004/002 გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე გამოცემის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ჯ. ჩ-ე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 თებერვლის საოქმო განჩინებით კერძო აღმასრულებელ ვ. ო-ეის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ვ. ო-ე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ზ. პ-ისა და მ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. პ-ისა და მ. პ-ის მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ზ. პ-ის და მ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. პ-ისა და მ. პ-ის მიერ.
კასატორები აღნიშნავენ, რომ კერძო აღმასრულებელ ვ. ო-ეის მიერ №22083541 სააღსრულებო საქმეზე განხორციელებული ქმედება ცალსახად ეწინააღმდეგება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 31 მაისს მოვალეებს - ზ. და მ. პ-იებს კერძო აღმასრულებელი ვ. ო-ეისგან გაეგზავნათ გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნული გზავნილით აღმასრულებელი პირდაპირ ითხოვდა უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას ისე, რომ მას ჯერ წინადადება მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ არ გაუგზავნია და არც დრო არ მიუცია მოვალეებისთვის ნებაყოფლობით შეესრულებინათ მოთხოვნა და დაეცალათ უძრავი ქონება. შესაბამისად, კერძო აღმასრულებელმა პირდაპირ დაარღვია კანონით დადგენილი წესები და მათი გვერდის ავლით ახორციელებს აღსრულებას, რაც ცალსახად უკანონოა. აგრეთვე, კერძო აღმასრულებელმა კრედიტორის მიერ განცხადებით მიმართვის დღესვე მოვალეებთან გააგზავნა გაფრთხილება, რაც ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებსა და ნორმებს სცდება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ საქმეებზე, მოახდინოს იძულებითი გამოსახლების თარიღის განსაზღვრა, მაგრამ სავალდებულო პირობაა, რომ თარიღის განსაზღვრამდე კერძო აღმასრულებელმა მიმართოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში არსებულ აღსრულების პოლიციას და შეათანხმოს იძულებითი გამოსახლების თარიღი და შედეგები აცნობოს მოვალე მხარეს. მოცემულ შემთხვევაში კერძო აღმასრულებელს კრედიტორის მიერ განცხადების შეტანის დღესვე გაგზავნილი აქვს გაფრთხილება, რომელშიც პირდაპირ განსაზღვრულია იძულებითი გამოსახლების თარიღი. ცალსახაა, რომ აღნიშნული თარიღი ვერ იქნებოდა შეთანხმებული აღსრულების პოლიციასთან, ვინაიდან ქვეყანაში არსებული პანდემიური და პოსტ-პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღსრულების პოლიციას დაგროვებული ჰქონდა 2-3 წლის განსახორციელებელი იძულებითი გამოსახლებები. შესაბამისად, 2022 წლის 31 მაისს დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაზე ზუსტად თვე ნახევარში იძულებითი გამოსახლების ჩატარება აღსრულების პოლიციის მონაწილეობით შეუძლებელი იყო. აღნიშნულის თაობაზე ცალსახაა, რომ ინფორმირებული იყო თავად კერძო აღმასრულებელი ვ. ო-ე და კანონის გვერდით ავლით, საკუთარი ინიციატივით განსაზღვრა იძულებითი გამოსახლების თარიღი და ცდილობდა, მოვალეების მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის გზით, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. აღნიშნული მან აგრეთვე სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა და აღნიშნა, რომ გამოსახლების პროცედურა ისე ჰქონდა ჩანიშნული, რომ აღსრულების პოლიციასთან არ ჰქონდა შეთანხმებული.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. პ-ისა და მ. პ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. პ-ისა და მ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმიდან ამონაწერის თანახმად, მხარეთა მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება №2/125-19 სამოქალაქო საქმეზე, ზ. ჩ-ეის სარჩელისა გამო მოპასუხეების: ზ. პ-ის და მ. პ-ის მიმართ თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე. დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდა მხარეთა შორის (მოსარჩელე - ზ. ჩ-ე პ/ნ ..., მოპასუხეები - ზ. პ-ი პ/ნ ... და მ. პ-ი პ/ნ ...) მორიგება შემდეგი პირობებით: 1.1. ზ. პ-ის ზ. ჩ-ეის მიმართ გააჩნია სასესხო ვალდებულება ჯამში 31400 აშშ დოლარი; 1.2. ზ. პ-ი იღებს ვალდებულებას 31400 აშშ დოლარი გადაუხადოს ზ. ჩ-ეს 2020 წლის 01 ოქტომბრამდე; 1.3. იმ შემთხვევაში თუ 31400 აშშ დოლარს ზ. პ-ი ზ. ჩ-ეს ვერ გადაუხდის 2020 წლის 01 ოქტომბრამდე, 2020 წლის 02 ოქტომბერს ზ. ჩ-ე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგენს აღნიშნულ მორიგების აქტს და მის საკუთრებაში გადავა მ. პ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ..., მიკრო/რაიონი ..., კორპუსი ..., ბინა ..., საკადასტრო კოდი №...; 1.4. თანხის (31400 აშშ დოლარის) სრულად გადახდამდე (2020 წლის 01 ოქტომბრამდე) მ. პ-ის ზ. ჩ-ეის თანხმობის გარეშე შეეზღუდოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ..., მიკრო/რაიონი ..., კორპუსი ..., ბინა ..., საკადასტრო კოდი №..., გაყიდვა, გაჩუქება და იპოთეკით დატვირთვა; 1.5. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში 2020 წლის 01 ოქტომბრამდე ზ. პ-ი და მ. პ-ი იღებენ ვალდებულებას 2020 წლის 10 ოქტომბრამდე გამოათავისუფლონ მათ მიერ დაკავებული ბინა მდებარე: თბილისი, ..., მიკრო/რაიონი ..., კორპუსი ..., ბინა ..., საკადასტრო კოდი №... და გადასცენ ზ. ჩ-ეს (ტ.1, ს.ფ 86-87); ბ) 2020 წლის 20 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გაცემულ იქნა №2/125-19 სააღსრულებო ფურცელი (ტ.1, ს.ფ 84-85); გ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის №2/125-19 განჩინებით, ჯ. ჩ-ეის განცხადება უფლებამონაცვლის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 5 აპრილის №2/125-19 განჩინებასა (სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმის ამონაწერი) და მის საფუძველზე 2020 წლის 20 ოქტომბერს გაცემულ №2/125-19 სააღსრულებო ფურცელში მითითებული კრედიტორის 08.05.2021 წელს გარდაცვლილი ზ. ჩ-ეის პ/ნ ... უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ჯ. ჩ-ე პ/ნ ... (მისამართი: თბილისი, ...ის 77, ბინა №6) (ტ.1, ს.ფ 89-93); დ) 2022 წლის 27 მაისს ჯ. ჩ-ეის წარმომადგენელმა დ. კ-ემ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ვ. ო-ეს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სააღსრულებო ფურცელში მითითებული ფართის გამოთავისუფლება, მოვალის მიერ დამტკიცებული მორიგების პირობების დარღვევისთვის (ტ.1, ს.ფ 97); ე) კერძო აღმასრულებელი ვ. ო-ეის მიერ განხორციელებულ იქნა ... სააღსრულებო საქმეზე ქმედება - 2022 წლის 31 მაისის ...-004/002 გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნული გაფრთხილებით მოვალეებს - ზ. პ-ის და მ. პ-ის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის თანახმად წინადადება მიეცათ გაფრთხილების მიღების დღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ნებაყოფლობით მოეყვანათ სისრულეში სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა და გამოეთავისუფლებინათ უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ..., მიკრო/რაიონი ..., კორპუსი ..., ბინა ..., წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა იძულებითი გამოსახლება 2022 წლის 11 ივლისს 11:00 საათზე. აღნიშნული გაფრთხილება მოვალეებს - ზ. პ-ისა და მ. პ-ის ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა 2022 წლის 31 მაისს, რომელიც ჩაბარდა ზ. პ-ის 2022 წლის 2 ივნისს (ტ.1, ს.ფ 98-100, 101-102); ვ) 2022 წლის 8 ივლისს, ჯ. ჩ-ეის წარმომადგენელმა დ. კ-ემ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ვ. ო-ეს და მოითხოვა მოვალე ზ. პ-ის მიმართ იძულებითი გამოსახლების თარიღის (2022 წლის 11 ივლისი) გადადება 2022 წლის შემოდგომის პერიოდში (ტ.1, ს.ფ 103); ზ) 2022 წლის 21 ოქტომბრის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს №4867 ბრძანების (სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე) თანახმად, გაუქმდა ვ. ო-ეის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია და მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების აღსრულების გაგრძელების უზრუნველყოფა დაევალა აღსრულების ეროვნულ ბიუროს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (ტ.1, ს.ფ 118).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს კერძო აღმასრულებელ ვ. ო-ეის მიერ 2022 წლის 31 მაისის №...-004/002 სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე მიღებული გაფრთხილების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს (1-ლი მუხლი).
ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.
მითითებული კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
საქმეზე დადგენილია, რომ 2022 წლის 27 მაისს, ჯ. ჩ-ეის წარმომადგენელმა დ. კ-ემ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ვ. ო-ეს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელში მითითებული ფართის გამოთავისუფლება, მოვალის მიერ დამტკიცებული მორიგების პირობების დარღვევისთვის.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის III2 ეხება კერძო აღმასრულებელს. აღნიშნული კანონის 146 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის 147 მუხლის მიხედვით, (1) კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით; (3) კერძო აღმასრულებელი აღსრულებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირები და თუ სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა არ აღემატება 500 000 ლარს.
ზემოაღნიშნული კანონის 84-ე მუხლი არეგულირებს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საკითხს, კერძოდ, (1) სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას; (3) აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აბარებს მოვალეს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება: ა) გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა – 10 კალენდარული დღე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელების შესახებ; გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) მის დაუსწრებლად, იძულების წესით განხორციელების შესახებ; დ) იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კერძო აღმასრულებელი ვ. ო-ეის მიერ განხორციელებულ იქნა ... სააღსრულებო საქმეზე ქმედება - 2022 წლის 31 მაისის ...-004/002 გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნული გაფრთხილებით მოვალეებს - ზ. პ-ის და მ. პ-ის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წინადადება მიეცათ გაფრთხილების მიღების დღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ნებაყოფლობით მოეყვანათ სისრულეში სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა და გამოეთავისუფლებინათ უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ..., მიკრო/რაიონი ..., კორპუსი ..., ბინა ..., წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა იძულებითი გამოსახლება 2022 წლის 11 ივლისს 11:00 საათზე. აღნიშნული გაფრთხილება მოვალეებს - ზ. პ-ისა და მ. პ-ის ფოსტის მეშვეობით გაეგზავნათ 2022 წლის 31 მაისს, რომელიც ჩაბარდა ზ. პ-ის 2022 წლის 2 ივნისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო აღმასრულებლის ვ. ო-ეის მიერ 2022 წლის 31 მაისს გამოცემული გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე შედგენილი იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. აღნიშნული გაფრთხილება შეიცავდა მითითებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის 10 კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს აღნიშნული ქმედების უკანონოდ ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას. მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. პ-ისა და მ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. ზ. პ-ისა (პ/ნ ...) და მ. პ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე 26.04.2024წ. №21580590754 საგადახდო დავალებით ს. თ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
თ. ოქროპირიძე
ბ. სტურუა